ემუქრება თუ არა ფოთს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე

 

ფოთის მოსახლეობას   ქაფშიის რეწვის სეზონზე  უსიამოვნო სუნი აწუხებს, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება. ადგილობრივების განცხადებით,   ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ქალაქში ცხოვრება გაუსძლისი ხდება. მათი თქმით, პრობლემა წლებია არსებობს და მის აღმოფხვრაზე არავინ ფიქრობს.საკითხის მოგვარების მოთხოვნით  ადგილობრივებმა არაერთი აქცია გამართეს.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ , საწარმოებიდან გამოსული ნარჩენები მდინარე რიონში ხვდება, იქიდან კი ზღვაში ჩაედინება  და გარემოს აბინძურებს.მათივე თქმით, საშიში ნივთიერება ფრინველებს ხოცავს.

 

 ქალაქში  ოთხი  თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს, რომლებიც  სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებენ.ძირითადი პროდუქტი თევზის ფქვილია, თუმცა ისინი ცოცხალი თევზის რეალიზაციასაც ეწევიან და მცირე რაოდენობით ზეთსაც  ამზადებენ. თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ  ქარხნები  სათანადოდაა აღჭურვილი და თევზის გადამუშავება სტანდარტების სრული დაცვით ხდება. მდინარეში მოხვედრილი ნარჩენები კი გაფილტრულია.ამტკიცებენ, რომ ქაალქში  თევზის უსიამოვნო სუნი მათი საწარმოებიდან არ ვრცელდება.

 

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მიმოწერები და დიალოგი აქვთ შესაბამის უწყებებთან. ,,უნდა გატარდეს მაქსიმალური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი. მისასალმებელია, რომ ფოთში თევზის მრეწველობა ვითარდება და პროდუქცია ექსპორტზე გადის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი თანაქალაქელების დისკომფორტის ხარჯზე,“- აღნიშნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ.  ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი შეხვედრა გაიმართა.

თევზის გადამამუშავებელი ქარხნები უკვე შეამოწმეს გარემოს დაცვის ინსპექტორებმა. სამინისტროს ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით საწარმოს, რომელსაც ეკოლოგიური ნორმები არ ექნება დაცული, მუშაობის უფლება ჩამოერთმევა. უწყების ცნობით,  ექსპერტთა ჯგუფმა  ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები აიღო, პასუხები კი უახლოეს მომავალში  გახდება ცნობილი.გარემოს დაცვის სამინისტროში  ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, გარემოსთვის მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მძაფრი სუნი ფოთში სწორედ ქარხნების მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდეს.

 

 

ემუქრება თუ არა ფოთს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე, ამას ლაბორატორიული კვლევა დაადგენს. მიუხედავად არაერთი საპროტესტო აქციისა და სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით,,ფოთი თევზის სუნის გარშე“, ვითარება უცვლელია.ფოთელები ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

Powered by  Jumpstart Georgia