კათოლიკე ეკლესია საქართველოში: წარსული და აწმყო

რას მოგვითხრობს ისტორიული

წყაროები საქართველოშიკათოლიკეების შესახებ

 

ასი წლის წინ,  106-წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ასულმა კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ, აღსაყდრებიდან რამდენიმე კვირაში კათოლიკე ეკლესიის მეთაურს, პაპ ბენედიქტე მეთხუთმეტეს წერილი მისწერა, რომელმაც საუკუნის შემდეგ ქართველი კათოლიკეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. საქართველოს მოქალაქე კათოლიკეებს ქვეყნის ისტორიაში საკუთარი წვლილისა და როლის ხაზგასმა მრავალი გამოწვევის პასუხად უწევთ. საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული პატრიარქი კირიონის წერილში კი მათი ღვაწლი საუკეთესოდ არის წარმოჩენილი. კირიონი აღიარებს ქართველ კათოლიკეთა გამორჩეულ წვლილს საქართველოს ისტორიაში მეცამეტე საუკუნიდან მოყოლებული. წერილში კათოლიკე მისიონერები მოიხსენიებიან არა როგორც „სულიერი ექსპანსიონისტები“ ან „ქართველთა გადამჯიშებლები“, არამედ, როგორც „მწყემსნი კეთილნი“ „მკურნალნი ხორცთანი“ „მომფენელნი ჩუენდა სწავლა-განათლებისანი“. წერილის ბოლოს პატრიარქი აღთქმასაც დებს: „დღეს ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი არა შეიწრებულ იქნებიან გულსა შინა ჩემსა და ქართველთა ერისასა. ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა”.
ცნობილმა ქართველმა კათოლიკე მოღვაწემ, მამა მიქაელ თამარაშვილმა, თავისი ცნობილი ნაშრომი - „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ - სწორედ იმ მიზეზით დაწერა, რომ აღარავის უარეყო ქართველთა კათოლიკეობა. წიგნი სავსეა მრავალფეროვანი ისტორიული წყაროებით, ქართველ მეფეთა თუ დიდებულთა მიმოწერით რომის პაპებთან.

საქართველოში საკუთარ ისტორიას კათოლიკე ეკლესია მეცამეტე საუკუნიდან აითვლის. მკვლევართა აზრით, სწორედ ამ პერიოდში, ე.წ „აღმოსავლური სქიზმიდან“ (1054 წელი) ორი საუკუნის შემდეგ უნდა მომხდარიყო უთანხმოება საქართველოსა და რომის კათოლიკე ეკლესიას შორის. მიუხედავად განხეთქილებისა, ქართველი მეფეები პატივით იღებდნენ პაპის მიერ გამოგზავნილ სხვადასხვა ორდენის წარმომადგენლებს. საქართველოში პირველად ფრანცისკელები[1] გამოჩნდნენ, მათ მალე მოჰყვნენ დომინიკელები[2]. თბილისში დაარსდა კათოლიკური მონასტერი. მეცამეტე საუკუნიდან მოყოლებული მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოში არსებობდა ლათინური საეპისკოპოსო კათედრა, რომელსაც სხვადასხვა დროს 12 ეპისკოპოსი მართავდა.

 
                                 კათოლიკე თემის მონათლული, დაქორწინებული
                                და მიცვალებული წევრების სია. ახალციხე, 1839 

 

                                წყარო: ვატიკანი, ხალხთა ევანგელიზაციის
                                კონგრეგაციის არქივი
 

 

საქართველოს ისტორიის განმავლობაში, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, კათოლიკე მისიონერები თუ ქართველი კათოლიკეები ყოველთვის სარგებლობდნენ ქართველ მეფეთა მხარდაჭერით. ისინი  წარმოდგენილი იყვნენ სამეფო კარზე, ზრუნავდნენ წერა-კითხვის გავრცელებაზე, აარსებდნენ საგანმანათლებლო თუ სამკურნალო კერებს. კათოლიკე მისიონერებმა საქართველოს წარსულის კვლევისთვის ფასდაუდებელი ინფორმაცია დატოვეს.


1861 წელს ქართველმა კათოლიკეებმა სტამბოლში დააფუძნეს უბიწოდ ჩასახვის კონგრეგაციის საძმო, რომელმაც 1974 წლამდე იარსება. მამა პეტრე ხარისჭირაშვილის დაარსებულმა კათოლიკურმა სავანემ ხელი შეუწყო ქართველების ევროპულ განათლებას, სწორედ ამ სასწავლებელში აღიზარდნენ კათოლიკე  მღვდლები - მამა მიქაელ თამარაშვილი, მამა იოანე გვარამაძე, მამა მიხეილ თარხნიშვილი და სხვები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტული მკვლევარები და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წარმომადგენლები იყვნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალისტი სასულიერო დასი და ქართველი კათოლიკე სამღვდელოება აქტიურად თანამშრომლობდნენ. ქართველი კათოლიკეები მხარს უჭერდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და ექომაგებოდნენ რუსეთის მიერ დევნილ ქართველ ავტოკეფალისტ მღვდელმთავრებს. პარალელურად, კათოლიკეების სურვილს, აღდგენილიყო კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა, აქტიურად უჭერდა მხარს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქია - 1917 წელს ქართველ კათოლიკეთა კრებაზე სამი ქართველი მღვდელმთავარი მივიდა, რომელთა შორისაც იყო კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე (შემდგომში პატრიარქი) ლეონიდე ოქროპირიძე.

ქართველ კათოლიკეებს ჰყავდათ გამორჩეული  წარმომადგენლები - საქართველოს ჰიმნის მუსიკის ავტორი, ქართველი კომპოზიტორი და ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის დამფუძნებელი, ზაქარია ფალიაშვილი, სწორედ ქართველი კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი პეტრე მელიქიშვილიც ქართველი კათოლიკე იყო. კათოლიკეები იყვნენ: საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სიმონ ყაუხჩიშვილი, თეატრის მხატვარი, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პეტრე ოცხელი და სხვა მრავალი, რომელთაც ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს.  ქართველი კათოლიკე მრეწველებისა და მეცენატების, ზუბალაშვილების საქმიანობაზე ქართულმა საზოგადოებამ ჯერაც ცოტა იცის.

„მფრინავი მღებავი“, პეტრე ოცხელი, 1937

რომის ეპისკოპოსის ერთგული საკრებულო დღესაც ცდილობს საქართველოში კათოლიკური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას. ცნობილი კათოლიკე მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის სახელი მან ჯერ ეკლესიის ოფიციალურ გამოცემას, შემდეგ კი უნივერსიტეტს უწოდა და ამგვარად სცადა გამკლავებოდა ისტორიის გაყალბების მცდელობებს.  

სულხან-საბა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალი, მეცნიერი და პოლიტიკოსი იყო. მის კათოლიკეობაზე ყველაზე უკეთ მოწმობს წერილობითი მემკვიდრეობა, სადაც სასულიერო პირი  მრავალგან და არაორაზროვნად აღიარებს პაპს ეკლესიის მწყემსად, ხოლო კათოლიკურ  მოძღვრებას მართალ რწმენად - მართლმადიდებლობად.

 

სულხან-საბა ორბელიანი

“ქართველი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისათვის გამიმტერდენ... შფოთი აღძრეს ჩემ ზედა. კრება და ბოროტის ქნა მოინდომეს. მაგრამ მეფე ვერ აიყოლიეს. სამ თთვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დასჯდა მეფედ... მოატყუეს. მცხეთას, ჩემი სიყვარული და სამსახური სულ დაავიწყეს, კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომიდვეს (მომთხოვეს), მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ. და მრავალი ავი მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან ყოვლისაგან დაგვიხსნა. მეფემაც პატივი მოგვაპყრა და მათი ვერაგობაც გაცუდდა. ვახტანგ მეფეს სმენოდა, დიდად სწყენოდა და ყოველნი დაეტუქსა", - წერდა სულხან-საბა.

 

კათოლიკეთა მდგომარეობა დღეს

- დისკრიმინაცია და სახელმწიფოს გულგრილობა


გასაბჭოების შემდეგ კათოლიკე ეკლესია საქართველოში  იდევნებოდა. დაიხურა კათოლიკური ტაძრები, გადასახლებაში დახვრიტეს სამოციქულო ადმინისტრატორი, არქიმანდრიტი შიო ბათმანიშვილი. მიუხედავად დევნა-შევიწროებისა, საბჭოთა პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის მეგობრული ურთიერთობა ნარჩუნდებოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ქართველი კათოლიკეები ისტორიულ მესხეთში, სადაც ისინი კომპაქტურად სახლობდნენ, დღემდე მრავალ პრობლემას აწყდებიან  - კათოლიკე მოსწავლეები საჯარო სკოლებში ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას; კათოლიკეებს პრობლემები ექმნებათ დასაქმების ადგილებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში; ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები. სახელმწიფო კათოლიკეების პრობლემების მიმართ დიდწილად გულგრილობას იჩენს. კათოლიკეებისთვის დიდი ხანია პრობლემაა საკულტო ნაგებობების ასაშენებლად ნებართვის მოპოვება ან მიწის რეგისტრაცია.

ქართველი კათოლიკეებისთვის გამორჩეულად მტკივნეულია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ქონების დაბრუნების საკითხი.

კათოლიკე თემი წლების განმავლობაში მოითხოვს იმ ხუთი ტაძრის გადმოცემას, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოერთვათ და 90-იან  წლებში სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს მიაკუთვნა. სადავოდ მოხსენიებული ტაძრები ქუთაისში, გორში, ბათუმში, უდესა და ივლიტაში დგას. მათ ეცვლებათ  იერსახე: ამოშენებულია კანკელი და წაშლილია ფრესკების მნიშვნელოვანი ნაწილი. ნაწილობრივ განადგურებულია ის წარწერებიც,  რომლებიც ტაძრების კათოლიკურობას  ადასტურებდა.

ბათუმის ნეოგოთური არქიტექტურის კათედრალს, რომელსაც სამი გუმბათი ამშვენებს, საძირკველი 1897 წელს ჩაეყარა და მისი მშენებლობა ქართველმა კათოლიკე მრეწველმა და ქველმოქმედმა, სტეფანე ზუბალაშვილმა დააფინანსა. 1903 წელს ის ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა. ქართული წარწერებით გამშვენებული ზარები, ტაძარს იტალიელმა კათოლიკეებმა შემოსწირეს.  ასი წლის შემდეგ, ტაძრის კათოლიკური ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. ამოშენებულია კანკელი. 1989 წელს აჭარის სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის  ღვთისმშობლის კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა მფლობელობაში. 

კათოლიკეთა ახალი ეკლესიის კურთხევა ეპისკოპოსის ბარონ როოპის მიერ
Source: საქართველოს ეროვნული არქივი
ბათუმის კათოლიკური ეკლესია, შაანიანი, 1990
Source: დავით საღირაშვილის არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

იგივე ბედი გაიზიარა  სოფელ უდეში მდგარმა ტაძარმა - ადიგენის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დღემდე კათოლიკეები შეადგენენ, 1904-06 წლებში ტაძარი აშენდა. მას აქვს წარწერა, რომელიც არა მხოლოდ ტაძრის კათოლიკურობას, არამედ აქ მცხოვრებთა შემწყნარებლობის დიდ ტრადიციას ადასტურებს: „უდეს არის კათოლიკენი 2120 სული მშენებელი ამა საყდრისა მაჰმადიანები 520 სული ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო შენ გწირამთ ჩვენ შრომასა“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უდელი კათოლიკეები ვეღარ სწირავენ წინაპართა მიერ აგებულ ტაძარში. ეკლესიას  იერსახეც შეეცვალა.

 მსგავს სიტუაციას ვხვდებით სხვა ტაძრებშიც. მაგალითად, ქუთაისის კათოლიკური ტაძარი იმ ადგილას აიგო, რომელიც მეფე სოლომონ მეორემ 1800 წელს, წყალობის წიგნით კათოლიკე მღვდლებს უბოძა: „ნებითა და შეწევნით ღმრთისა, ესე წყალობის წიგნი აღგიწერეთ.... ჩვენს ერთგულს ჰექიმთ პატრებს.... თქვენი საყდარის გვერდზე... ადგილი თქვენ პატრებისათვის გვიბოძებია და მოგვიცია სამუდამოდ... და უკეთ ვინმემ.... ხელ ჰყოს ამ ჩვენ მიერისა წყალობისა... სამღუდელომან ანუ საერომან... რისხოს ღმერთმან რისხვითა საშინელითა... და საუკუნოდ ჯოჯოხეთისა მემკვიდრედ გამოაჩინოს...” (ამონარიდი იმერეთის მეფე სოლომონისა და დედოფალ მარიამის წყალობის წიგნიდან).

ტაძრის მშენებლობა მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო და რუსეთის იმპერიაში კათოლიკეთა დევნის  გამო დიდხანს, 1862 წლამდე გაგრძელდა. 1989 წელს, კათოლიკე ეკლესიის მრევლი აქ მსახურებას ვეღარ ატარებს, დაიკარგა კათოლიკური  ორღანიც. ტაძრის იერსახე აქაც შეცვლილია.

ქუთაისის ყოვლადწმიდა მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური ეკლესია
Source: კათოლიკე ეკლესიის არქივი
ქუთაისის ყოვლადწმიდა მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიას ჰქონდა მცდელობა, ქუთაისის ტაძარი სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით დაებრუნებინა. ამისათვის, 2000  წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკე მრევლმა დააფუძნა კავშირი „სავარდი”.  ერთი წლის შემდეგ კავშირმა თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ სადავო ნაგებობა 1990 წლიდან მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, ხოლო 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმების (მე-7 მუხლი[3] პუნქტის) მიხედვით, საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენდა. დამატებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კავშირი „სავარდი“ არ  იყო საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სამართალმემკვიდრე. კათოლიკეებმა გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

უზენაესი სასამართლოც დაეთანხმა წინა  ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.  სასამართლომ არ გაითვალისწინა ამიერკავკასიაში კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორის, ჯუზეპე პაზოტოს წერილი, რომელიც ადასტურებდა, რომ „სავარდი“ იყო რომის წმინდა საყდრის მიერ აღიარებული, წარსულში მოქმედი კათოლიკე რელიგიური გაერთიანებების ერთადერთი მემკვიდრე ორგანიზაცია.

დამატებით, უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ  ეკლესია დავის მომენტში მართლმადიდებლური იყო, რადგან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა საბჭომ 1989 წელს ეკლესია სარგებლობისთვის  მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებას გადასცა. უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილების ტექსტის თანახმად, სსრ საბჭოს ადმინისტრაციული აქტები არავის გაუუქმებია და  ამიტომ „დღესაც კანონიერ ძალაშია.“

როგორც აღმოჩნდა, სასამართლომ ვერ შეძლო ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და კათოლიკე თემის კონსტიტუციური უფლებების დამცველის როლის შესრულება.

მრავალი წლის ბრძოლის შემდეგ, კათოლიკე ეკლესიამ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან ზომიერი ურთიერთობის ფორმა აირჩია. კათოლიკები არც ტაძრების მყისიერ გადმოცემას ან მართლმადიდებელთა ტაძრიდან გამოყვანას ითხოვენ. მათი მოთხოვნა უფრო პრინციპულ ხასიათს ატარებს, ვიდრე პრაქტიკულს - ეკლესიის განცხადებით, მათ არ ექნებათ პრობლემა ტაძარში მართლმადიდებლებმა სწირონ, თუ ეს ორი კონფესიის ინტერესთა გათვალისწინებით მოხდება.

დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ხშირად მიიჩნევა არა სიმდიდრედ, არამედ საფრთხედ.  საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა კონფესიის, მათ შორის, კათოლიკეების წვლილის შესახებ ქვეყნის წარსულსა თუ აწმყოში. ამას ემატება მითები „დასავლურ სულიერ ექსპანსიაზე“. კათოლიკეები ხშირად მოიხსენიებიან, როგორც „პაპისტები“, რომლებიც პირველ რიგში უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურებიან. მათ უწევთ იმის მტკიცება,  რომ ისინი არა „ფრანგები“, არამედ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები არიან.

 




[1] კათოლიკეთა ორდენი, რომელიც დაარსა ფრანცისკე ასიზელმა 1209 წელს.

[3] “სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული“.

Powered by  Jumpstart Georgia