ნარჩენების მართვის პრობლემა და უკანონო ნაგავსაყრელები გურჯაანში

თვითნებურად  და უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელები- ეს საკითხი  გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს  დაბინძურება კანონით დასჯადია,  მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს  დასახლებული პუნქტებთან, გზებზე,   სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მიმდებარედ და ხევებში ყრის.

 

გურჯაანში თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში  გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა  ამბობს, რომ  ქალაქში ნაგვის ურნების ნაკლებობაა, სოფლებში კი საერთოდ არ არის , ამიტომ იძულებულები არიან  ნარჩენები ხევში და უკანონო ნაგავსაყრელებზე გადაყარონ. ეკოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

 

გამოკითხვა გურჯაანში

გურჯაანის მერის პირველი მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით დასუფთავების საკითხი   პრიორიტეტულია  და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისთვის თანხაც გამოიყოფა.  მისივე თქმით  პრობლემის  გადასაჭრელად მუშაობა უკვე დაიწყეს და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აპირებენ,  რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრლებთან სპეციალური ბუნკერები განათავსონ. სამომავლოდ კი მუნიციპალიტეტის  სოფლებში ნაგვის ურნებსაც განათავსებენ.

 

სიმონ ქოჩორაშვილი- გურჯაანის მერის პირველი მოადგილე

2015 წლიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციების თანახმად გარემოს დაბინძურება კანონით დასჯადია და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში დაყრა 50 -დან 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში  აცხადებენ, რომ  2019 წლისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში  ევროსტანდარტების შესაბამისი  რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, რაც საყოფაცხოვრებო  ნარჩენების პრობლემას  მეტნაკლებად მოაწესრიგებს.   მყარი ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ინფორმაციით  საქართველოს,  ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ვალდებულება აქვს,  რომ დასუფთავების პრობლემა 2019 წლამდე  მოაგვაროს.

 

Powered by  Jumpstart Georgia