მესხი მეღვინე


რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამბობს, რომ პატარა ქალაქებსა და მითუმეტეს, სოფლებში, საკუთარი თავისა და ადგილის პოვნა რთულია და უმეტესობა, ასეთ დროს, გამოსავალსა და ადგილს დედაქალაქში ეძებს. გზა ასეთია – სკოლა რეგიონში, უმაღლესი სასწავლებელი და სამსახური – თბილისში.

ასე, ნელ–ნელა, ახალგაზრდების უმეტესობა რეგიონებს ტოვებს.

თუმცა, ყველა ასე როდი იქცევა.

მათ შორის, ვინც საკუთარი საქმე მშობლიურ, პატარა, პროვინციულ ქალაქში იპოვა, ერთ–ერთი, 31 წლის გიორგი ნათენაძეა, – ახალგაზრდა მესხი მეღვინე, რომელსაც უკვე არამხოლოდ სამშობლო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთ, აღმოსალეთისა და ევროპის ქვეყნებშიც კარგად იცნობენ.

ამ ისტორიაში გიორგის გზაზე მოგვიყვებით. ეს არის ამბავი იმაზე, როგორ შეიძლება ოჯახის ტრადიციები შენს საყვარელ, თანაც მომგებიან საქმედ აქციო, ამავე დროს, ეს ბიზნესი ისტორიულ, რეგიონის ეკონომიკისა და ტურიზმისთვის სასიცოცხლო საქმედ იქცეს.


ამბავი N1 –  მესხური ვაზის ჯიშები



ჩვენი გმირის ისტორია მესხური ვაზის აღორძინებისა და მესხური ღვინის წარმოების ისტორიაა.

ვაზის უძველესი, მესხური ჯიშების მოძიება დაახლოებით 15 წლის წინ, 17 წლის, ახალსკოლადამთავრებულ გიორგის, მამამ შესთავაზა. მაშინ იფიქრა, რომ იდეა უტოპიური იყო, მაგრამ მამისთვის უარი არ უთქვამს, რეგიონის დატვებას სწავლის ახალციხეში გაგრძელება არჩია და მამასთან ერთად, ვაზის აღმოსაჩენად ნასახლარებსა და ნასოფლარებში სიარული დაიწყო. აღმოჩენილ ჯიშებს ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში იკვლევდა.

„დავდიოდი სოფლებსა თუ ნასოფლარებში, ძველ ციხეებში, ეკლესიებში, ტყეში  - ყველგან, სადაც შეიძლებოდა ვაზი ყოფილიყო ან არც ყოფილიყო... ფაქტობრივად, ამან ფანატიზმის სახე მიიღო. შინ ზოგჯერ ღამის 2-3 საათზე ვბრუნდებოდი. რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რამდენიმე ჯიშს ერთად ვაყენებდით“.

ამბობს, რომ ეს რთული და შრომატევადი წლები იყო, იყო იმედგაცრუებაც და დაღლაც: „იყო პერიოდი როდესაც ვფიქრობდი, რომ ეს ახალგაზრდისთვის არაპესპრქტიული იყო, თუმცა არ შევშინდი და ბრძოლა გავარგძელე“.

ერთ დღეს კი მიხვდა, რომ ვაზის სიყვარულით „მოიწამლა“.


ვაზის სიყვარულით „მოწამვლიდან“ 15 წლის შემდეგ, მის კოლექციაში 24 სახეობის მესხური ვაზის ჯიშია.  ყოველწლიურად, 1500 ბოთლ ღვინოს ასხამს.  ყველაფერს თვითონ აკეთებს – უვლის ვაზს, აყენებს ღვინოს, ასხმას ბოთლებში, ბეჭდავს ეტიკეტებს და ეძებს ბაზრებს, უკვე არამხოლოდ საქართველოში, ღვინის გასაყიდად.

 

ამბავი N2 – ხიზაბავრის ტერასები


მას შემდეგ, რაც მოძიებული სახეობების რიცხვი გაიზარდა, გადაწყვიტა, ვენახი დიდი ფართობზე გაეშენებინა, მაგალითად, ასპინძაში, ხიზაბავრის ტერასებზე. 

ტერასები ცალკე ისტორიაა.

სოფელ ხიზაბავრაში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. ტერასებზე, ვენახი უხსოვარი დროიდან იყო გაშენებული. ტერასებს ადგილობრივები "დარიჯებს" უწოდებდნენ. ესაა მთის ფერდობზე ნაშენი ქვის კედლები, რომლის შენება რელიეფური პირობებით არის განპირობებული. ტერასა იცავს მთის ფერდობებს ჩამორეცხვისაგან და ხელს უწყოს მებაღეობისა და მევენახეობის განითარებას.

დროთა განავლობაში, ამ ადგილს, ვენახები უწოდეს. ვენახები ზღვის დონიდან 1200-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობდა. სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს თავისი ”დარიჯი” ჰქონდა. იქვე იწურებოდა ყურძენი და აყენებდნენ ღვინოს. თითო კომლი სეზონზე 100-200 ბათმან ღვინოს წურავდა.

ხიზაბავრის ტერასების განადგურება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 1918-19 წლებში, თურქთა შემოსევების დროს, როცა ხიზაბავრელ ხალხს ორგზის მოუხდა გაქცევა-გახიზვნა და ყურადღება ვეღარ მიაქცია ვენახებს, ვაზი ისე გადახმა, რომ მისი გახარება ვეღარ შეძლეს.

ხიზაბავრის ტერასების აღდგენა თავდაპირველად, 2012 წელს, მაისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინციატივით დაიწყო. მაგრამ, ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ტერასების აღდგენა უვადოდ შეჩერდა.


გიორგის ადგილი და იდეა მოსწონდა, მაგრამ, საქმეს ფინანსები სჭირდებოდა, რაც მას არ ჰქონდა, ამიტომ, ინვესტორების ძიება დაიწყო.

ისტორიული ტერასების აღდგენას საფუძველი 2015 წელს, პარტნიორების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხარში დგომის შედეგად ჩაეყარა.

მესხური ღვინისადმი დაინტერესებამ შედეგი გამოიღო, ახალგაზრდა მეღვინემ თანამოზარეებთან ერთად ხელისუფლებისგან აღებული ვალდებულება 4 წლის ნაცვლად 2 წელიწადში შეასრულა. ამ დროისთვის შპს „მესხურ ტერასებზე“ 500 000 ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

საქმის დაწყებიდან ორ წელიწადში, 23 ჰექტარიდან 12 ჰექტარი უკვე აღდგენილია, – ტერასები არის გამზადებული ვაზის დასარგავად, ვაზი კი ჯერ 5 ჰექტარზეა დარგული, – 9 000 ძირი. აქ ყოველდღიურად 29–მდე მუშა მესხურ ვაზებს განსაკუთრებულად უვლის. უცვლიან ჭიგოებს, უფხვიერებენ ნიადაგს და რწყავენ.


მესხურ ტერასებზე 24 ჯიშია გაშენებული, მათ შორის: მესხური მწვანე, ახალციხური თეთრი, ჩიტისთვალა თეთრი, ცხენის ძუძუ თეთრი, კლერტმაგარა, ხიხვი, სამარიობო, თამარის ვაზი.

გიორგი პირველ მოსავალს მომავალ წელს მიიღებს, წელს ვაზს, იმისათვის რომ გაძლიერებულიყო, ნაყოფი მოაცალეს.
გიორგი ამბობს, რომ მესხური ტერასები ღვინის ტურიზმის აღორძინების საუკეთესო საშუალებაა:

„ტერასები სანახაობა იქნება არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ტურისტებისთვის. მოსახლეობას საშუალება ექნება, გაყიდოს საკუთარი პროდუქტი, შესთავაზოს ტურისტს მესხური კერძები, თავშესაფარი. აქვე განთავსდება მესხური ოდა და მარანი, სადაც ღვინო ტრადიციული მეთოდებით, ქვაში დაწურვითა და ქვევრებში დაყენებით დამზადდება“.

ასე დაიწყო ტერასების აღდგენა
ახალაღდგენილ ტერასებზე პატარა ნერგებს რგავდნენ


გიორგის ცხოვრებაში ახლა უკვე წარმოებული ღვინის პოპულარობაზე ზრუნვის ეტაპია.  კონტაქტები უკვე აქვს, ინფორმაციაც და თითქმის ყოველ წელს საკუთარი ღვინო რომელიმე ღვინის გამოფენაზე გააქვს. მესხური ღვინო უკვე გატანილი აქვს : იაპონიაში, გერმანიაში, დანიასა და ამერიკაში. შემოთავაზება აქვს ჰოლანდიიდან.


გიორგი მამა, გოჩა ნათენაძე, რომლის იდეა და გატაცება იყო თავის დროზე მესხური ვაზის ჯიშების აღმოჩენა, გიორგის საქმით ამაყობს. ამბობს, რომ გიორგიმ საკუთარი თავი ძალიან დიდ საქმეს მიუძღვნა.  

მამა ფიქრობს, რომ ეს „ფესვებთან დაბრუნება“ და ამავე დროს, სტიმულია ახალგზარდებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობა თავიანთ ქვეყანას და მხარეს მოახმარონ.

Powered by  Jumpstart Georgia