ფოტო: © "სამხრეთის კარიბჭე"
პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება სამცხე–ჯავახეთში


სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ხუთში, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველი გუნდის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ბორჯომში, კი, „ოცნების“ კანდიდატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს მხოლოდ 24 ხმით მოუგო და აქ მეორე ტური გაიმართება.

რაც შეეხება საკრებულოებს, რეგიონის ექვსი საკრებულოდან, ხუთში უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს, ერთში, –  ბორჯომში კი, ოპოზიციას. ბორჯომში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულოც იქნება.

სამცხე–ჯავახეთი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში ერთადერთი ქალი მერი იქნება და ისიც, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. 

ფოტო: © "სამხრეთის კარიბჭე"


თვითმმართველი თემების მერები

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, ყველაზე მეტი ხმა ნინოწმინდაში მიიღო – 75.35%. ყველაზე ნაკლები კი ბორჯომში – 40.35%.

საინტერესოა ისიც, რომ სამცხე–ჯავახეთში, პირველ–მეორე ადგილებს, სამ მუნიციპალიტეტში – ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – „ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ორ მუნიციპალიტეტში – ახალციხესა და ადიგენში – „ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ და ერთ მუნიციპალიტეტში, ასპინძაში კი „ოცნება“ და დამოუკიდებელი კანდიდატი იყოფენ. 

 
არჩევნებში პირველ–მეორე ადგილებზე გასული კანდიდატები
  


საკრებულოები

 

სამცხე–ჯავახეთში, არჩევნებმა, საინტერესო შედეგები მოიტანა საკრებულოების არჩევნებშიც. რეგიონში, ექვსი საკრებულოდან ხუთში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს; ერთში, ბორჯომში კი, 28–წევრიან საკრებულოში, „ოცნებამ“ მხოლოდ 13 ადგილი მოიპოვა. 


რეგიონის ექვსი საკრებულოდან, ყველაზე მრავალპარტიულიც ბორჯომის საკრებულო იქნება – აქ ხუთი პარტია შედის; ადიგენში, ასპინძასა და ახალქალაქში, საკრებულოები ოთხი პარტიის წარმომადგენლით კომპლექტდება; და, ყველაზე ცოტა, სამ–სამი პარტია იქნება ახალციხესა და ნინოწმინდაში.


ოპოზიციური წევრებიდან, საკრებულოებში, ყველაზე მეტი წევრი ბორჯომს – 28–დან 15; ყველაზე ნაკლები კი ნინოწმინდას – 24–დან 2, ეყოლება; 5–5 ოპოზიციონერი ეყოლებათ ახალციხესა და ასპინძას და 7–7 ადიგენსა და ახალქალაქს.

 


პარტიების მიხედვით თუ გადავხედავთ,  როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული წესით, რეგიონში, ყველაზე მეტი დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსმა" გაიყვანა. მეორე და მესამე ადგილებს, "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" იყოფენ.

 

 

  • რეგიონში, ყველაზე დიდი ახალქალაქის (38 წევრი), ყველაზე მცირე კი ნინოწმინდის საკრებულოა (26 წევრი); 

  • რეგიონის ექვსი საკრებულოს 182 დეპუტატიდან, მხოლოდ 23–ია ქალი.

  • რაც შეეხება ეთნიკურ გადანაწილებას, 182 დეპუტატიდან 69 სომეხი ეროვნების, 113 კი ქართველი ეროვნებისაა.
ფოტო: © "სამხრეთის კარიბჭე"

საკრებულოების შემადგენლობა  

 

რეგიონის ექვსი საკრებულოდან, ხუთში, ფაქტობრივად, ერთპარტიული საკრებულო ჩამოყალიბდა. 

"არჩევნების პირველადი შედეგები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა. ეს ტენდენცია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს ყველა მთავრობას ახასიათებს და დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს", – ნათქვამია NDI-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში. 

თვითმმართველობის ექსპერტების აზრით, სამცხე–ჯავახეთში საკრებულოს მუშაობა განსაკუთრებით სანტერესო ბორჯომში იქნება. ეს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ქალაქია, სადაც  ექსპერტების ვარაუდით, გადაწყვეტილების მისაღებად, მმართველ  გუნდსა და  ოპოზიციურ ძალას კოალიციური შეთანხმება მოუწევს.

ფოტოზე ახალციხის ციხე / ფოტო: © Alexey Yurko
ახალციხეში 'ოცნების' 28 დეპუტატისთვის წინააღმდეგობის გაწევა 5 ოპოზიციონერს მოუწევს
ფოტოზე: ბორჯომის ცენტრალური პარკი / ფოტო: © CBW.ge
ბორჯომში წინადადების გასატანად ბრძოლა ოცნებას' მოუხდება, აქ მას 13, ოპოზიციას კი15 დეპუტატი ჰყავს
ფოტოზე: აბასთუმანი / ფოტო: © on.ge
'ოცნების' 23 დეპუტატს, 7 მოწინააღმდეგე ეყოლება ადიგენში
ფოტოზე: ხერთვისის ციხე / ფოტო: © tamartour.ru
22 / 5 - ზე, ასეთი თანაფარდობაა ასპინძის საკრებულოში
ფოტო: © The Telegraph
31 "ოცნებიდან" და 7 ოპოზიციიდან – ასეთია ძალთა გადანაწილება ახალქალაქში
ფოტოზე: საღამოს ტბა / ფოტო: © ბადრი ვადაჭკორია
ყველაზე ცუდი ვითარება, პარტიული შემადგენლობის კუთხით ნინოწმინდაშია, სადაც 26–დან მხოლოდ 2 დეპუტატია ოპოზიციიდან.

არჩევნების დღე  

განსხავებით საინეტერესო შედეგისგან, – ბორჯომისგან, არჩევნების დღეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, სამცხე–ჯავახეთში, ასპინძა იყო.

ასპინძაში, სადაც ერთმანეთს მოქმედი გამგებელი, დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან ცაბაძე და „ქართული ოცნებიდან“ საოლქო–კომისიის ყოფილითავმჯდომარე, როსტომ მაგრაქველიძე უპირისპირდებოდნენ, ხმაური საღამოს, „ქართული მარშის“ 30–მდე წევრისა და რაგბისტების ჩასვლამ გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ ლევან ცაბაძეს „ოცნება“ არჩევნებს უყალბებდა და ასპინძაში მისი ხმების დასაცავად ჩავიდნენ.

ამ ფაქტის გამო, ასპინძაში, იმ უბნებთან, სადაც „ქართული მარშის“ წევრები ტრიალებდნენ, სამართალდამცველების სიმრავლე იყო. დაბაში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმიც, მაგრამ, ასპინძაში არჩევნების დღე მშვიდად, გართულებების გარეშე დასრულდა.

 

ასპინძის მსგავსად, რომელმაც სრულიად ქართული მედიის ყურადღება, დღის მეორე ნახევარში მიიპყრო, არჩევნების დღეს, მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა ადიგენიც.

ადიგენში, განსაკუთრებული ხმაური, ერთ–ერთ სოფელთან დაბანაკებული სპეციალური დანიშნულების რაზმის სამი მანქანისა და 15–მდე სპეცრაზმელის გამოჩენამ გამოიწვია. მედიაში ფოტოს გავრცელებიდან მალევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპეცრაზმი კი არა, უსაფრთხოების მიზნით, პოლიციის დამატებითი ძალები იყო მობილიზებული.



 
მომავალ არჩევნებამდე

რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, დღის განმავლობაში, ძირითადად წვრილ–წვრილი პროცედურული დარღვევები ფიქსირდებოდა.

რეგიონის საოლქო–კომისიები არჩევნების დღეს შესულ საჩივრებს ამ დრომდე იხილავენ, თუმცა, საჩივრების უმეტესობა წვრილ დარღვევებს ეხება და ისინი არჩევნების შედეგებს, რომელიმე მუნიციპალიტეტში, არსებითად ვერ შეცვლიან.

სამცხე–ჯავახეთში, სადაც, ექვსიდან ერთ მუნიციპალიტეტს, ნინოწმინდას, ქალი მერი ჰყავს და სხვათაშორის, ეს ერთადერთი ქალი მერია საქართველოში, ახლა მთელი ყურადღება ბორჯომზეა, სადაც პირველ – მეორე ადგილებს შორის განსხვავება მხოლოდ 24 ხმაა.   

ფოტო: © "სამხრეთის კარიბჭე"
2017 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობა მეექვსედ აირჩიეს. მომავალი არჩევნები 4 წლის შემდეგ შედგება.
Powered by  Jumpstart Georgia