ფოთი ნიკო ნიკოლაძის მმართველობის დროს

 

ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს  ქ. ქუთაისში. ნიკო ნიკოლაძის მამა იაკობ ნიკოლაძე იმ დროს ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცოეთიდან.ნიკო ნიკოლაძემ 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილები ჟურნალ “ცისკარში”.1861 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში ხანმოკლე გამოდგა.სტუდენტთა დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ნ. ნიკოლაძ  დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს, მაგრამ მეამბოხე სულის ადამიანს ვერაფერი აშინებს.წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა გამოცემის თანამშრომელი და რედაქტორი.  1868 დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე “განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები, რისთვისაც ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც უცხო ენაზე დაიცვა დისერტაცია. 

 

ნიკო ნიკოლაძე ყველას აცვიფრებდა გაბედული გეგმებითა და პროექტებით. საინჟინრო-ეკონომიკური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალურობით. იგი არ ჩამოუვარდებოდა თავისი დროის დიდ მეცნიერებს – ტექნიკური პროგრესის მამამთავარი იყო საქართველოში.ნიკო ნიკოლაძემ მილიონერ ინჟინერ პალაშკოვთან ერთად 1867-1874 წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში. იგი  ამისთვის დაჯილდოვდა ოქროს ჟეტონით, რომელიც უფლებას აძლევდა, უფასოდ ემოგზაურა რუსეთის ნებისმიერი რკინიგზით.

 

1884-1886 წლებში ნიკო ნიკოლაძე აქტიურად მონაწილეობდა სურამის გვირაბის პროექტის დამუშავებასა და განხორციელებაში, რომლის დროსაც რკინაბეტონის დიდი სამუშაოები შესრულდა. მან მთავარი როლი შეასრულა თბილისის მუნიციპალურ მშენებლობაშიც. 1885-1893 წლებში ნიკო ნიკოლაძემ ააგო ავჭალის წყალსადენი, ხელი შეუწყო ცხენიანი ტრამვაის ("კონკის") ორგანიზაციას,თბილისის ზღვის დაპროექტებას,  აბანოების რეკონსტრუქციასა და სხვა უამრავ მამულიშვილურ საქმეს.

 

ნიკო ნიკოლაძე 1894-1912 წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად. მთელი ოცი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ქალაქ ფოთს. მოსახლეობამ იგი ამ თანამდებობაზე ზედიზედ 5-ჯერ ოთხ-ოთხი წლის ვადით აირჩია. მისი ხელმძღვანელობით ჭაობიანი პატარა ფოთი  მოკლე დროში დიდი პერსპექტივების მქონე ქალაქად გადაიქცა. თავდაპირველად ნიკო ნიკოლაძემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ნავსადგურის გაფართოებას და მისი კეთილმოწყობის საქმეს.საკითხი მთავრობის წინაშე დასვა და ნებართვა 1897 წელს მიიღო. მრავალი წლის დაძაბული მუშაობის შედეგად მისი ინიციატივით  დაწყებული ფოთის ნავსადგურის  გაფართოება  და კეთილმოწყობა 1907 წლის დამდეგს დასრულდა.  

 

ნ. ნიკოლაძის მიერ შემუშავებული პროექტით 1901 წელს ქალაქის საბჭომ განიხილა და დაამტკიცა ფოთის მშენებლობის გეგმა .ამ გეგმის საფუძველზე 1902 წლის დამდეგიდან ფართოდ გაჩაღდა კომუნალური მშენებლობა. ქუჩები ჭადრაკული წესით დაიგეგმა.კოლხური კულტურის მუზეუმის  დირექტორის , ელენე გაბლიანი თქმით, ფოთი ერთადერთი ძველი ქალაქია საქართველოში, რომელიც წინასწარი დაგეგმვით გაშენდა. ფოთის ქუჩათა  დაგეგმარება ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან გადმოიღო.მთავარ მოედანს, რომლის ცენტრშიც აია-სოფიას ტიპის ტაძარი დგას, ქალაქის თორმეტი ქუჩა უერთდება. 1902-1905 წლებში გაყვანილიქნა განიერი სწორი გზები, რომლებსაც 1906-1908 წლებში გაუკეთდა ქვაფენილი.

 

1896 წელს ფოთში საფუძველი ჩაეყარა პირველ სამკურნალო დაწესებულებას. 1897 წელს დაიწყო მდინარე რიონის ხიდის (105 საჟენი სიგრძის) მშენებლობა. გარდა ამისა, ნიკოლაძის ინიციატივით ფოთში სამი ხიდი აიგო, ორი მდინარე რიონზე, რომლებიც ქალაქსა და დიდ კუნძულს ნავსადგურთან აერთებდა და ერთი მალთაყვაზე, რომელიც ფოთს გურიასთან აკავშირებდა.მდინარე რიონის ორივე ტოტის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე გაყვანილიქნა ქვისა და ხის ჯებირები , რომლითაც ქალაქის ტერიტორია დაცული იყო მოსალოდნელი წყალდიდობებისგან. ჭაობების დაშრობის მიზნით ქალაქსა და მის განაპირა უბნებში გაიყვანეს წყალსაწრეტი არხები .

 

ასევე 1897 წელს ფოთში აშენდა სატელეფონო სადგური. 1901 წელს კი შედგენილი იქნა ქალაქის განაშენიანების გეგმა. ქალაქის მოსახლეობა ამ პერიოდში 8071 სულამდე გაიზარდა.

 

შენობა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკს წარმოადგენს, ამჟამად ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ქალაქის თავი, ნიკო ნიკოლაძე თავისი მოღვაწეობის პერიოდში, აღნიშნულ კოშკში ცხოვრობდა, მანამდე კი, იქ  თურქების მიერ აშნებული ციხესიმაგრე იყო.ისტორიული წყაროების მიხედვით, 1870 წელს თურქეთისაგან განთავისუფლების შემდეგ, ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს.შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი, რომელიც კონუსისებრი ხის შპილით მთავრდებოდა.1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სარეთულზე განთავსებულია მექანიკური საათი რომელიც 1870 წელსაა დამზადებული, ნიკო ნიკოლაძემ  პარიზიდან ჩამოიტანა.

 

1908 წელს პირველად განხორციელდა ქალაქ ფოთის ელექტროფიკაცია.  განათდა ნავსადგური და რკინიგზა.  

 

1897-1912 წლებში ნ. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ქალაქის ტერიტორიაზე აიგო 20-ზე მეტი კაპიტალური სახლი, რომლებშიც განთავსდა სახელმწიფო დაწესებულებები და სავაჭრო მაღაზიები. ნავსადგურისა და რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე აშენდა მუშათა საცხოვრებელი ბინები.   დახავსებულ სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლის  და  ხის სახლების  ნაცვლად,  ლამაზი აგურის  ორსართულიანი შენობები აიგო, რომელსაც მხარს უმშვენებენ ახლად დაარსებული ქალებისა  და  ვაჟების  გიმნაზიის ქვის შენობები და  სხვა  სკოლები. ასევე საავადმყოფოსა და  საქალაქო ბიბლიოთეკის შენობები. გაკეთდა  ელექტროსადგური. მოეწყო დახურული ბაზარი, ბულვარი . დაირგო ათეულობით  წიწვიანი , დეკორაციული და ფოთლოვანი მცენარე. 

 

1895 წლის 17 ივნისს რუსეთის იმპერატორმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა ნიკო ნიკოლაძეს დაევალა, რომელსაც ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება განუზრახავს. სათანადო პროექტიც შექმნილა. თუმცა, როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა. ტაძარი 2000 მლოცველზე იყო გათვალისწინებული.1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა.1907 წლის 22 მაისს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. მისი მშენებლობა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.ტაძარი ქალაქის ნაგებობათაგან ერთ-ერთი ულამაზესი შენობა იყო. 

ნიკო ნიკოლაძის ქალაქის თავად მოღვაწეობის პერიოდში მისი დაუღალავი ენერგიითა და უშუალო მონაწილეობით ფოთმა მიიღო ქალაქის ნამდვილი სახე და კულტურულ-ეკონომიური აღორძინების გზას დაადგა. 1928 წლის 1 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა “ორი საუკუნის ადამიანი”, “უკანასკნელი მოჰიკანი” ნიკო ნიკოლაძე, რომლის ნეშტი 5 აპრილს  მთაწმინდის მიწას მიაბარეს

 

ალექსანდრე მიქავა "ფოთი"
Powered by  Jumpstart Georgia