გზაჯვარედინი

ასი ათასზე მეტი სტუდენტი ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას. თბილისელი თუ რეგიონელი სტუდენტისთვის ცხოვრების ეს პერიოდი ზღვარია წინსვლასა და  უკან დახევას შორის. უმრავლესობას რთულ პირობებში უწევს ცხოვრება და განათლების მიღება.

პროექტში წარმოდგენილი მასალებით შევეცდებით, ცოტა ხნით თბილისის პრესტიჟულ უბანში, ბაგებში, მდებარე სტუდქალაქში გამოგზაუროთ. აქ ბინის ქირა 30 ლარია.  ფასსა და საცხოვრებელ პირობებს შორის ბალანსი დაცულია.

 ასევე, პროექტიდან გაიგებთ,  რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თბილისში ზრდასრულ ასაკში ოჯახისგან  წასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება.

 

ინტერაქტიული ინფოგრაფიკის მეშვეობით , გაიგებთ დედაქალაქში სტუდენტის ყოველთვიური ხარჯების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც თავის სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს სთავაზობს. 1975  წელს აშენებულ შენობაში კაპიტალური რემონტი არასდროს ჩატარებულა.

 

.

სტუდენტური ქალაქის ხუთი შენობიდან სტუდენტები მხოლოდ ორში ბინადრობენ. დანარჩენში სხვადასხვა დროს იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს.

საერთო საცხოვრებელში 15 კვ. მეტრის 200-მდე ოთახია. 2012 წელს ადმინისტრაციამ სველი წერტილები შეაკეთა და ელექტროსადენები გამოცვალა. აქ სულ 400 სტუდენტი ცხოვრობს.

 

 

 

მარიამი

ვიდეო ამბებში საკუთარი არჩევანის გზაჯვარედინზე ერთმანეთისგან აბოლუტურად განსხვავებული  ორი  მარიამი დგას. გაყევი მათ ვიდეოებს

 

 

  

 მარიამი #1

მარიამ მარშანიშვილი, 19 წლის, გურიიდანაა. ოზურგეთის სასულიერო გიმნაზიის წარმატებულ მოსწავლეს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარება არ გასჭირვებია.

თბილისში მეგობრებთან და ნათესავებთან   ცხოვრების  შემდეგ, საერთო საცხოვრებელში გადაბარგდა.

“სახლი” და “მეოთახე” საცხოვრებელში გავრცელებული ტერმინებია. ”მეოთახე” - ის გოგონაა, რომელთანაც მარიამი ოთახს იზიარებს. “სახლში” - ძირითადად, გვიან ღამე მიდის, ლექციებისა და სამუშაოს შემდეგ. 15 კვ. მეტრის ოთახი, მცირე ავეჯით  მარიამისთვის “სახლი” ორი თვის წინ  გახდა. 

ფიქრის და განტვირთვის სივრცე გვერდით მდებარე 16-სართულიანი შენობის სახურავია. აქ, ძირითადად, მარტო ადის, თუმცა, ყოველთვის თან აქვს - წიგნი, ცხელი ჩაი და ვიოლინო. მუსიკალური ინსტრუმენტი მშობლიურ სახლთან აკავშირებს, ბაბუას შეძენილ ვიოლინოს პირადი, ნაღვლიანი ისტორია აქვს.

რას ცვლის სტუდენტობა ადამიანში, როგორია დამოუკიდებელი ცხოვრება ოჯახიდან 400 კმ-ის მოშორებით  დღევანდელ რეალობაში - გაიგეთ, რას ფიქრობს მარიამი.

.

 

 

22 წლის მარიამ როსებაშვილი და 21 წლის დიტო პარწიკანაშვილი საცხოვრებლის გამოცდილი ბინადრები არიან. დიტო  ეკოლოგია, მარიამი - ფსიქოლოგი.  

სტუდენტობის პერიოდი მათთვის ამ შენობასთან ასოცირდება, რომელსაც ისტორიები მრავლად აქვს შემონახული. “აქ რაც გადაგხდება, სხვაგან ვერსად ვერ გადახდება” -  აქ  მცხოვრები  ყველა  სტუდენტის საერთო აზრია.

მოკლე დოკუმენტური ვიდეო მარიამის, დიტოს, მარიამის სირთულეებსა და გამოწვევებს მოგვითხრობს.

 

.

 

 

მარიამი #2

მარიამ მამულაშვილი, 21 წლის, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გაიზარდა. მისი ოჯახი დღემდე პეკინის ქუჩაზე ცხოვრობს. მშობლების რჩევით, თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბარა.  დღეს საკუთარი თავი დიპლომატად ვერ წარმოუდგენია და ჯერ კიდევ  სასურველი  პროფესიის ძიების პროცესშია. სწორედ საკუთარი თავის საპოვნელად, ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელად, რამდენიმე თვის წინ სახლიდან წამოვიდა.

შეკრების ადგილი - ”ჯალაბარია”- მარიამი და ქეთი უქმეებზე ყველაზე ხშირად ჯალას სტუმრობენ, ჯალა ნუცუბიძის ქუჩაზე ცხოვრობს. მან სახლის სარდაფი ბარად აქცია და მეგობრებისთვის საინტერესო სივრცე შექმნა, სადაც ყოველთვის კარგი მუსიკა ისმის და განტვირთვისთვის საჭირო ალკოჰოლის პოვნაც შეიძლება.

.

მარიამი კვირაში ორ დღეს სასტუმრო “ფაბრიკაში” მდებარე ერთ-ერთ კაფეში ბარმენად და მიმტანად მუშაობს. დილის 10-დან ღამის 1-საათამდე.  კვირაში დაახლოებით 100-150 ლარს გამოიმუშავებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე  ეს შემოსავალი საკმარისია, თუმცა ზაფხულში, მომავალი სემესტრისთვის სწავლის გადასახდელი თანხის მოსაგროვებლად, სრულ განაკვეთზე მუშაობას გეგმავს.

 

.
Powered by  Jumpstart Georgia