ეკომიგრანტები გურჯაანსა და ლაგოდეხში

ტერმინი ეკოლოგიური მიგრანტი პირველად 2001 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტსი პროფესორმა ნორმან მაიერმა გამოიყენა. მისი განმარტებით, ეკომიგრანტი არის “პირი, რომელსაც არ შეუძლია დარჩეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე”. საკუთარი სახლის მიტოვების მიზეზი კი შეიძლება გახდეს მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა სტიქიური უბედურება, რომლის დროსაც საცხოვრებელი სახლები ინგრევა, ან დანგრევის რისკის ქვეშაა.ეკომიგრანტები  მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არიან ჩასახლებულნი.   განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით   ამ ეტაპისთვის 4400- ეკომიგრანტია  ოჯახია

 

        ეკომიგრანტები გურჯაანში

 

36 წლის მაკა ვერსკიანი სვანეთიდან, მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია. მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად საკუთარი სახლის დატოვება მოუწია და ახლა უკვე მეორე წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ცხოვრობს.  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ სახლი შეუძინათ და საკუთრებაშიც დაუკანონა. მაკა ამბობს, რომ სახლთან ერთად მიწის ნაკვეთიც უნდა გადაეცათ, მაგრამ დღემდე ეს საკითხი მოუგვარებელია.

 

ვერსკიანების სახლი სოფელ ვაზისუბანში

ვერსკიანების ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათი ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარამდეა . დახმარების თანხა, ოჯახის დიასახლისის თქმით, გამოსაკვებად ძლივს ჰყოფნით. ბავშვებს სათამაშოებიც კი არ აქვთ.  ვერსკიანებს გაცნობიერებული აქვთ რომ ბეჩოში ვეღარ დაბრუნდებიან, ამიტომ უნდათ ახალ გარემოში შეიქმნან ნორმალური ცხოვრების პირობები. ამისთვის კი სამსახური ან საკუთარი მიწის ნაკვეთი სჭირდებათ, რათა ოჯახს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს.  

 

მაკა ვერსკიანი - ეკომიგრანტი

           ეკომიგრანტები ლაგოდეხში

 

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის სოფლებში ფონასა და ჰერეთის კარში ჩასახლებული ეკომიგრანტების ნაწილს მშობლიურ აჭარაში დაბრუნების სურვილი აქვს.  მთიან დასავლეთში გაზრდილებს საცხოვრებელის დატოვება მეწყერმა აიძულათ. მათი ნაწილი ლაგოდეხში უკვე 25 წელია ცხოვრობს, თუმცა გარემოსთან შეგუება დღემდე უჭირთ.

 

ეკომიგრანტ მიხეილ აბაშიძის ოჯახი ხულოს რაიონის სოფელ ვერნების მეწყერულ ზონად გამოცხადების შემდეგ მეშვიდე წელია რაც  სოფელ ფონაში ჩამოსახლდა.  სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ მათი საკუთრება არ არის, თუმცა იმედი აქვთ, რომ დროებით საცხოვრებელს უახლოეს მომავალში დაიკანონებენ.

 

მიხეილ და მზევინარ აბაშიძეები ლაგოდეხელი ეკომიგრანტები

სოფელ ფონაში მცხოვრებ ეკომიგრანტებისგან განსხვავებით სოფელ ჰერეთისკარში 90 იან წლებში ჩამოსახლებული აჭარელების ნაწილი ამჟამინდელი ცხოვრებით უკმაყოფილოა. მართალია, მათ ბინები სახელწიფომ დაუკანონათ, მაგრამ ახალ გარემოს თითქმის 25 წლიანი ცხოვრების შემდეგაც ვერ შეეგუვნენ. ამბობენ, რომ თავის კუთხეში ბედნიერი ცხოვრება ჰქონდათ და იქ დაბრუნებას ნატრობენ .

 

სელინ და თამაზ ბერიძეები

ლტოლვილთა და დევნილთა განსახლების  სამინისტროს ინფორმაციით კახეთში 108 ეკომიგრანტ ოჯახს აქვს საკუთრებაში გადაცემული სახლი. 60 მდე ოჯახი კი დაკანონების მოლოდინის რეჟიმშია. ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახებისთვის გათვალისწინებული არ არის რაიმე სახის დახმარება გარდა სახელმწიფო პროგრამებისა, იქნება ეს ჯანდაცვის თუ სოციალური დახმარების პროგრამა.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არანაირი თანხა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის არ აქვს გამოყოფილი და არც სამომავლოდ იგეგმება.

 

დავით კაიკაციშვილი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,  ბოლო წლებში სტიქიის მასშტაბები საქართველოში გაიზარდა. რამაც შესაბამისად, ეკომიგრანტების რიცხვიც გაზარდა.  მართალია,  ეკომიგრანტების ზუსტი  სტატისტიკა  ამ დრომდე  არ არის დადგენილი, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე  2014 წლის მონაცემებით ბუნებრივი კატასტროფების  შედეგად საქართველოში სტიქიისმსხვერპლთა რაოდენობამ  400-ს მიაღწია. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზიც დამაიმედებელი არ არის. რადგან, ვარაუდობენ რომ 2050 წლისთვის მსოფლიოში ეკომიგრანტთა რაოდენობა შესაძლოა 200 მილიონამდე გაიზარდოს.

 

რა არის ეკომიგრანტების მთავარი პრობლემა კახეთში? ეკომიგრანტების გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსი, ჯერ კიდევ ფრაგმენტული კანონმდებლობა, ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა -ამ და სხვა საკითხებს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე მდგარ სისტემურ პრობლემებად მიიჩნევენ.
Powered by  Jumpstart Georgia