ნათლობა - ბავშვთა უფლებების დარღვევა?!

      ,,აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა, მისატევებლად ცოდვათა“, - ნათქვამია სახარებაში და ხშირად, როდესაც ბავშვების ნათლობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს სიტყვები ხდება დავის საგანი.

     დიახ, მაშინ, როცა ადამიანთა ერთი ნაწილი ფიქრობს, 40 დღის მონათლოს საკუთარი შვილი თუ 2 წლის,  მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ნათლობა ბავშვის უფლებების აშკარა დარღვევაა.

ნათლობის რიტუალი
ნათლობის რიტუალი
ნათლობის რიტუალი

     თავისთავად ჩნდება უამრავი შეკითხვა: უნდა მისდიოს თუ არა ბავშვმა იმ აღმსარებლობას, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს, ხომ არ აჯობებს ადამიანმა ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტოს, როგორ წარმართავს საკუთარ რელიგიურ ცხოვრებას და მრავალი სხვა. 

 

     რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის ქვეყნებში არასრულწლოვანთა ნათლობა იკრძალებოდა. მიზეზად კი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა სახელდებოდა, რომელიც გულისხმობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას. ამ ამბავს საზოგადოებაში ძალიან დიდი ხმაურით შეხვდნენ, თუმცა , მოგვიანებით, Factchecker-მა დაადგინა, რომ ეს ინფორმაცია იყო გამოგონილი და არ შეესაბამებოდა სიმართლეს.  

 

რა საწინაააღმდეგო არგუმენტები აქვს ეკლესიას? ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარმა tbilisitoday-სთან საუბარში განაცხადა: ,,როგორ შეიძლება ვინმეს უფლებები ირღვეოდეს, მაშინ როდესაც მასზე გადადის სულიწმინდის მადლი და ადამიანს აქცევს ქრისტიანად და მას სულიწმინდის მადლი მფარველობს. ეს თანამედროვე სამყაროს ამიერგაგება არ შეუძლია, იმიტომ რომ არანაირ სულიერს არ სცნობს. ეკლესიაში ადამიანთა უფლებები არ ირღვევა. ,,აქ ყველას უფლება დაცულია და ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება, იმიტომ რომ ეკლესიის საიდუმლოებაზე ადამიანი, რომ ლაპარაკობდეს მინიმუმ ეკლესიის ოჯახის შვილი და ეკლესიის ცხოვრებაში, სწავლებასა და ტრადიციებში გაცნობიერებული მაინც უნდა იყოს. ევროკავშირის, ევროსაბჭოსა თუ საქართველოში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს არანაირი უფლება არ გააჩნიათ ისაუბრონ ეკლესიის იმ საიდუმლოებებზე, რომლებშიც ისინი სულიწმინდის მადლს არ აღიარებენ.”

       საზოგადოებრივ-რელიგიურ ინტერნეტჟურნალში (ამბიონი), იმის შესახებ, თუ როდის უნდა მოინათლოს ადამიანი, ძალიან ვრცელი სტატიაა გამოქვეყნებული. სადაც მამა დიონისე ამბობს: ,,თავდაპირველად ჩვილთა ნათლობას არავინ უარყოფდა, მაგრამ მაინც იშვიათად აღესრულებოდა. პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ძირითადად ზრდასრული და კარგად ჩამოყალიბებული ადამიანები ინათლებოდნენ. მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ისედაც წმიდაა, ანგელოზების დასშია. ამის მაგალითად კი   მაცხოვრის მოწოდება მოჰყავთ: ,,უკუეთუ არა მოიქცეთ, და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“(მათ.18:3).   მაშინ, საჭიროება ღვთის მადლის მიღებისა იმდენად არ იყო, რადგან ფიქრობდნენ, თვითონ ბავშვს კარგად უნდა გაეანალიზებინა, რა ნაბიჯს დგამდა და თვითშემეცნებით, საკუთარი სურვილით მისულიყო ნათლობამდე, რათა  ეს, ერთი მხრივ, არ ყოფილიყო უფლის ჩარევა მის თავისუფალ ნებაში და მეორე მხრივ, გააზრებით მიეღო მადლი ღვთისა, რადგან იყო შემთხვევები, როცა  მონათლული ბავშვი წარმართობას დაბრუნებიან და შესაბამისად, ხდებოდა სიწმიდის შებილწვა."

 

ქაშვეთის ტაძრის ერთ-ერთმა მოძღვარმა, ჩემთან საუბრისას, განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც არასრულწლოვანთა ნათლობას მათ უფლებების დარღვევად მიიჩნევენ, არ ფიქრობენ ბავშვის სულზე. ,,ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვი შეიძლება მოულოდნელად გარდაიცვალოს და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოუნათლავი ბავშვი აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც მან ეს ყველაფერი იცის და სჯერა? ცხადია, ბავშვი უნდა მონათლოს და ამაში ცუდი არაფერია, რადგან ეკლესია მხოლოდ სიყვარულს და სიკეთეს ქადაგებს."

    ამ საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულება ბავშვთა უფლებადამცველმა, ანა სუბელიანმაც, გამოხატა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარი შვილი მონათლა, დღევანდელი გადმოსახედიდან ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ბავშვს  ზრდასრულ ასაკში, თავად მიეღო გადაწყვეტილება.

 

ანა სუბელიანის პასუხი კითხვაზე - არღვევს თუ არა ნათლობა ბავშვთა უფლებებს.

     ჩემს კითხვაზე,  ძალიან ადრეულ ასაკში, მშობლების მიერ, ბავშვებისთვის მკაცრი რელიგიური დოგმების დაწესება, 7-8 წლის ასაკში ეკლესიაში იძულებით წაყვანა და აღსარების ჩაბარება, ხელს ხომ არ შეუშლის მომავალში ბავშვის განვითარებას, ბავშვთა ფსიქოლოგმა, დიმიტრი სიჭინავამ, ასეთი პასუხი გამცა:

     ,,ბავშვების უმეტესობა მოზარდობის ასაკში ყოფნისას მთლიანად მინდობილია მშობელს და იშვიათად გააჩნია ჩამოყალიბებული შეხედულებები. ამ ასაკში ბავშვი ხშირ შემთხვევაში მისი მეურვის, ამ შემთხვევაში, მშობლის გადაწყვეტილებებს პატივს სცემს, შესაბამისად მცირეწლოვანი ბავშვი ვერ იაზრებს აღსარების საიდუმლოს მნიშვნელობას და ამას იმიტომ აკეთებს, რომ დარწმუნებულია ასეა საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ 7 წლის ბავშვი ვერ ხვდება რელიგიის მნიშვნელობას, მას არც გააჩნია შინაგანი პროტესტი ამ საკითხის მიმართ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ ბავშვს ნეგატიური განწყობა არ აქვს ეკლესიაში სიარულსა და აღსარების ჩაბარებასთან დაკავშირებით. ამგვარი პრობლემები და წინააღმდეგობები უფრო მოგვიანებით, გარდატეხის ასაკში იჩენს თავს და ძირითადად 14 წლიდან იწყება. რაც შეეხება დოგმებს - ცხადია, თუ ბავშვი მკაცრი ზეწოლის ქვეშ იზრდება, შესაძლოა მას არ მიეცეს დამოუკიდებელი შეხედულებების ჩამოყალიბების საშუალება, რაც მომავალში დიდი ალბათობით მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ბავშვის ჩამოყალიბებაში."

ეს კი არის ერთ-ერთი სტუდენტის ისტორია, რომელსაც ზრდასრულ ასაკში რელიგიური მსოფლმხედველობა სრულიად შეეცვალა.

  საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით საზოგადოებრივი აზრი ორად არის გაყოფილი და  საბოლოო გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა მაინც მშობელს ეკისრება.

 

Powered by  Jumpstart Georgia