ერთი დევნილის ამბავი
საიდან დაიწყო ამბავი

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია. ამ ომმა დაანგრია სახლები, დააშორა ოჯახები, მოკლა უდანაშაულო ადამიანები. დიდი ტკვილი-ტრაგედია, რომელიც დღემდე მოუშუშებელი იარაა მრავალი ჩვენგანისთვის. ათასობით ადამიანი, ათასობით ისტორია-სახლის და ოჯახის გარეშე დარჩენილი ადამიანები ჩვენს შორის არიან, ჩვენი მეზობლები, ახლობლები, ნათესავები. დღეს მოვისმენთ ერთ-ერთი  დევნილის ისტორიას,  რომელმაც სხვების მსგავსად გააგრძელა ცხოვრება თავისი სახლიდან შორს, სადაც დატოვა მთელი თავისი მოგონებები.

 

ზოგადად, ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად არის გახლეჩილი-აფხაზეთი და აფხაზეთის გარეშე. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, გავთხოვდი, ეს იყოს ლაღი და უდარდელი ცხოვრება, რომელიც არის საუკეთესო მოგონებები ჩემს ცხოვრებაში.

დავიბადე სოფელ ნაბაკში. ჩემი მშობლები არ მახსოვს, ადრე დაიღუპნენ, გამზარდა დეიდამ და ბებიამ. მიუხედავად იმისა, რომ შეგნებული ასაკიდან მაკლდა დედმამის სიყვარული. ჩემი ბავშვობა მახსენდება ტკბილ მოგონებად. დედიაჩემი მანებივრებდა, 17 წლამდე ვიყავი მის კალთას ამოფარებული. მერე გავთხოვდი. შემიყვარდა ჩვენი ნათესავის მეზობელი. რომელიც ჩემზე 10 წლით იყო უფროსი. რევაზი, ჩემი მეუღლე ქართველი იყო. გადავედი მასთან  საცზოვრებლად  სოხუმში. ციტრუსების ქუჩა- ასე ერქვა იმ ქუჩას სადაც მე, ჩემი მეუღლე და მისი მშობლები ვცხოვრობდით. ქუჩა სანაპიროსთან ახლოს იყო, არასდროს დამავიწყდება იმ ნარცისების და აკაციების სურნელი, რომელიც ქუჩაში ტრიალებდა.  შევქმენი მშვენიერი ოჯახი, გამიჩნდა ვაჟი, რომელიც გახდა ჩემი იმედი. ჩემი მეუღლე კაფეს მეპატრონე იყო, მე მას ვეხმარებოდი, ვშრომობდით და ოჯახსაც კარგად ვარჩენდით. მახსოვს ჩემი შვილის სკოლის პერიოდი, ყველაზე ამაყი დედა ვიყავი რომ მეუბნებოდნენ მე11 სკოლის სიამაყეა თქვენი შვილიო. ბედნიერი ცხოვრება მქონდა-მყავდა მოსიყვარულე ქმარი  გვერდით, არაჩვეულებრივი ვაჟი და რევაზის დედ-მამა, რომლებიც  ჩემი დედ-მამაც გახდნენ, რადგან 17 წლის გოგო თავიანთი საკუთარი შვილივით მიმიღეს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ძალიან ვუყვარდით.  მყავდა მეზობლად დაქალი, დავდიოდით ოჯახებთან ერთად სასეირნოდ, კვირაობით სანაპიროს ერთ-ერთ სასადილოში ვვახშმობდით, ეს იყო ერთგვარი ტრადიცია.   ძალიან დიდ დროს ვატარებდით ოჯახთან და მეგობრებთან, ვაკვირდები და დღეს არ არის ასეთი მდგომარეობა . ყველა თავის ტელეფონში ზის და იმის მეტი არაფერი აინტერესებთ. ასეთი ბედნიერი და ლაღი ცხოვრება გვქონდა სოხუმში.

რა მოხდა ომის დროს?

როდესაც ომზე ვფიქრობ, პირველ რიგში მახსენდება როგორ გავრბოდით მე და ჩემი შვილი კოჯორის ხეობიდან.  სიზმრებშიც ეს მომენტი მოდის სულ. იმ შიშის გახსენება მზარავს.

27 სექტემბერს დასრულდა ყველაფერი. დავკარგე მეუღლე, რომელიც ქუჩაში გასროლილმა უმიზნო ტყვიამ იმსხვერპლა. დავკარგე დედამთილი, რომელმაც ინფაქტი მიიღო რამდენიმე კვირით ადრე და მაშინ არც კი მქონდა გააზრებული, რომ დავკარგე სახლი და ჩემი მხარე, იმიტომ რომ  ბოლო წუთამდე არ მინდოდა დაჯერება რომ ეს დასასრულია, ჩემი შვილი  მყავდა გვერდით და მამამთილი,  ბავშვის  და ასაკოვანი მამაკაცის დახმარებით მეგონა ეს ყველაფერი ჩაივლიდა. მაშინ კიდე არ ვიყავი აზრზე, არც მქონდა გააზრებული მეუღლის გარდაცვალება, გარშემო ბომბების ხმაური, ტანკების მოძრაობა, ყველაფერი აირია. ზოგი სად გარბოდა, ზოგი სად. ერთი სიტყვით იყო ქაოსი. და მე ჩემი შვილით და შვილმოკლული მამით ხელში დავრჩი სრულიად მარტო. ვისხედით მე ჩემი შვილი და მამა ეზოში და ვტიროდით.  უცებ გამოჩნდა ჩემი დაქალის მეუღლე, რომელმაც სასწრაფოდ შეგვიყვანა მეზობლის ბუნკერში. აგონიაში ვიყავით მეც და მამაც. არც ვიცოდით სად შეგვიყვანეს. იქ გავათენეთ ღამე. მეორე დღეს კი მეზობლებთან მოვილაპარაკეთ და გადავწყვითეთ გაქცევა. მამამთილი არ წამოვიდა. დარჩა სოხუმში. მერე როგორც გავიგე ის გაგიჟებულა, საწყალი თურმე  ჩემი და თავისი შვილის სახელს გაიძახდა  და გვეძებდა. ორ წელში გარდაიცვალა ინფაქტით. ასე ბომბების და ტყვიების ხმების თანხლებით წამოვედი ჩემი სოხუმიდან. არ ვიცი რა ბედი ეწია ჩემს დეიდას. 

რა ხდებოდა ომის შემდეგ? როგორ განაგრძეთ ცხოვრება?

ჩამოვედი ზუგდიდში, სოფელ ინგირში, ჩემს ნათესავებთან, რომლემბაც მიმიღეს მე და ჩემი შვილი. მათთან დავიწყე ცხოვრება, ვეხმარებოდი სოფელში. არც დეიდასთან ნაბაკში და არც ქმართან სოხუმში არ მომიწველია  ძროხა და არ მომივლია ეზოსთვის. ყველაფერი ვისწავლე. იმ დღიდან , რაც ჩამოვედით მე დავიწყე არსებობა ჩემი შვილისთვის.  მართლაც, ეს იყო უბრალო არსებობა. დავკარგე ჩემი სიყვარული და ყოველ დღე საქმეს და ღამე ძილს მოთქმასა და გოდებაში ვატარებდი. ეს იყო უმძიმესი პერიოდი ჩემთვის.

მერე ისე მოხდა, რომ ჩემს ნათესავებს პრობლემების გამო მოუწიათ სახლის გაყიდვა და სხვაგან წასვლა, მე და ჩემი შვილი ვრჩებოდით ქუჩაში. და იმ მომენტში როდესაც მეგონა  რომ ყველაფერი დამთავრდა და 12 წლის ბავშვთან ერთად  ქუჩაში მომიწევდა ღამეების გათენება, გამოჩნდა სრულიად უცნობი ადამიანი, რომელმაც დაგვითმო თავისი ძველი სახლი. ეს იყო ბედნიერება. თუმცა სახლი იყო საშინელ მდგომარეობაში-გვაწვიმდა, ფანჯრები არ იყო, ავეჯი განადგურებული. დავიწყე მუშაობა ბაზარში, ვყიდდი ბოსტნეულს. ზამთარში დავდიოდი საზაფხულო ფეხსაცმლით, ჩემი შვილს კი თოვსა და ყინვაში ფეხი უსველდებოდა. ასე მწარედ გავატარე ახალგაზრდობა და ჩემმა შვილმა მოზარდობა. თავი იჩინა ყველანაირმა პრობლემამ, თუმცა ჩემი შვილის წარმატებებით ვხარობდი. სანთლის შუქზე სწავლობდა გაკვეთილებს, და იყო ძალიან ბეჯითი მოსწავლე. დღეს კი მისი წარმატებების წყალობით შევიძინეთ სახლი.

რა არის თქვენი ოცნება?

პირველ რიგში ჩემი შვილის და შვილიშვილების  კარგად ყოფნა. მე მათთვის ვცოცხლობ. მართალია სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ გული მომიკვდა და ძალიან მენატრება ჩემი სახლი და ოჯახი, მაგრამ დღეს აქ ვარ. და ვიცი რომ მე თუ არა ჩემი შვილი ან შვილიშვილები დაბრუნდებიან აფხაზეთში და ნახავენ სად ცხოვრობდნენ თავიანთი წინაპრები. სოხუმი არის ჩემი დიდი ოცნება, ადგილი სადაც ყოველ ღამე სიზმრებში ვბრუნდები, ვხედავ როგორ ვსეირნობ ზღვის საბაპიროზე ჩემს მეუღლესთან ერთად , როგორ ბედნიერად ვგრძნობ თავს ჩემს სახლში. ძალიან ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ მჯერა უკეთესი მომავლის.  ძალიან მწყდება გული, რომ ფოტოალბომი ვერ წამოვიღე, წლებია ჩემი ქმრის სახე არ მინახავს უკვე მავიწყდება კიდეც...

 

Powered by  Jumpstart Georgia