გამოაქანდაკე საკუთარი თავი - ქართველი ბიჭის ამერიკული პროექტი - SculpMe
SculpMe

ხანდახან არ გიფიქრიათ, ჩვენი წინაპრები წინა საუკუნეებში როგორ გამოიყურებოდნენ? - ეს კითხვა საკუთარ თავს გიორგი კახიანმაც დაუსვა და ასე, ახალი იდეაც მოვიდა. ადამიანების 3D სკულპტურების შექმნა "სტარტაპ" იდეად აქცია და აშშ-ში ახალი კომპანია SculpMe ჩამოაყალიბა. 

საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს, თუმცა იდეის სჯერა და მისი განხორციელებისათვის ბოლომდე იბრძოლებს. გიორგი პროექტის შესახებ ვრცლად ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.


 

გიორგი კახიანი:

2 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ და ჩამოსვლის დღიდანვე საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ვფიქრობ. ხშირად ღამით გამღვიძებია და ახალი იდეა მომსვლია თავში. ალბათ 200-ზე მეტი იდეა მაქვს ეხლაც ჩამოწერილი ტელეფონში. კონკრეტულად 3D სკულპტურების დამზადება 4-5 თვის წინ გადავწყვიტე. გავაკეთე სია, რას უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, რომლის კეთებაც სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის. 3D ბეჭდვა აღმოჩნდა ყველაზე ახლოს ჩემთან. არადა, მანამდე დიდად არ ვინტერესდებოდი ამ სფეროთი. კვლევების და ბევრი თვალიერების შემდეგ ადამიანების ბეჭდვაზე შევჯერდი და სამსახურიდანაც წამოვედი.

 

რა პროფესიიდან აღმოჩნდი ამ "გაუგებრობაში"?


კავკასიის უნივერსიტეტი დავამთავრე მარკეტინგის განხრით. პროფესიით მარკეტოლოგი მეგონა ვიყავი და მარკეტერი ვყოფილვარ
:) ამერიკაშიც ჩემი პროფილით ვმუშაობდი ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიაში.

 

როგორ მოხდა "სტარტაპ" იდეის ჩამოყალიბება?


მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი წლინახევრის შვილი ვაკეთებთ ყველაფერს.. წარმოდგენა არ მქონდა, რა როგორ მუშაობდა. პირველი 1 თვე მარტო კვლევებს დავუთმე. 70+ კომპანიას დავუკავშირდი, რომელიც ანალოგიური საქმიანობით არის დაკავებული მსოფლიოს გარშემო. როგორ სკანერებს იყენებენ, რა გამოცდილება აქვთ, რომელ მწარმოებელთან აქვთ ურთიერთობა და ა.შ. მწარმოებლების ძიებისას ვცდილობდი ამერიკის ბაზარს არ გავცდენოდი და ეგრეც გამოვიდა. ჩემი პარტნიორები იუტა-ში არიან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა ამ ინდუსტრიაში. თავიდან მდარე ხარისხის პროდუქტი გამომდიოდა, რადგან გამოცდილება არ მქონდა. ბევრი სპეციფიკური დეტალია გასათვალისწინებელი როცა ადამიანს ასკანერებ, ამავე დროს, ზოგადად ფერადი 3D ბეჭდვა ახალი ხილია და ბევრი პატარა ნიუანსი თვითონ მწარმოებლებმაც არ იციან რატომ ხდება. მოკლედ, 4 თვიანი წვალების შემდეგ 1000 დოლარიანი სკანერით მივიღეთ ის პროდუქტი და შედეგი, რასაც სხვები $50 000 + დანადგარებით იღებენ. ყველა მომხმარებელი ვინც დღევანდლამდე გვყოლია ძალიან ნასიამოვნები დავტოვეთ ხარისხით.

 

როგორ ხედავ შენი პროექტის განვითარებას?


ჩვენი უმთავრესი მისია პირველივე დღიდან არის განსაზღვრული. ხანდახან არ გიფიქრიათ ნეტა ჩემი წინაპარი მე-14 საუკუნეში როგორი იყოო? - სწორედ ამ საკითხს ვემსახურებით. წარმოიდგინეთ 2000 წლის მერე ზუსტად ეცოდინება თქვენს შთამომავალს როგორი იყავით 21-ე საუკუნეში. ზოგადად ამ თემის ირგვლივ უამრავი იდეა გვაქვს, როგორ გავაუმჯობესოთ. მხოლოდ ცივად 3D ბეჭდვით არ შემოვიფარგლებით. თუმცა ყველა კარტს ეხლა ნუ გაგვაშლევინებთ

ზოგადად, ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი პლიუსია რომ ახალია და უამრავი მიმართულებით შეიძლება განავითარო. ნებისმიერ მომენტში შეგიძლია შეცვალო სფერო. ამიტომ ჯერ საჭიროა ბაზარი და მომხმარებელი უკეთესად გავიცნო და შევისწავლო. ვნახო რატომ ყიდულობენ ჩემ პროდუქტს ან რატომ არ ყიდულობენ. ალბათ 5-6 თვეში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება მომხმარებელზე და სწორედ ამის მერე მთავარი ღირებულებების ირგვლივ დავიწყებთ ბრენდის მშენებლობას და სწრაფ განვითარებას.

 

გიორგი კახიანი საკუთარ სკულპტურასთან ერთად
როგორია გამოხმაურება და რას ფიქრობ, კომერციულად მომგებიანი იქნება?


კომერციულად მომგებიანი არის ნებისმიერი იდეა. მთავარია სწორად განხორციელება. ჩემი თავის იმედი მაქვს. გამოხმაურება დიდია. თუმცა, ამ ეტაპზე ვცდილობ დიდ კომპანიებთან მივაღწიო კორპორატიულ შეთანხმებებს რომ სტაბილური შეკვეთების რაოდენობა გაუჩნდეს კომპანიას და ასე ვთქვათ მოიქოქოს. საბედნიეროდ, პირველი ასეთი კლიენტი გვყავს რომელიც ბეისბოლის მოთამაშეებს საჩუქრად გადასცემს ჩვენს პროდუქტებს ყოველთვიურად. ამისთვის სამუშაო ფართიც კი გამოგვიყო.

 

როგორია თავად სკულპტურების მომზადების ტექნიკა?


პირველ რიგში ხდება ადამიანის დასკანერება. რასაც დაახლოებით 1 წუთი სჭირდება. დასკანერებულ 3D მოდელს ამუშავებს დიზაინერი, ასწორებს ხარვეზებს და ამზადებს დასაბეჭდად. ამის შემდეგ იგზავნება საწარმოში და 9 სამუშაო დღეში პროდუქტი ადგილზეა მომხმარებელთან. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქანდაკება 35 სანტიმეტრი შეიძლება იყოს, იმედია რომ ეს პრობლემა მალე გადაიჭრება და ადამიანის ზომის ფიგურების დაბეჭდვას მალე შევძლებთ.

 

საქართველოში თუ აპირებ იგივე საქმიანობის წამოწყებას?


რა თქმა უნდა, ვაპირებ. დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა არ მინდა ყურადღება გამეფანტოს და აქაურ ბაზარს მოვწყდე. პრიორიტეტი მაინც ამერიკაა, ბაზრის სიდიდიდან გამომდინარე. ჩემი ოცნებაა შევძლო ძლიერი ამერიკული ბრენდის შექმნა, ვნახოთ რა გამოვა.

 

Powered by  Jumpstart Georgia