მდინარე, როგორც ნაგავსაყრელი

მდინარე ოცხე


მდინარე ოცხე, რომელიც კურორტ აბასთუმანში ჩამოდის და დასახლებას ორ ნაწილად ყოფს, დაახლოებით, ხუთ კილომეტრ სიგრძეზე  საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. 

ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ მდინარეს თავად ადგილობრივები აბინძურებენ, ნაწილი კი დამსვენებლებს სდებს ბრალს და ამბობენ, რომ ნარჩენები მდინარეში კი არა,  ტყეშიც ბევრი ყრია. 

პავლე ფეიქრშვილი, ადგილობრივი
არ ეთანხმება მეზობელს ვალიკო გრძელიშვილი


ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, ვითარება გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. 

გიორგი გედევანიძე, გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმანში

 

კურორტ აბასთუმანში მხოლოდ ცენტრალური გზის გასწვრივ 22 ნაგვის ურნა დგას. მიუხედავად ამისა ნარჩენები მდინარის ნაპირზე თითქმის ყველა ურნის ძირში ყრია. 

 
ურავლის წყალი

გარდა ადიგენისა მდინარეები დაბინძურებულია ახალციხეშიც. მით უფრო ცხელი ზაფხულის შემდეგ, ლუდის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია მდინარეში ურავლის ხეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ხეობის გასწვრივ 7 ურნა დგას. 

 

ჯარიმები

მიუხედავად იმისა, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარეებს ხშირ შემთხვევაში ფიზიკური პირები აბინძურებენ, 2017 წლის იანვრიდან ამავე წლის ნოემბრამდე, სამცხე–ჯავახეთში, მდინარეების დაბინძურებისთვის, არცერთი ფიზიკური პირი არ დაუჯარიმებიათ. 

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გვიხსნიან, ფიზიკური პირი 2 კგ ნარჩენის ქუჩაში დაგდების შემთხვევაში 80 ლარით ჯარიმდება, თუ იგივე რაოდენობის ნარჩენს მანქანიდან გადააგდო 100 ლარით, სახლიდან გადაგდების შემთხვევაში კი 120 ლარით

თუ ნარჩენის მოცულობა 2 კგ–ს აღემატება, ჯარიმის ოდენობა 150 ლარით განისაზღვრება. ათობით კილოგრამით დაბინძურების დროს კი ნარჩენის მოცულობა კუბამეტრობით იზომება და ჯარიმა 300 ლარიდან იწყება.

დამბინძურებლების გამოვლენა  შესაძლებელია პატრულირების დროს, ან როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის, აღმშენ ინსპექციის განყოფილების უფროსი მიხეილ ვარდიძე ამბობს „უნდა ჩაუსაფრდე და უდარაჯო“, ეს კი იმ პირობებში, როცა სამსახურში,, აღნიშნულ განყოფილებაში, მხოლოდ სამი პირი მუშაობს, რთულია.

გარდა ფიზიკური პირებისა, მესხეთში იურიდიული პირების მიერ მდინარეების დაბინძურების არა ერთი ფაქტი ვლინდება.

ყველა გამოვლენილი შემთხვევა, ცხოველების სასაკლაოებს უკავშირდება. შპს „აგროფუდი ახალციხე“ მდინარე ფოცხოვში ცხვრის სისხლს თვეების განმავლობში უშვებდა. 

 

„აგროფუდი –ახალციხის“ მიერ მდინარის დაბინძურების ფაქტი „სამხრეთის კარიბჭემ“ გამოავლინა და საწარმო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

გარდა ამისა, გასული წლის აგვისტოსა და დეკემბერში ასევე ცხოველური ნარჩენითა და დაკლული პირუტყვის სისხლის მდინარეში ჩადინების გამო 500–500 ლარით დაჯარიმდა შპს „ირქა“.

სამივე შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეადგინა.

გარდა აღნიშნული უწყებისა გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ოქმის შედგენის, ან საჯარიმო ქვითრის დაწერის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებსაც აქვთ. თუმცა, არც ადიგენის და არც ახალციხის გამგეობებში აღმშენ ინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილებებს მდინარეების დაბინძურების არცერთი ფაქტი არ გამოუვლენიათ.

გარემოსდაცვის დეპარტამენეტმა კი რეგიონის მასშტაბით სამართალდარღვევის 5 ოქმი შეადგინა. მათ შორისაა შპს „ირქას“ ორი ფაქტი, „აგროფუდი –ახალციხე“, აბასთუმანში დანაგვიანებული მდინარე ოცხე და ასევე სამშენებლო კომპანია შპს „არალი“, რომელიც სამშენებლო ნარჩენის ფოცხოვში ჩაყრის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

 

აღნიშნული დარღვევები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პატრულირებისას გამოავლინა, რადგან აღნიშნული უწყება, რეგიონის მასშტაბით წყლის ხარისხის ზედაპირულ მონიტორინგს  მხოლოდ ხუთ წერტილში ახორციელებს: მდინარე მტკვარზე  სოფელ ვარძიაში და ხერთვისში, ასევე მდინარე ფარავანზე ხერთვისში. 

თამარ ლომიძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამსახურის იურისტი


2016 წლის იანვრიდან დღემდე ამ წერტილებში აღებულ წყლის სინჯში  განსაზღვრული ქიმიური კომპონენტის შემცველობა ნორმის ფარგლებში იყო. თუმცა, არავის ჩაუტარებია იგივე კვლევა საკურორტო ზონაში დაბინძურებულ მდინარე ოცხეზე.

აქ გარემოსდაცვის დეპარტამენტმა სამართალდამღვევი პირი ვერ გამოავლინა. ამიტომ აღნიშნულმა უწყებამ ადიგენის თვითმმართველობას 17  სექტემბერს მიწერა, რომ ტერიტორია თავად დაესუფთავებინა.

მიუხედავად ამისა, ოცხეს ნაპირებზე ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. იმ ნარჩენების გახრწნას კი, რაც მდინარეში და მის ნაპირებზე ყრია, ათეული წლები სჭირდება. 

 

 

თვითმმართველობასა და გარემოსდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ გარემოს დაბინძურების ფაქტის გამოვლენა რთულია, თუ სამართალდამრღვევის ადგილზე არ დააფიქსირებ, შემდეგ იმის გამოკვლევა თუ ვინ დაანაგვიანა ბუნება ძნელია. ამიტომ სახელმწიფო უწყებებში გამოსავალს ისევ მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლებაში ხედავენ. 

Powered by  Jumpstart Georgia