მედიაგარემო საქართველოში - შეფასებები, გამოწვევები, საფრთხეები

როგორ შეიცვალა 2012 წელს ხელისუფლებაში ახალი ძალის მოსვლის შემდეგ მედია გარემო საქართველოში, არის თუ არა უფრო დაცული ჟურნალისტთა უფლებები და უსაფრთხოება საქართველოში. როგორ იძიებს სახელმწიფო ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს და ხომ არ ახალისებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას ასეთი შემთხვევების არაეფექტური გამოძიება? 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით 2012 წლიდან 2016 წლამდე მედიის მდგომარეობა მართლაც გაუმჯობესდა, რადგან შემცირდა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და მედიაგარემო წინა წლებთან შედარებით გაცილებით თავისუფალი გახდა. თუმცა, ეს ვითარება ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე წელიწადში შეიცვალა.

 

ცვლილებები მედიაში, პირველი ნიშნები

 

„2014  წელს რუსთავი 2 ჯერ კიდევ ძალიან აქტიური ოპოზიციური ტელევიზია იყო მაგ პერიოდისთვის. ეს ოპოზიციური არხი ძალას იკრებს ხელისუფლების კრიტიკის თვალსაზრისით,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია Irex-ის წარმომადგენელის, ნინო რობაქიძის თქმით, ახალი მთავრობის პირობებში, მედიასთან დაკავშირებული პირველი საკანონმდებლო ცვლილება 2014 წლის გაზაფხულში დარეგისტრირდა და ის სარეკლამო კანონმდებლობაში ცვლილებებს ეხებოდა. ცვლილებების პაკეტი მედიასთან და სხვა აქტორებთან კონსულტაციის/ განხილვის გარეშე მომზადდა. ნინო რობაქიძის თქმით, რეკლამის კანონთან დაკავშირებული ცვლილებები ყველაზე მძაფრად რუსთავი 2-ს შეეხო.

შემდეგ დაიწყო გამოძიება რუსთავი 2-ის საქმეზე. ექსპერტთა შეფასებით სწორედ ამ საქმიდან დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედია გარემომ შეცვლა.

მათივე შეფასებით, „ოცნების“ 9 წლიანი მმართველობის პირობებში პოლიტიკურ კონტროლს დაექვემდებარა საზოგადოებრივი მაუწყებელიც ისევე, როგორც ეს სხვა მთავრობების დროს ხდებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკონტოროლების პროცესი ქართული ოცნების ყოფილ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან პირადად დაახლოებული პირის, ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევით დაიწყო.

ამ ფაქტს მოყვა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარი მოვლენებიც და აფგან მუხთარლის საქმე, ჟურნალისტის, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარდა და რომელიც შემდეგ აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. საქართველოში ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა და დღემდე ღიაა მთელი რიგი კითხვები. ჟურნალისტების მიმართ ჩადენილმა დანაშაულებებმა იმატა.

„2016 წლიდან მედიის მდგომარეობა და მედიაგარემო საქართველოში ნელნელა უარესდება. იზრდება მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაული, ამას კი გარკვეულწილად განაპირობებდა/განაპირობებს ისიც, რომ არ ხდება ამ ფაქტების სათანადო გამოძიება,“ - მარიამ გოგოსაშვილის თქმით, ათობით საქმიდან ერთეული შემთხვევებია გამოძიებული.

მაგალითად, არ არის გამოძიებული 2020 წლის 20 ივნისი ღამეს 40-მდე ჟურნალისტის დაშავების შემთხვევა, ასევე 2018 და 2020 წლების არჩევნებზე ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტების უმრავლესობა, 2020 წლის არჩევნების შემდგომ გამართულ აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების საქმეები.

2020 წლის 20 ივნისი                                                                                                                                         

„2016 წლიდან განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა. ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეურაცხყოფა. ულტრამემარჯვენეების წახალისებულები, რომლებიც ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს. სურათი არის ძალიან მძიმე, რთული და უარესდება და ზუსტად სახელმწიფოს ნება თუარ იქნება კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნება, რაც, რა თქმა უნდა, აზიანებს ჟურნალისტების უფლებებს, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი საქმიანობა“ - ამბობს მამუკა ანდღულაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი.

ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებით მასშტაბური აღმოჩნდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებისა და ზეწოლის თვალსაზრისით.

2018 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს, თბილისში, 25-ე საარჩევნო უბანთან მდგომმა ორმა ქალმა “TV პირველის” ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე ხელითაც შეეხო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს.

„ისეთი ცხადი იყო ამბავი, იმდენად ნათელი, რომ 5 წლის ბავშვსაც არანაირი კითხვა არ გაუჩნდებოდა, მაგრამ შემდეგ როცა გადაწყვეტილების გამოტანის დრო დადგა, ჯერ საერთოდ არ გამაგებინეს პროცესი როდის ჩაინიშნა, ისე გამოაცხადეს, სხვა ვადა მითხრეს და სხვა ვადაში გახდა ცნობილი. ჩემი ინტერესების დაცმველიც კი იმით იყო დაინტერესებული, მეორე ხმარეს მოეგო, რომლის უფლებებსაც არც მეტი არც ნაკლენი, გელა ნიკოლაიშვილი იცავდა. წლების შემდეგ უბრალოდ აღარ მაინტერესებდა მაგ მარაზმის გაგრძელება, დროში გაწელვა ცალკე პრობლემაა.“ - თათია ჩაფიჩაძის თქმით, გავრცელებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტესად ასეთი ფაქტების არსებობის დროს საქმე არ მიმდინარეობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით, გეუბნებიან, რომ მერე გადაკვალიფიცირდება, თუმცა ეს ასე არ ხდება.

ასეთივე ფაქტი დაფიქსირდა 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ. გაბაძე თავდამსხმელს მობილურით იღებდა. მოქალაქე იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა მოქალაქემ გაბაძეს ფეხი დაარტყა. თავდასხმის შედეგად, ჟურნალისტს ტელეფონი დაუზიანდა. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა (187-ე მუხლი) და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის (154-ე მუხლი) მუხლებით მიმდინარეობდა. როგორც თავად გაბაძე გვიდასტურებს, თავდამსხმელი 24 საათში 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

„როგორც ჟურნალისტი, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს დაცულად არ ვგრძნობ. ყოველთვის ასე არ არის, თუმცა ყველაზე მშვიდობიან გადაღებაზეც კი, ასე მგონია, რომ ჟურნალისტებმა არ ვიცით რა მოხდება,“ - მინდია გაბაძის თქმით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ყველაზე კრიტიკული მოვლენების დროს. მისი თქმით, აქციაზე ჟურნალისტს იმის კი არ უნდა ეშინოდეს, რომ პოლიცია წყლის ჭავლს ჟურნალისტსაც მიუშვერს ან რეზინის ტყვიებს ესვრის, არამედ ჟურნალისტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პოლიცია მათ სიცოცხლეს ბოლომდე დაიცავს.

ოფიციალური სტატისტიკა და რეალობა მის მიღმა

 

ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს არათუ სწორი კვალიფიკაცია, ზოგ შემთხვევაში, სამართლებრივი მიმართულებაც კი არ ეძლევა. საქართველოს კანონმდებლობა ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ფიზიკურ ძალადობას და მის იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. (სსკ 154მ - ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა)

მიუხედავ ამისა, სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები არასათანადო კვალიფიკაციას ანიჭებენ და ეფექტიანად არ იძიებენ იმ საქმეებს, სადაც ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რიცხვებს ჟურნალისტურ საქიანობაში ხელის შეშლის ფაქტებისა 2012 წლიდან 2020 წლის იანვარ-ნოემბერის ჩათვლით:

შსს-ს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ბადებს ეჭვს და ისმის კითხვა - აღიძვრება თუ არა ყოველთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება შესაბამისი მუხლით.

მაგალითად, IDFI-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 15 ფაქტი დაფიქსირდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რიცხვებში კი ამ წლის რიცხვი 0-ს უდრის.

ასევე, ეთიკის ქარტიამ 2019 წლის 21 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდა 40-მდე მედიის წამომადგენელი. მათი თქმით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი, 2019 წელს მხოლოდ 13 ჟურნალისტი გახდა პროფესიული საქამიანობის შესრულების დროს ძალადობის მსხვერპლი.

მამუკა ანდღულაძის თქმით, რეალურად როცა მიმდინარეობს დისკუსია კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს ხელისუფლების არგუმენტებს ასუსტებს, რადგან ყოველივე ამ პრობლების თავი სწორედ ხელისუფლებაა და არა კანონმდებლობა. მისსავე თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ცალსახად ჩანს რომ კანონმდებლობაში პრობლემა არ არის.

„კანონში რაღაც წერია, მაგრამ რეალურად ხდება რაღაც სხვა. კანონში რაც არ უნდა ჩავწეროთ თუ კანონს არ დავუჯერებთ და არ მოვიქცევით კანონის შესაბამისად. ქართული კანონის პრობლემა არ არის, აქ არის ამ კანონმდებლობის აღსრულების პრობლემა, გვაქვს სასამართლოს მიუკერძოებლობის პრობლემა,“ - ნინო რობაქიძის თქმით ამის აშკარა მაგალითია რუსთავი 2-ის საქმე. კანონში რომ იყოს პრობლემა, მაშინ ამის აღმოფხვრა არის უმარტივესი, მას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

„აუცილებელია არსებული კანონმდებლობის სწორად და არადისკრიმინაციულად აღსრულება, რასაც ჭირდება ხელისუფლების ნება.“ - აღნიშნავს გოგოსაშვილი

ომბუდსმენის ანგარიში მედიაგარემოს შესახებ

 

წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო, 2019 წლის ანგარიშს საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ:

დაბოლოს, მთავრობის მიერ შემუშავებული საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა და დასახული მიზნები მედიის კუთხით - 2018-2020 წლებისთვის:

 

Powered by  Jumpstart Georgia