"ინტელექტის" ბენეფიციარი სტილისტი ნარგიზ დოლიძე

„გული თურმე არ ბერდება...

რა გგონიათ, დავნებდები მე სიბერეს?

მაშინ მე ხომ გული სულაც არ მქონია!..

ხშირად ვწერ და ჩემს სათქმელს სტრიქონებით  გადმოვცემ. ასაკი მემატება, მაგრამ გული არ მიბერდება, სიცოცხლით სავსე ვარ, ახალგაზრდულ ხალისს ვინარჩუნებ და ექსპერიმენტებსაც არ ვუშინდები - ვცდილობ ცხოვრების ყველა სიახლეს მოვერგო.

სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე 62 წლის ასაკში მესწავლა. ვიფიქრე,  გამოვცდი საკუთარ თავს, წერა-კითხვა ხომ არ დამავიწყდა, ან გონება ხომ არ მომიდუნდა მეთქი. მეგობრის რჩევით ჩავერთე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტში „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ სტილისტის სპეციალობის სასწავლო კურსი უფასოდ გავიარე. 

ნარგიზ დოლიძე

სწავლამ ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა. მოყვარულის დონეზე ადრეც ვსტილისტობდი, საკუთარი სალონი მქონდა, მაგრამ ამ სამი თვის განმავლობაში  მეტი გამოცდილება მივიღე და უფრო დავიხვეწე. მხატვრობის ნიჭიც გამომადგა, განსხვავებულ ელემენტებს ჩავურთავდი ხოლმე ვარცხნილობების გაკეთებისას... შავად ჩაწერილ ლექციას, სახლში რომ მივიდოდი, ღამეებს ვათენებდი და თავიდან,  თეთრად ვწერდი... მასწავლებელი ამბობდა თქვენნაირი მოსწავლე არ მყოლიაო. ახალგაზრდა კურსელებთანაც კარგი დამოკიდებულება მქონდა.

 

ნარგიზი კურსელებთან ერთად

თანამედროვე ვარცხნილობა - კარე, ბობ კარე, მელირება, ომბრე, ქიმიური დახვევა, ლოკონები, ხვეულები... ეს იმ ვარცხნილობების მცირე ჩამონათვალია, რაც კოლეჯში შევისწავლე. უკვე სამი პროფესია მაქვს: მკერავი, მხატვარი და სტილისტიც ვარ. 

 

თურქეთ-საქართველოს შორის საზღვრის გახსნისთანავე სამუშაოდ მეზობელ ქვეყანაში წავედი. ქალაქ სამსუნში ჩვენებურების ოჯახში მოვეწყე. ოჯახის რძალს - ფატიმას საკუთარი სამკერვალო ჰქონდა. მე მასთან ერთად ყველა სახის ტანსაცმელს ვკერავდი, რადგან ხატვაც კარგად გამომდიოდა, ვქმნიდი კაბების ესკიზებსაც. ფატიმამ შემომთავაზა რომ  მისთვის მეხატა. ჩემს ნახატებზე შექმნილი რამდენიმე ტყავის კაბა შეიკერა და გაიყიდა.

თურქეთში  დიდი ხნით არ ვრჩებოდი, 1 თვით ან 15-20 დღით გადავდიოდი-გადმოვდიოდი წელიწადში რამდენჯერმე. პარალელურად ჩემს ქალაქშიც (ქობულეთში) ვეწეოდი სამკერვალო საქმიანობას, კლიენტებიც მრავლად მყავდა, მაშინდელი ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები სულ ჩემთან დადიოდნენ.

... მერე ჩემი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა, ჯერ მეუღლე  გამიხდა ავად, შემდეგ შვილი სიკვდილს ძლივს გამოვსტაცე ხელიდან. უკვე წელიწადში ერთხელ თუ მოვახერხებდი თურქეთში გადასვლას და ამიტომ ჩვეულებრივი ტანისამოსის კერვიდან სადედოფლო კაბების კერვაზე და გაქირავებაზე  გადავედი. პარალელურად დავიწყე მუშაობა საქორწინო დარბაზების გაფორმებაზე. სტილისტის პროფესიის შესწავლა ძალიან დამეხმარა, მოთხოვნის შემთხვევაში პატარძლებს საქორწინო ვარცხნილობებსაც ვუკეთებ. შემოსავალითაც არ ვარ უკმაყოფილო,  სადღესასწაულო დღეებში მოთხოვნა უფრო მეტია.

ახალა ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი საქორწინო დარბაზი და ჩემთან მოსულ კლიენტს ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთად შევთავაზო. მჯერა, ოცნება ამიხდება!

წლებს არ ვითვლი, სიბერეს ამაყად და მხნედ მინდა შევხვდე!

... ემიგრანტო დედებო, დაუბრუნდით საკუთარ ოჯახებს, ჩაერთეთ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტში „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“, შეიძინეთ პროფესია, დასაქმდით საქართველოში და შვილებთან უფრო მეტი დრო გაატარეთ!“

Powered by  Jumpstart Georgia