ძალადობა ბავშვებზე

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობა  ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის ან წევრების მიმართ. მცდარია მოსაზრება, თითქოს ძალადობა მხოლოდ ცოლ–ქმარს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე წარმოიშობა. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსულაური ძალადობა, იძულება . ოჯახში  ძალადობის შემთხვევაში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.  ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ თავად ბავშვებიც განიცდიან უმეტეს შემთხვევაში ძალადობას სხვადასხვა პიროვნებებისაგან, ხშირად მოძალადე მშობელია. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები არანორმალურნი ან დანარჩენებისაგან განსხვავებულნი არიან. ხშირად გარემომცველებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ “გარეგნულად ასეთი წესიერი” ადამიანი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგრამ ეს მართლაც ასეა – ხშირად მშობლები, რომლებიც რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარეშე პირებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და სხვებისაგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთიანებთ – თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა. მათ შორის, ვინც სისტემატიურად სცემს შვილებს, ჩვეულებრივ, მაღალია ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომანთა პროცენტი. თუმცა ისინი, უმეტესად, ვერც ხვდებიან, რომ ძალადობენ საკუთარ შვილზე. ბავშვი, მისი აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება მეტად სათუთი თემაა, რადგან ძალადობაში გაზრდილი ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ხდება მოძალადე. ამიტომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ერთგვარი მოვალეობაცაა, რომ წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის გამოსწორებაში, გამოვავლინოთ რაც შეიძლება მეტი შემთხვევა და გადავარჩინოთ ბავშვები ძალადობას.

 

არსებობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმები. ბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ საკმარისად არ საუბრობენ, არადა ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს  და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას. მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხყოფა მშობლის მხრიდან, ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და მშობელს შორის. ხშირად ასეთ სიტუაციებში ბავშვები კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შესაძლებელია, რომ ბაშვები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მშობლების მხრიდან, გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი  მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი. 

 

ბევრი ფიქრობს, რომ ამ, ასე ვთქვათ “დისციპლინის” უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს.  სამწუხაროდ ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები და ძალადობის ნაცვლად თბილ, სიყვარულით გარემოცულ და მზრუნველ გარემოში გავზარდოთ ჩვენი პატარები, რათა მივცეთ მათ საშუალება ირწმუნონ საკუთარი უნარების და გახდნენ სრულფასოვანი, მოსიყვარულე, სათნო, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებული წარმატებული ადამიანები.ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მსოფლიო დღე 19 ნოემბერს აღინიშნება.

                              

Powered by  Jumpstart Georgia