უცნობი
მტკვარი საკანალიზაციო „ტყვეობაში“–მტკვარი განსაცდელშია
მტკვარი საკანალიზაციო „ტყვეობაში“–მტკვარი განსაცდელშია
მტკვარი მძიმე მდგომარეობაშია

მდინარე მტკვარში ყოველდღიურად საყოფაცხოვრებო ნივთები, ფეკალური მასები და სამშენებლო მასალები იყრება, არ ფუნქციონირებს სანიაღვრე კოლექტორები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მდინარის ფსკერი.

ეს მაშინ, როცა თურქეთიდან წამოსული მტკვარი ასპინძაში ჯერ კიდევ აბსოლუტურად სუფთაა, მას სასმელადაც იყენებენ. დედაქალაქში კი ის ბინძურდება. მტკვარში ჩამდინარე 10 ნაკადი გასაწმენდია. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება მტკვარს სანაოსნო ფუნქციაც მიენიჭოს და ქალაქის ცხოვრებაში რომანტიკოსთა საყვარელი მდინარე ჩაერთოს მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. 

თბილისი (BPI) – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით  მდინარეებისა და წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებად იქცა.

„მტკვარი ყარს“, „მტკვარს უნდა მივხედოთ“, „მტკვარი უნდა გაიწმინდოს“ – სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ საზოგადოების წევრების ეს ფრაზები არაერთხელ გაუჟღერებიათ, თუმცა ვითარება მკვეთრად არ გაუმჯობესებულა. მტკვარმა დღეს დაკარგა ის სოციალური და კულტურული ღირებულება, რასაც წინა საუკუნეებში ქალაქის ცხოვრებაში ასრულებდა და არაფერი აკავშირებს არც იმ მდინარეებთან, რომელთაც, განვითარებულ ქვეყნებში, რეკრეაციული ფუნქციების გარდა, დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს.

არის თუ არა მდინარე მტკვარი დაბინძურებული? ”რა თქმა უნდა, არის! ” - ამბობენ ისინი, ვინც მტკვრის სისუფთავის პრობლემას იკვლევს. თუმცა საგანგებო მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ დაბინძურების პროცენტი დასაშვებ ნორმას არ აღემატება. არადა, ნებისმიერი გამვლელი ხედავს, როგორ ტივტივებს მტკვრის ზედაპირზე პლასტმასის ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნაგვის ნარჩენები, ზაფხულის დღეებში კი სუნი, რომელიც მდინარეს უდის, არაორაზროვნად მიუთითებს მის წარმომავლობაზე. მაშ, რაშია საქმე? რატომ არის, რომ საკმაოდ ავტორიტეტული მონიტორინგის მონაცემებით მტკვარი სუფთაა, რეალურად კი დაბინძურებული. ირკვევა, რომ საქმე, ”განზავების” პროცენტში ყოფილა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მდინარის დაბინძურების სხვადასხვა წყარო არსებობს, მტკვარი საკმაოდ წყალუხვი მდინარეა და წყალში ”განზავების” შედეგად, დაბინძურების პროცენტი გარკვეულ სტანდარტებში ჯდება. მაშ ასე, არის თუ არა მტკვარი დაბინძურებული? თუ არის, რა კეთდება რომ არ იყოს?

რაც არ უნდა დანაგვიანებული და ბინძური იყოს მტკვარი, მდინარიდან დანახული ხედები სულ სხვაგვარია, აქედან სულ სხვა თბილისს აღმოაჩეთ – 2015 წლის აგვისტოდან, თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეტეხის ხიდთან, მსურველებს მდინარე მტკვარზე ბორნით გასეირნების საშუალება აქვთ. ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული ბორანი, რომელზეც 40 ადამიანი თავსდება, მომხმარებელს თითქმის ერთსაათიან ექსკურსიას სთავაზობს, ერთი ადამიანისთვის ტურის ღირებულება 25 ლარია.

ასეთი სერვისით სარგებლობა არაერთ ქვეყანაშია შესაძლებელი და შესაბამისად, გასაკვირი იმაში, რომ ამ ტიპის მომსახურება თბილისშიც გვხვდება, არაფერია; მაგრამ სარისკოა ასეთი ბიზნესის წამოწყება, როცა ტურისტებს დაბინძურებული მდინარე და მტკვარში „მოცურავე“ უცნაური საგნები ხვდება თვალში.

„ზაფხულში აქ ვერ გაჩერდებით. ამ მონაკვეთზე ერთგვარი ყურე იქმნება და აქაური ტურისტული ზონა ნაგავსაყრელს მოგაგონებთ: ბოთლები, ნაგვისპარკები, პამპერსები, პრეზერვატივები, რას არ შეხვდებით. იმას მივაღწიეთ, რომ ამ მონაკვეთზე კანალიზაცია არ ჩაედინება, თუმცა სანიაღვრე სისტემებში მოხვედრილი ნაგავი აქ იყრის თავს, განსაკუთრებით წვიმის დროს. ტურისტებს  აინტერესებთ ძველი ქალაქი, მაგრამ როგორ გინდა აუხსნა, რატომაა მდინარე დაბინძურებული? გვერიდება და ამ ტერიტორიას ჩვენი ძალებით ვასუფთავებთ. მთლიანად მდინარე თუ არა, ტურისტული ზონა მაინც გაწმინდოს მერიამ?!“, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

მტკვარი განსაცდელშია – ვიდეოს ყურების შემდეგ გაიგებთ საზოგადოების აზრს დაბინზურებულ მტკვარზე

მტკვარი სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე, გაივლის საქართველოს და ჩაედინება აზერბაიჯანში, მინგეჩაურის წყალსაცავში. მდინარე ჩვენი ქვეყნის მთავარ არტერიას წარმოადგენს. ის სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად ბინძურდება. უარყოფითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქში. ამიტომ მისი დადგენა ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდეს.

ცნობილია, რომ მტკვარში ჩაედინება საკანალიზაციო სისტემა, რაც ხელს უწყობს წყლის დაბინძურებას და იქ არსებული ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში წყლის ბინადრები ვეღარ მოიპოვებენ ჟანგბადს–საკვებს და ამოწყდებიან. პატარ-პატარა საწარმოებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ დაბინძურებაში.

მტკვრის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებით, პოტენციური საფრთხე ექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მტკვრის წყალს (სასმელად, თევზჭერისთვის, ირიგაციული საჭიროებისთვის) იყენებენ.

მდინარის სისუფთავე, თავისთავად, დედაქალაქის პრესტიჟსაც უკავშირდება, რადგან თბილისში ასეთი დაბინძურებული და შეფერილობის წყალი არ უნდა მოედინებოდეს.

კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მტკვარში თევზის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რაც წყალში დასაშვებზე სამჯერ ნაკლები ჟანგბადითა და ნორმალურ ზღვარზე სამჯერ მეტი მარილის რაოდენობით არის გამოწვეული. აღნიშნულის მიზეზი კი, როგორც აღვნიშნეთ, მდინარის საქალაქო კანალიზაციებითა და სამრეწველო საწარმოების ნარჩენებით დაბინძურებაა, რისგანაც მტკვარს მდინარეში დამონტაჟებული ფილტრები ვერ იცავენ; მით უმეტეს, რომ ამათგან გამართულად მხოლოდ ერთი - თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე არსებული ფილტრი მუშაობს.

კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, საშუალოდ, ერთ სული მოსახლისთვის სამყოფი წყლის გამწმენდი ნაგებობის დაყენებას 450 ევრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის 1,5 მილიონიანი მოსახლეობის ახალი დანადგარებით უზრუნველყოფა დახლოებით 675 მილიონი ევრო დაჯდება. ასეთი ხარჯების გასაწევად კი საქართველოს მთავრობა მზად არ არის. გარემოს დაცვის სამინისტრომ 2007 წელს წყალაღება-წყალჩაშვებაზე ნებართვები გააუქმა. სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე კომპანია წყლის გარკვეული რაოდენობის გამოყენებაზე იღებდა ნებართვას, ფასდებოდა იმ მავნე ნივთიერებების რაოდენობა, რასაც იგი წყალში ჩაუშვებდა.

სურათებით მოგითხრობთ თუ რა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე ვდგვართ

Powered by  Jumpstart Georgia