ფერეიდანი- პატარა საქართველო

     ირანში ქართველთა ნაკვალევზე, ცენტრალურ მთიანეთში, დაახლოებით 180 კილომეტრზე სეფიანთა ძველი სადახტო ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით , სადაც აღმართულია ბახთიარის მაღალი მთები, მდებარეობს სპარსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონი, რომელსაც ფერეიდანს ეძახიან.

     ხშირად ჩვენთვის, ასე ვთქვათ, გამოღმა მყოფებისთვის ფერეიდანი უფრო მეტაფორაა, ერთგვარი მხატვრული ხერხია, ისტორიული და ნახევრად ლეგენდარული ამბავი, ვიდრე კონკრეტული ადამიანებით დასახლებული, კონკრეტული გეოგრაფული წერტილი. დიანა  იხსენებს ფერეიდანს, მისთვის ფერეიდუნშაჰრის რაიონი იქ მცხოვრებ ქართველებთან და დროის კაფსულაში შენახულ ქართულ მეტყველებასთან ასოცირდება.

     ირანის შაჰმა აბას-I მა საქართველოდან აყრილი 200 000 ქართველი გადაასახლა და საკმაოდ დიდი ნაწილი ფერეიდანში დაასახლა.  ქართველების ფერეიდანში გადმოსახლება 1614 წელს დაიწყო და 1617 წლამდე გაგრძელდა. უკვე 402 წელია რაც ქართველების ისტორია არის სპარსეთში. დღეისათვის დაახლოებით 50 000 ქართველი ცხოვრობს ირანში, ქართველთა ნაკვალევზე, რომლებიც ინარჩუნებენ დაკარგულ სამშობლოსთან კავშირს და ცდილობენ თანამედროვე საქართველოსთან კიდევ უფრო მეტი საერთო გაიჩინონ.    

    ზოგისთვის ხმაა მნიშვნელოვანი ‒ დედის სიმღერა, მამის დინჯი, ბუბუნა საუბარი, ჭრიჭინების ხმებით სავსე ზაფხული, შემცივნებული ბეღურების ჭიკჭიკი და ზამთარი.

   ზოგისთვის ფერები ‒ რაღაცნაირი, სალათისფერი კედლები სკოლის დერეფანში, პირველი შეყვარებულის თაფლისფერი თვალები, პირველი სადიდო კაბა ‒ თეთრყვავილებიანი, ოდნავ პრიალა ნაჭრის… სუნი? სუნი როგორია? იქნებ პირველი ფაფის სუნი გახსოვთ, დედა გიმზადებდათ, ნაღებით და ოდნავ, სულ ოდნავ ვანილით. შვილის სუნი, კიდევ თავისუფლების სუნი, როცა გადმოცდიდან გამოდიხარ, ადრიანი გაზაფხულია და უნივერსიტეტის ბაღში რომელიღაც ხე გიჟივით ყვავილობს.

   შეხება, ოო, შეხება ‒ კანი, ზედაპირი, ბალახი, ხის ქერქი, დედის ხელი, რაღაცნაირი, ამობურცული შპალერი ბავშვის საწოლთან.   ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ჩემი მეხსიერებაა,  მაგრამ მთავარი მეხსიერების  წიაღებში დაკარგული განძი ‒ ეს არის სამშობლო. დაკარგული, ისევ თავიდან აღმოჩენილი, ერთი, პატარა, გაცრეცილი ბამბის ძაფი, რომელიც ამ და იმ სამშობლოს შორისაა გაჭიმული, რომელზეც სიზმრებში თვალდახუჭული დადიხარ, როგორც ცისარტყელაზე, ქვეშ გაძრომა რომ სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს, როდესაც ფიქრობ სიზმარს რომ ხედავ ისიც ქართულია.

     ფერეიდანზე მინდა გიამბოთ იწყებს დიანა და ყელში ბურთი ეჩხირება, ჭიქით წყალი ტუჩებთან მიაქვს და ცოტა ეღვრება , აღვრემილი თვალებით, რომელიც ათას ტკივილს იტევს შემომცქერის, ოდნავ ტუჩის გვერდით ნაოჭი ეხსნება და იღიმის, ხო ფერეიდანზე მინდა გიამბოთ იწყებს, ფერეიდანში ახლა ქართველების მე-17 თაობა იბადება. მშობლიური ენა და საქართველოს სიყვარული შევინარჩუნეთ,  მარტყოფში  ერთი დიდი ლოდი იყო, რომელსაც ქართველები "ამაღლობის ქვას" ვეძახდით. იქ ვიკრიბებოდით და ქვაზე სანთლებს ვანთებდით. პატარა ქვებს ლოდზე ვაკრავდით და თუ არ ჩამოვარდებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ რასაც ჩავიფიქრებდით, აგვისრულდებოდა. ზოგი სამშობლოში დაბრუნებას ნატრობდა, ზოგი - სიყვარულს.  სამშობლო მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში იყო აქაურობაზე წარმოდგენა მხოლოდ ფოტოებით, ფილმებიდან მქონდა შექმნილი. როცა ჩამოვედი, უფრო კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. პირველ დღეს საზღვრიდან რომ შემოვედი, იმდენად მიხაროდა, არ ვიცი, ის ემოცია როგორ გადმოგცე. ქართველების სითბომ მომხიბლა. ეს მთავარია, მე ეს სითბო ირანში არ მიგრძნია. გენეტიკა და სისხლი თავისას არ იშლის.

       სამშობლო ბავშვობიდან მიყვარდა. ფერეიდანში იმ განცდით გავიზარდე, რომ ოდესმე ჩემი წინაპრების ოცნება ამისრულდებოდა და სამშობლოში დავბრუნდებოდი.

      ფერეიდანს რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. მთიანი ადგილია, უცხო ტომებისგან მოშორებული. ჩვენ იქ სულ ქართულად ვლაპარაკობდით. ვიდრე სკოლაში შევიდოდი, სპარსული არც კი ვიცოდი. უფროსები გვიამბობდნენ: საუკუნეების წინ ქართველები ირანში იძულებით გადმოგვასახლეს. ვინც ცისარტყელაში გაძვრება, ის სამშობლოში დაბრუნდებაო. ცისარტყელაში როგორ უნდა გაძვრე? ეს ხომ ოცნებაა, შეუძლებელია...  

 

   ფერეიდანში ახალი წელი 21 მარტს დგება. ახალი წლის ღამეს, ახალგაზრდა ბიჭები სახლების სახურავებზე ადიოდნენ, აქონდათ საჩუქარი, რომელსაც თოკს მოაბამდნენ და სახლის აივანზე ან ფანჯარასთან ჩაუშვებდნენ. ასე ირანში არსად აკეთებდნენ, მხოლოდ ფერეიდნელი ქართველების ჩვეულება იყო. ოჯახში არ შედიოდნენ. მასპინძლებს მათი სახე არ უნდა დაენახათ. ვიდრე დაღამდებოდა, პატარა ბიჭები სახლებში დადიოდნენ ნაცნობებთან, უცნობებთან და ტკბილეულს ვჩუქნიდით. ნაძვის ხე არ გვქონდა. გაზაფხულზე ბუნება ხომ იღვიძებს, ირანში ახალი წლის ათვლასაც აქედან იწყებენ.

      

ჰერეთი დღეს

        მარიამი ერთ-ერთი ფერეიდნელია, რომლის ყველაზე დიდი ტკივილი საქართველოში მცხოვრებ ქართველთა დამოკიდებულება აღმოჩნდა მის მიმართ, რომლებიც ,,თათრებსა” და ,,ურჯულოებს” უწოდებენ ჰერეთის ქართულ მოსახლეობას.

   -როდის გააცნობიერეთ პირველად, რომ თქვენი ქართული სოფელი  არ იყო საქართველოს შემადგენლობაში

ეგ დღე დღევანდელი დღესავით მახსოვს… მესამე კლასში ვიყავი, მამასთან ერთად თბილისიდან მოვდიოდით, მაშინ საზღვრების მოწესრიგება ახალი დაწყებული იყო და საბუთებს ხან ითხოვდნენ, ხან – არა, დაბადების მოწმობა მქონდა, მაგრამ მინდობილობა – არა რომელსაც ახლა ითხოვენ, როცა ერთ-ერთ მშობელს საზღვარგარეთ მიჰყავს ბავშვი, ამის გამო პრობლემები შეგვექმნა… წასვლისას არ გავუფრთხილებივართ, რომ მსგავსი საბუთი იყო საჭირო და დაბრუნებისას გვეუბნებიან – „ვერ გაგატარებთ, საბუთი გჭირდებათ“. წარმოიდგინეთ, სულ ის მესმოდა, რომ მიწა, სადაც ვიზრდებოდი, იყო საქართველო და ერთ დღესაც სახლში ვერ ვბრუნდები მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოდან საქართველოში შემოსასვლელად საბუთი მჭირდება… გაბრაზებული ვიყავი, ძალიან გაბრაზებული… ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი და მახრჩობდა… მაგრამ ის ბრაზი ახლა გულისტკივილში გადაიზარდა, მივხვდი, რომ მაშინ ის მესაზღვრეები დამნაშავენი არ იყვნენ, რომ ჩვენს საზღვრებს მიღმა აღმოჩენაში ყველაზე დიდი წვლილი ქართველებს მიუძღვოდათ, რომ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებენ და რომ მეც ბევრი არაფერი შემიძლია… ახლა კი ხშირად გულისტკივილი მახრჩობს…

    -რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება საქართველოში და არა აზერბაიჯანში.

პირველ კლასში რომ მივდიოდი, მასწავლებელი გამეხუმრა, აზერბაიჯანულ სექტორში ჩაგწერე და ვეღარ შევცვლი, აზერბაიჯანულად უნდა ისწავლოო, ერთი საათი ვტიროდი და მხოლოდ ერთს გავიძახოდი – მე ქართულად უნდა ვისწავლო არ მინდა აზერბაიჯანული-მეთქი. ვერ მაჩუმებდნენ, სანამ ჟურნალში ლამაზი ქართული ასოებით დაწერილი ჩემი სახელი და გვარი არ მაჩვენეს… მაშინვე ვიცოდი რომ სწავლას მხოლოდ საქართველოში გავაგრძელებდი და სხვაგან – არსად…

   -პირველი შთაბეჭდილება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისას გქონდათ და გაგიჭირდათ თუ არა ადაპტირება აქაურ გარემოსთან

ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ეს ვიზიტები მცირეხნიანი იყო. სასწავლებლად რომ ჩამოვედი, პირველად მაშინ მომეცა საქართველოს სრული სახის დანახვის საშუალება… დიდად არ განსხვავდებოდა იმისგან, რაც ჩემს წარმოდგენებში ცოცხლობდა… ერთადერთი, რაზეც გული დამწყდა, ყოველ ნაბიჯზე დედის გინების გაგონება იყო… მე წიგნებიდან და ისტორიიდან როგორ საქართველოსაც ვიცნობდი, ისეთი არ დამხვდა – იქ ქალის მანდილს ომის შეჩერება შეეძლო და ამ საქართველოში კი ასე უდიერად ექცევიან ქალებს… შეგუება არ გამჭირვებია, რადგან ადათ-წესები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან… სამზარეულოც ერთნაირი გვაქვს… ცოტა ლაპარაკი მიჭირდა, სალიტერატურო ენა და დღევანდელი სალაპარაკო ენა ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან და ორი სამი თვე ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, ვაითუ რაღაც არასწორად მეთქვა…

   -ვინ ან რამ შეგაყვარათ საქართველო?

ის გრძნობა რასაც საქართველოს სიყვარული ჰქვია ჩემში დაბადებიდან იყო და კონკრეტულ მოვლენასთან ან ადამიანთან არ ყოფილა დაკავშირებული… როგორც მშობლები გიყვარს დაბადებიდან და ვერ იტყვი ვინ ან რამ შეგაყვარა მშობლები, ასეა სამშობლოს სიყვარულიც… მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, პაპა ისტორიკოსი მყავდა, ბებია -ფილოლოგი და მათ შემაყვარეს საქართველოს ისტორია და ქართული ენა… საქართველო კი… საქართველო სულ მიყვარდა და მიყვარს…

 -რას აპირებთ მომავალში და სად წარმოგიდგენიათ თავი?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტში… მუშაობასაც ამ სფეროში დავიწყებ და ქართველი ხალხის სამსახურში, ქართველების ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვიქნები…

   -როგორც ვიცი, ჰერეთში ქართულ ტრადიციებს იცავენ და ქართულ -ქრისტიანულ დღესასწაულებს აღნიშნავენ

ჰერეთში სამი რაიონია, სადაც ქართული სოფლებია, აქედან ერთ რაიონში ქრისტიანი ქართველები ცხოვრობენ და ისინი ქრისტიანულ დღესასწაულებსაც აღნიშნავენ, ორ რაიონში კი მუსლიმანი ქართველები ცხოვრობენ, მართალია, ქართული ტრადიციები აქვთ შემონახული, მაგრამ ქრისტიანული დღესასწაულები არ აღინიშნება…

    -რაზ ეგწყდებათ გული ყველაზემეტად?

ქართველები ივიწყებენ თავიანთ თანაფესვებს, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო საქართველოს საზღვრებს მიღმა აღმოჩნდნენ და ხშირად საქართველოში ჩამოსულებს ქართველებადაც არ ღებულობენ… ასე არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ ვიცით ჩვენი საქართველო სად არის, გვიყვარს ის და ქართველებმა, მართალია ჩვენს სიყვარულს ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდნენ, ვინ ვართ და სად ვართ ჩვენ…

  -რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება?

ეს არც უნდა გეკითხათ… რა თქმა უნდა, გამთლიანებულ და აღორძინებულ საქართველოში ცხოვრება…

-გაგვაცანით ჰერულიყოფა, რაგინდათ, რომ იცოდნენ აქაურმა ქართველებმა თქვენ შესახებ?

ჩვენც ქართველები ვართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საზღვრებს მიღმა ვცხოვრობთ… როცა ლაპარაკს ვიწყებთ, პირველი სიტყვა არის „დედა“; როცა გვწყურია, ვითხოვთ „წყალს“ და როცა გვშია – „პურს“… სწავლას „აი-ია“-თი ვიწყებთ, „ვეფხისტყაოსნით“ ვაგრძელებთ… ჩვენც ქართველები ვართ, როგორც ზაზა ჰერელი თავის ლექსში ამბობს: „ალაზნის მიღმა, გასხვისებულ საქართველოში“…

  -როგორი გრძნობაა, იყო ჰერელი ქართველი

სიამაყის… ამაყი ვარ იმით რომ ვარ იმ წინაპრების შთამომავალი, რომელთაც საქართველოს საზღვრებს მიღმა შემოგვინახეს ქართული ენა, ტრადიციები, საქართველოს სიყვარული… შეეძლოთ საქართველოში გაქცევა, მაგრამ მაინც არ მიატოვეს მშობლიური კერა, თავიანთ მიწაზე დარჩნენ და სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ მას…

  მარიამი

 

        ფერეიდნელებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ მათი მეტყველება. “დედის ენა”, ასე ეძახიან ფერეიდნელები ქართულ ანუ მშობლიურ ენას. 400 წელი გავიდა, ქართული ენა შემოინახეს და დღესაც ამ ენაზე ლაპარაკობენ, ეთაყვანებიან და უფრთხილდებიან. ამ ხნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული ანბანი, რომელსაც სუფრაზე, ხალიჩაზე ან ტანსაცმელზე ამოქარგავდნენ ხოლმე და ორნამენტებს ეძახდნენ, ირანელებს რომ ეჭვი არ აეღოთ, დღესდღეობით ფერეიდანსა და საქართველოს შორის ძირითადი დამაკავშირებელი სწორედ ენაა. ენის შენახვასთან ერთად მათ შეინახეს ქართველობაც, რადგან ეროვნება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმით, თუ რომელი ენით აგებულ სამყაროში ცხოვრობ. ენა მოიცავს ისტორიას, ეროვნებას, მენტალიტეტს. სწორედ ენის გამო დათმეს ფერეიდნელებმა რელიგია. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, დღეს აღარ ერქმეოდათ ქართველები და ალბათ აღარც მართლმადიდებლები იქნებოდნენ. ენამ შეუნახა მათ საქართველო და ერთმანეთი. რადგან ენა აერთიანებს ერს, რელიგია კი ინდივიდუალურია. აკი თვითონ ფერეიდნელებიც ამბობენ – “ჩვენი ენა ჩვენი ვინაობააო”. 

     

           ქართული ანბანით მოქარგული ფერეიდნული სუფრა

ირანელი “გურჯები” ამაყობენ ისპაჰაანში ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აგებული 33 თაღიანი ხიდით. ამბობენ 33 თაღი ქართული ანბანის 33 ასოს აღნიშნავსო. ეს ალბათ უბრალოდ ლეგენდაა, რადგან ხიდის აგებისას ქართულში 38 ასო იყო, მაგრამ ფერეიდანში ასე სჯერათ. 

       

XX საუკუნის დასაწყისში ქართველ თანამოძმეთა დახმარებით ფერეიდნელებმა მიიღეს ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. დღესდღეობით ფერეიდანში არსებობს ქართული ენის შემსწავლელი სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათლების მიღება, 14 აპრილს, საიდ მოლიანის ხელმძღვანელობით, იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ყრილობა, სადაც ფერეიდნელები კითხულობენ ლექსებს, მღერიან, საუბრობენ საქართველოზე.  

       14

  

ფერეიდნელების ქართული სიმღერა ირანულ ტელევიზიაში
ფერეიდნელი ქართველები თბილისში ქართულ ენას სწავლობენ
Powered by  Jumpstart Georgia