ნარკოპოლიტიკა საქართველოში

საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ არსებული პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე დისკუსია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 2017 წელს ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა და საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასა და მომხმარებელთა სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარებას ისახავს მიზნად.

სამართალდამცავები საქართველოში ყოველდღიურად ნარკოლოგიურ შემოწმებას ათეულობით ადამიანს უტარებენ. ამისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. ნარკოლოგები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ნარკოდამოკიდებული ადამიანები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს „რეპრესიული“ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC- ის წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის  აზრით, იმ ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ, რომლებსაც დაკავებისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდათ, სისხლის სამართლის კოდექსი უფრო ლიბერალური უნდა იყოს. ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გარდა ის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის ხარვეზებსა და არასამართლიანობაზეც საუბრობს.

იგი მიიჩნევს, რომ ეს კანონი კიდევ უფრო უარეს პირობებში აგდებს ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს მას შემდეგ, როცა ისინი ციხეებს ტოვებენ, რადგან სასჯელის ზომასთან ერთად მათ მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ავტომანქანის მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებას ართმევს, ეზღუდებათ საადვოკატო საქმიანობა, ეკრძალებათ პედაგოგიური საქმიანობის უფლება. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და ა.შ

კანონმდებლობის სხვა ნაწილები ასევე მიუთითებენ მის რეპრესიულობაზე, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ბერკეტი, რომელიც გააჩნია სასამართლოს და არის ავტომატური პროცესი, როდესაც ადამიანისთვის სასჯელის შეფარდება ხდება.-ამბობს ვერძეული.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2015 წელს გამოაქვეყნა ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი და ხაზი გაუსვა ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციის პროგრამების საჭიროებას. ამავე სტატიაში IDFI-მ გამოყო ის ძირეული პრობლემა, რაც ნარკოდანაშაულისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით არსებობს. კერძოდ, IDFI-მ მიუთითა, რომ არ არსებობს მცირე ოდენობის ზღვარი მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, რის გამოც მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის ფლობაც კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

ეს პრობლემები 2018 წლისთვისაც გადაუჭრელი რჩება. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, განვიხილოთ 2018 წლამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები, ნარკოტიკული საშუალებების ფლობის, გასაღებისა და მოხმარებისთვის სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხიმგებლობებთან დაკავშირებით. 

ნარკოპოლიტიკა საქართველოში-სოფო ვერძეული (EMC)
Powered by  Jumpstart Georgia