N5 ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში 4 მსჯავრდებული ქალი შვილთან ერთად ცხოვრობს

N5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 2017 წლის 1 მარტის მონაცემებით, შვილთან ერთად 4 მსჯავრდებული ქალია განთავსებული და მათთვის სპეციალური საყოფაცხოვრებო პირობებია შექმნილი.

პეიტანციური დაწესებულების "დედათა და ბავშვთა სახლში" ინფრასტრუქტურა ბავშვთა საჭიროებებს შეესაბამება. არსებობს სასეირნო ეზო და დაწესებულების ბიბლიოთეკა.

ქალთა სპეციალური დაწესებულება ინდივიდუალური ოთახებითაა აღჭურვილი. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კედელზე გაკრულია საბავშვო შპალერი, ოთახები დედისა და ბავშვებისთვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. დაწესებულებაში მოწყობილია ბავშვებისთვის გასართობი ოთახი, ტელევიზიითა და დივიდი სისტემით, სადაც ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისად, მულტფილმების, ფილმებისა და გადაცემების ყურება შეუძლიათ. ასევე, ოთახები აღჭურვილია ჭურჭლითა და ინვენტარით, მათ შორის სარეცხი მანქანით. ბავშვთა ჰიგიენის დაცვის მიზნით, დედებს ყოველთვე ჰიგიენური საშუალებები მიეწოდებათ. დაწესებულებაში კვირაში ერთხელ ვიზიტს ექიმი-პედიატრი ახორციელებს, რომელიც დედებს კონსულტაციებს უწევს ბავშვის კვების რეჟიმისა და რაციონის შესახებ.

პატიმრობის კოდექსითა და N5 დაწესებულების დადგენილი წესით, დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, დედასთან შვილი 3 წლის ასაკამდე შეიძლება იზრდებოდეს.

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ ქალს, რომელსაც დაწესებულებაში 3 წლამდე ასაკის შვილი ჰყავდა, შესაძლებლობა მიეცემა უქმე და დასვენების დღეებში მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის მიზნით დაწესებულება დატოვოს.

Powered by  Jumpstart Georgia