მაღალმთიანი თუშეთის 75 წლის ერთდაერთი ექიმი
ირაკლი ხვედაგურიძე - თუშეთის ერთადერთი ექიმი

ევროპის ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლების, თუშეთის ერთადერთი ექიმი,  75 წლის ირაკლი ხვედაგურიძე 52 სოფელს უსასყიდლოდ ემსახურება.

თუშეთის ერთადერთი ამბულატორია სოფელ ომალოში მდებარეობს, თუმცა სამედიცინო პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ირაკლი ხვედაგურიძე, ამბულატორიაში,პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას სანთლისშუქზე უწევს. ხვედაგურიძე ამბობს, რომ სამედიცინო პუნქტში არც გენერატორი და მზის ბატარეა არ არის, რის გამოც არ აქვს მაცივარი და შესაბამისად ბევრი აუცილებელი მედიკამენტის,მაგალითად, ანტიგიურზინისა და ტეტანუსის შრატის, შენახვა შეუძლებელია.   

 

 

ირაკლი ხვედაგურიძე

ირაკლი ზამთარში ფეხით, ხოლო ზაფხულში კი ცხენით გადაადგილდება. ექიმი აღნიშნავს, რომ ზამთარში ძირითადად სამ სოფელს ემსახურება, რადგან დანარჩენ 49 სოფელს ოქტომბრის ბოლოს თუშები ტოვებენ და გამოსაზამთრებლად ბარში ბრუნდებიან. 2014 წელს ჩეხეთის მთავრობამ თუშეთს საჩუქრად გადასცა მიცუბიშიპაჯეროს“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომლითაც ირაკლი ხვედაგურიძე სოფლებში უნდა გადაადგილებულიყო, თუმცა ავტომობილით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. ავტომობილი ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანის ფუნქციას ასრულებს, რომელიც თუშეთში, ზაფხულში, პაციენტების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიზნით ადის. 

 

თუშეთის ერთადერთი ექიმი

თუშეთის 52 სოფელში მხოლოდ 47 ადამიანია რეგისტრირებული (30 მამაკაცი და 17 ქალი), აქედან 37 ომალოში, დანარჩენ სოფლებში: შენაქოში, ჩიღოში, წაროსა და ბოჭორნაში - 1-2-4 კაცია. ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ერთადერთია, რომელიც ბოჭორნაშია რეგისტრირებული, ამიტომ ნასოფლარი სოფელი გახდა და გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ პუნქტად იქცა. თუშეთში წლებია, სკოლაც აღარავის სჭირდება. 

წელს ზამთარში თუშეთში ოცდახუთამდე ადამიანი დარჩა, აქედან 19 ადამიანი სოფელ ომალოშია, შენაქოში ხუთი მაცხოვრებელი, ხოლო ერთი ადამიანი კი ბოჭორნასა და ალისგორში იმყოფება. თუშეთის გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება და იქ მოხვედრა, მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. 

 

ირაკლი ხვედაგურიძე თუშეთის პრობლემებზე
Powered by  Jumpstart Georgia