ეკოტურიზმი ფოთში

 

 ფოთში , მალთაყვის უბანში ბიოფერმული  მეურნეობა მდებარეობს. მეურნეობას ოთარ ქირია და მისი მეუღლე ვიოლეტა კუცია 1998 წლიდან უძღვებიან. ისინი სპეციალობით აგროქიმიკოსები არიან. ორივე მეცნიერებათა დოქტორია. 1990 წელს, როცა ზურაბ ჟვანიამ მწვანეთა პარტია ჩამოაყალიაბა ქალბატონი ვიოლეტა ამავე პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა. მისი იდეა იყო, შექმნილიყო საცდელ-საწარმოო საჩვენებელი ბიოფერმული მეურნეობა და ამ წინადადებით ზურაბ ჟვანიასთან მივიდა. საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიაზე კიევის საყვავილე მეურნეობა ფუნქციონირებდა, სადაც  ყვავილები მოყავდათ და სარეალიზაციოდ უკრაინაში გაჰქონდათ. მას შემდეგ რაც კიევის საყვავილე მეურნეობა გაუქმდა, ოჯახმა აღნიშნული ფართობის იჯარით აღება მოითხოვა , რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ოთარ ქირია იხსენებს, რომ მხოლოდ  ზურაბ ჟვანიას დახმარებით შეძლეს 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით აღება, სადაც ჯერ მუნიციპალური საწარმო ჩამოყალიბდა, შემდეგ კი სახაზინო. ოჯახმა  მწვანეთა პარტიის ხუთ წევრთან ერთად მეურნეობის ამუშავება ნერგების გამოყვანით დაიწყო. აქ იცდებოდა ბიო აპარატები და ბიო სასუქები. აქვე  ხდებოდა ,როგორც ადგილობრივი ,ასევე უცხოეთიდან შემოტანილი თესლების  დარაიონება.

ოთარ ქირია

 

  1999 წელს ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის მასშტაბით სახაზინო მეურნეობები გააუქმა. მიუხედავად ამისა ოჯახი დღემდე სამ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს მაინც ამუშავებს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოყავს. ოთარ ქირია ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მათი შევიწროება დაიწყო. ისი დაუცველები იყვნენ. 11 წელი უშუქობაში გაატარეს, მიუხედავად ამისა მეურნეობა წინ მიიწევდა. 2000 წელს ბიო მეურნეობა მსოფლიოს ეკოლოგიური მეურნეობის ასოციაციის წევრი გახდა და ეკო-ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. ახლა მეურნეობაში ძირითადად ორი კულტურა ცერცვი და საადრეო კარტოფილი მოჰყავთ.თუმცა აქ, ბევრ სხვა კულტურულ მცენარესაც შეხვდებით. ოთარ ქირიას ოჯახმა სამი საგრანტო პროექტი მოიგო, რომლის ფარგლებში ტექნიკა შეიძინა.

ოთარ ქირია

 

ბიო მეურნეობას ბევრი ეკო-ტურისტი სტუმრობს. ახლა აქ საფრაგეთიდან ჩამოსული წყვილი იმყოფება. ისინი სამთვიან საქორწინო მოგზაურობაში არიან. მათი თქმით, ბიო-მეურნეობის შესახებ ინტერნეტით შეიტყვეს და გადაწყვიტეს გაეცნოთ,თუ როგორ ხდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა. ოჯახს სათბურების დასუფთავებაში ეხმარებიან . ამბობენ, რომ ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო, ღვინო და ქართული სტუმარ-მასპინძლობით აღფრთოვანებულები არიან. ისინი მეგობრებს ურჩევენ დაინტერსდნენ ეკო-ტურიზმით და ეწვიონ ფოთის ბიო მეურნეობას.

ოთარ ქირიას ოჯახს ბევრი გეგმა აქვს. უნდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, სადაც ბიო მეურნეობა ფუნქციონირებს დაუკანონდეს. რის შემდეგაც ბევრი გრანტის მოგებასაც შეძლებს და სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. სურს ააშენოს ეკო-სახლი, რათა მეტი ეკო ტურისტი მიიღოს.
Powered by  Jumpstart Georgia