მესხური დარბაზების ორი სიცოცხლე


ეს არის ამბავი იმის შესახებ, როგორ ინგრევა და ნადგურდება უნიკალური, სამ საუკუნოვანი მესხური დარბაზები ასპინძის სოფლებში. 

დანგრეული დარბაზების მიღმა რეგიონის დიდი ისტორია და ტრადიციები იმალება. ამ დარბაზების ნაწილს ახლა საქონლის სადგომად იყენებენ, ნაწილში კი ობობებს დაუდვიათ ბინა.

და ეს მაშინ, როცა დანგრეული დარბაზების კედლებსა და თაღებში, რეგიონის ისტორიასა და ტრადიციებთან ერთად, დიდი ტურისტული პოტენციალი იმალება...

 

ამ მასალაში ჩვენ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ახლა ასპინძის მესხური დარბაზები – მისტიური ადგილები სამცხე–ჯავახეთში, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალური გზიდან მარცხნივ ვუხვევთ და აღმართს მივუყვებით. რაც უფრო მაღლა ადიხარ, გზა უფრო და უფრო საშიში,ხედები კი ლამაზი ხდება. მალე სოფლის ჟანგმოკიდებული აბრა გხვდება და ყვითელლოდებიანი სოფლის ისტორიაც იწყება.

ეს სოფელი საროა

 სარო სამცხე–ჯავახეთში, ასპინძაში, ზღვის დონიდან 1 480 მეტრზე მდებარეობს. ჰორიზონტზე ჩამონგრეული, თითქმის მიწასთან გასწორებული მიწური სახლები ჩანს, ზოგი ისეა ბალახით დაფარული, ძნელია მიხვდე, რომ აქ ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს საროს ცნობილი მესხური დარბაზებია, ახლა უკვე მიტოვებული და მოუვლელი.

სოფელი სარო, ნასახლარი
ასპანიძეების დარბაზში შემორჩენილი ბუხარი, სოფელი სარო


ასპინძაში ყველაზე დიდი და გამორჩეული, სოფელ  საროში ასპანიძე–ფანასკერტელების დარბაზია. 

დარბაზული სახლი – ერდოიან-გვირგვინიანი ხალხური საცხოვრებელი სახლია. "დარბაზი" როგორც გლეხის საცხოვრებლის სახელწოდება წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნიდან გვხვდება. დარბაზულ სახლში ყველა საცხოვრებელი სამეურნეო სათავსი (დარბაზიოდაბოსელისაბძელისათონებეღელიმარანი და სხვა) ჰორიზონტალურად ყოფილა განლაგებული ერთ ჭერქვეშ. დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვაა. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა

კონსტრუქციული თავისებურების გამო ამგვარი ერდოიან-გვირგვინიანი ნაგებობა კარგად უძლებდა სეისმურ მოვლენებს. საქართველოს გარდა დარბაზული სახლი ფართოდ იყო გავრცელებული სომხეთსა და აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ფერეიდანში, ავღანეთსა და ინდოეთში. 

#1

საროში  82 წლის პავლე  ლონდარიძეს  გიდად იცნობენ. როცა სოფელში ტურისტები მიდიან მას ეძახიან და როგორც თვითონ ამბობს „სოფლურ ამბებს ყველას გადასცემს“. 

საროში, რომელიც 3500 წელს ითვლის, 200–ზე მეტი კომლიდან ახლა მხოლოდ 30–ია დარჩენილი.  სოფელში დღემდეა შემორჩენილი ათობით მესხური საცხოვრისი.  

#2


საროში საუკუნოვან ისტორიას 80 წელს მიღწეული ლენა და დურმიშხან ასპანიძეები აცოცხლებენ. 

ელენე და დურმიშხანი  დღემდე ძველ, დარბაზული ტიპის სახლში ცხოვრობენ. მესხურ ოდაში საპატიო ადგილს 74 წლის ელენეს მზითევი იკავებს. ამ მზითევს და ელენეს მოგონებას მამამთილთან ‘უმძრახობაზე’ ოჯახში ყველაზე მეტად უფრთხილდებიან.

ასპანიძეების ოდა სოფელ საროს შუაგულში დგას. ეს დარბაზული ტიპის სახლი ახლაც ისეთია, როგორიც ოდითგან, აშენების დროს ყოფილა. დღემდე ერთ მხარეს გომურია (საქონლის სადგომი), მეორე მხარეს კი საცხოვრებელი. 

დურმიშხანს და ელენეს 55 –წლიანი თანაცხოვრება აქვთ. მესხურ ოდაში ხუთი შვილი გაზარდეს, ოთხი ვაჟი და ერთი გოგო. მათთან არცერთი აღარ ცხოვრობს. 

ოდის დატოვება ცოლ–ქმარს არასოდეს უფიქრია. ამბობენ, რომ ოდაში გაზი შეიყვანეს, თუმცა ჯერ ისევ წივას წვავენ. საქვესა კი მაშინ იყენებენ დასაძინებლად,  როცა შვილები და შვილიშვილები სტუმრობენ. 


*წივა –  ოთხკუთხედად დაჭრილი გამხმარი ნაკელი, გამოიყენება საწვავად;
*საქვე – საწოლი ტახტი;

#3

ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ 64 მესხური საცხოვრისია. მათი ნაწილი 48 ნასოფლარზე, ასევე მოქმედ სოფლებშია გაბნეული.  მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  30 მესხურ სახლს 2012–2017 წლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქედან 11 – ვარგავში, რვა – ზემო თმოგვში, ოთხი – საროში, სამი – ქუნცაში, ორი – ნიჯგორში, ერთი –ტოლოშში, ერთი კი თოკშია განთავსებული. 

მიუხედავად ისტორიული ძეგლების სიმრავლისა, ტურისტული კომპანიების მარშრუტში არცერთი მათგანი არაა მითითებული.

ამის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ასევე  ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ და ამას იმით ხსნიან, რომ  „ჯერ–ჯერობით არცერთი მათგანი არაა რეაბილიტირებული“. 

 

 

საქათმე დარბაზში
პროდუქტის სათავსო
გვირაბში გასასვლელი მტრის შემოსევის დროს
ჩამონგრეული ჭერი

მესხური დარბაზების შესახებ ტურისტებისთვის რომ „ინფორმაციული ვაკუუმია“, ამაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის იმ ააიპ–შიც საუბრობენ, რომელიც ტურიზმის მიმართულებით მუშაობს.

„კომპანიებს არ აქვთ დატანილი მესხური დარბაზები თავიანთ ტურისტულ მარშრუტებში. ჩვენ რამდენიმე მათგანს გადავუგზავნეთ ჩვენს მიერ შედგენილი რუკები, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც არ ასახეს“, – ამბობს ისტორიკოსი, ააიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმის დირექტორი გიორგი ზაზაძე.

მისი თქმით, არც მათ ააიპ–შია იმხელა ადამიანური რესურსი, რომ რამდენიმე ტურისტულ ჯგუფებს ერთდროულად მოემსახურონ. თუმცა, ზაზაძე განსაკუთრებულ აქცენტს, მაინც მესხური საცხოვრისების მძიმე მდგომარეობაზე აკეთებს. მისი თქმით, ყოველდღე ნადგურდება ისტორიული სახლები.

#4


გიორგი ზაზაძის თქმით, მიმდინარე წელს სახელმწიფო გეგმავდა მათი რეაბილიტაციის დაწყებას, თუმცა, პრობლემა მესხური დარბაზების მესაკუთრეებმა შექმნეს: „არ უნდოდათ გაყიდვა. არადა როგორც ისტორიული ძეგლები სახელმწიფოს ბალანსზე უნდა გადასულიყო და შემდეგ დაწყებულიყო მათი რეაბილიტაცია“.

ასპინძის სოფლებში მესხური დარბაზების მესაკუთრეების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით მართლაც განსხვავებულია.

#5

შოთა ივანიძემ ზველში მამაპაპისეული მესხური დარბაზი 1980–იან წლებში დატოვა და ოჯახთან ერთად მეზობლად აშენებულ სახლში გადავიდა.მესხურ დარბაზს ახლა საქონლის სადგომად, საბძელად, საქათმედ და პროდუქტის სათავოსოდ იყენებს. 

მისგან განსხვავებით, არაფერში იყენებს ჭობარეთში ბებიის იულია ზედგინიძის გვირგვინიან მესხურ დარბაზს გელა ჯვარიძე. თუმცა, შოთა ივანიძისგან განსხვავებით, მის გასხვისებას არაფრის ფასად არ აპირებს, მეტიც, დარბაზის რეაბილიტაციას თავად გეგმავს. ახლა პროექტს ადგენს და მას სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაფინანსებლად წარადგენს. მომავალში კი აქ ეთნოგრაფიულ მუზეუმს გააკეთებს.

სახელმწიფო ამ დროისთვის ასპინძაში მესხური დარბაზების რეაბილიტაციას მხოლოდ სოფელ ჭაჭკარში, „ხერთვისი–ვარძია–ოლოდას პროექტის“ ფარგელბში გეგმავს. რაც შეეხება სხვა სოფლებს, ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადბენ, რომ „ეს შორეული პერსპექტივის საკითხია. მომავალი ორი წლის განმავლობაში სხვა სოფლებში მხოლოდ პროექტირებაზე შეიძლება დაიწყოს სამუშაოები“.

საროში კი ფიქრობენ, რომ მესხურ დარბაზებს შველა სასწრაფოდ სჭირდება, თორემ აქ ტურისტებს აღარ მოიყვანენ, რადგან მალე სანახავი აღარაფერი იქნება.

#6
Powered by  Jumpstart Georgia