“ცხოვრება შიშში”

დგვარი - ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტაძრისის თემში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 1320 მეტრ სიმაღლეზეა, ბორჯომიდან 28 კილომეტრის დაშორებით.

 

ამ გზას სოფელ დგვარში მივყავართ.

დაბზარული და თითქმის დანგრეული სახლები დგვარში, ჩვეულებრივი მოვლენაა.სახლების უმეტესობას ბოქლომი ადევს და მიტოვებულია - ეს მეწყერსაშიში სოფელია.

გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, რომ დგვარი საცხოვრებლად საშიშია და სოფლიდან მოსახლეობის გასახლება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან არსებობს. თუმცა, ამ დროისთვის აქ მუდმივად მცხოვრები 60-მდე ოჯახი მაინც ცხოვრობს.

 დაახლოებით ამდენივე ოჯახმა კი  სოფელი ეტაპობრივად დატოვა. დარჩენილები მეწყერის გააქტიურებას ყოველდღე შიშით ელიან.

 

ამ სახლში ჯერ კიდევ 2 წლის წინ ოჯახი ცხოვრობდა. მათ მდგომარეობის გაუარესების გამო, საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ.

 

 

 

ვინც სოფლიდან წასვლა ვერ შეძლო, თავს ისევ თითქმის დანგრეულ სახლს აფარებს მუდმივ შიშში.

ნიკოლოზ გოგალაძის სახლს საძირკველი თანდათან ეცლება. საკუთარი სახსრებით შეეცადა მის გამაგრებას, თუმცა შიშობს, რომ მეწყერმა მალე შესაძლოა მისი სახლი მთლიანად ჩამოშალოს.

 

 

ეთერ ჩუტკერაშვილს და გრიგოლ გოგოლაძეს უკვე 10 წელზე მეტია ცხოვრება შვილებისა და შვილიშვილების გარეშე უწევთ. 

ეთერ ჩუტკერაშვილი და გრიგოლ გოგოლაძე საკუთარ სახლში.

როგორც თავად ამბობენ, საცხოვრებლად საშიში პირობების გამო, ახალგაზრდებს სოფელში ცხოვრება აღარ სურთ, რადგან მათ სახლში ბზარების რაოდენობა დღითიდღე იმატებს.

 

ეთერ ჩუტკერაშვილი დახმარებას მაჟორიტარ დეპუტატს სთხოვს.

 

სოფლიდან მოსახლეობის გასახლებას, ხელისუფლება 2004 წელს შეეცადა და 798 000 ლარი ადგილობრივებს კომპენსაციის სახით ფართობის და სულადობის მიხედვით დაურიგდათ. მინიმალური თანხა 2000, მაქსიმალური კი 12000-13000 ლარი იყო.  თუმცა, როგორც დგვარელები ამბობენ, მაშინ აღებული თანხებით მათ სახლების შეძენა ვერ მოახერხეს. მას შემდეგ მათ გასახლებაზე აღარავის უსაუბრია. არჩევნების წინ დაპირებებს თუ არ ჩავთვლით.

 

დგვარელები სოფლიდან გასახლებას და ალტერნატიული ფართებს, ან მასალით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი უწყება კომპენსაციას არ გასცემს და არც გამოსახლებაზე დაიწყებს მუშაობას, თუ საქმე მათ ბენეფიციარებს არ ეხება.

“ჩვენი სამინისტრო არ გასცემს კომპენსაციებს, მითუმეტეს მაშინ თუ სოფელმა სახელმწიფოს მხრიდან უკვე მიიღო ფულადი დახმარება. შესაძლებელია ოჯახმა ინდივიდუალურად მოგვმართოს, რის შემდეგაც მოხდება მდგომარეობის შესწავლა, ქულების მინიჭება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ დახმარების საკითხზე” - გვითხრეს დევნილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 დახმარებას  მოსახლეობას ვერც ადგილობრივი ხელისუფლება ჰპირდება. მიზეზი - ერთხელ უკვე გაცემული კომპენსაციებია.

 

 

 

 

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დგვარში შემოწმებას ყოველწლიურად აწარმოებენ და აღნიშნულ პრობლემას, გამოცემულ სტიქიური გეოლოგიური პროცესების საინფორმაციო ბიულეტენში მუდმივად ასახავენ.  სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის - გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებით, მეწყერსაშიშ სოფელში ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში ჩავიდნენ. გაფრინდაშვილის თქმით, მდგომარეობა გასულ წლებთნ შედარებით კიდევ უფრო გართულებულია.

“დღემდე განხორციელებული კვლევები წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საფუძველს, მოსახლეობის მდგრად ადგილზე გადასაყვანად, თუმცა სახელმწიფო ვერ ახერხებს მათ დაკმაყოფილებას, რადგან სტიქიური გეოლოგიური პროცესების მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მასშტაბურია და დგვარელების მსგავსად, შიშში ბევრი ოჯახი ცხოვრობს” - გვიპასუხეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტში.

დგვარის მსგავსად, მეწყერის გააქტიურების რისკი მაღალია თემში შემავალ ორ სოფელშიც - საკირესა და ტაძრისში. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 18 მეწყერსაშიში ზონაა.




ამგვარად,  სოფელში დარჩენილების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. დგვარში დაახლოებით 2-3 ოჯახია, რომელმაც სახლის დანგრევის შემდეგ, იქვე მახლობლად ახალი საცხოვრებელი აიშენა.

 

ვისაც წასასვლელი არსად აქვს და მუდმივ შიშს შეეჩვია, ცხოვრებას ისევ სოფელში აგრძელებს. დანარჩენები კი საკუთარი ძალებით ცდილობენ მეწყერსაშიში ზონიდან თავის დაღწევას.

 

Powered by  Jumpstart Georgia