დერეფანი

ჯავახეთში ყველაფერი განსხვავებულია: ლანდშაფტი, ჰავა, ხალხი, არქიტექტურა. ყოველ ჩამოსვლაზე ვცდილობ ავხსნა, რა არის მთავარი, რაშია ჯავახეთის საიდუმლო. 

70 წელი ეს იყო ჩიხი. საბჭოთა კავშირის საზღვარი. რეგიონი, სადაც ადამიანები საშვებით გადაადგილდებოდნენ. მაშინ ჯავახეთიდან ბევრი წავიდა. დღეს ეს მხარე დერაფანია - სამი ქვეყნის გზაგასაყარი. აქ დიდი  პროექტები და დიდი ქვეყნების ინტერესები გადის.

ამ ისტორიაში მოგიყვებით, როგორ იცვლება თუ არ იცვლება ჯავახეთი. რა მოაქვთ ან რა მიაქვთ ადამიანებსა და ფრინველებს, რომლებიც აქ გამუდმებით ეძებენ თავშესაფარს. 

ჯავახეთის მოსახლების დიდი ნაწილი ეროვნებით სომეხია.  80-90-იან წლებში აქ აჭარიდან მუსლიმი ქართველები - ეკომიგრანტები ჩამოასახლეს. მანამდე, გასული საუკუნის 40-იან წლებში, სტალინის ბრძანებით ამ მხარიდან ერთ ღამეში მუსლიმი მესხები აყარეს და გადაასახლეს. რამდენიმე სოფელში კი, დღემდე ცხოვრობენ დუხობორები - უკვე აქაურ ეგზოტიკად ქცეული სლავები. 

რატომ იცვლება ასე ხშირად ამ რეგიონის ადამიანური ლანდშაფტი? ან იქნებ ამ ცვლილებაშია ჯავახეთის უნიკალობის საიდუმლო?

 

დიდი ტბების ქვეყანა

 

ჯავახეთი ზღვის დონიდან 1800-2100 მეტრ სიმაღლეზეა. საქართველოში არსად სხვაგან ისე არ ცივა, როგორც აქ. ზოგჯერ ზამთარში  მინუს 40 ყინვებია.

აქაურები თოვლს და ყინვას მიჩვეულები არიან. ტყე აქ თითქმის არ არის. სახლები ზამთარში წივით (ოთხკუთხედად დაჭრილი გამხმარი ნაკელი) თბება.

 გაზაფხულზე ამ ცივ და თოვლიან მხარეში ყველაფერი იცვლება. მდელოებზე ალპური ყვავილები ყვავის და ფრინველების დიდი შემოსევა იწყება. ჯავახეთი ფრინველების გადაფრენის ერთ-ერთი მთავარი დერეფანია საქართველოში. 

ფარავანი, საღამო, ხანჩალი, ტაბაწყური, მადატაფა, ბუღდაშენი - „დიდი ტბების ქვეყანა“ - ასე შეიძლება დაარქვა ჯავახეთს. ზოგი ღრმა და ზოგიც წყალმარჩხი, ცივი და თბილი - წყალმცურავი ფრინველებისთვის აქაურობა სამოთხეა. სწორედ ამიტომ უამრავმა მათგანმა აირჩია ჯავახეთი, ზოგმა ბუდე დაიდგა და ზოგი გადაფრენისას დასასვენებლად.

 

 

დუხობორები

 

1835 წლის შემოდგომის მიწურული იყო, როდესაც ნინოწმინდის მახლობლად ფეხით და  ურმებით მომავალი ხალხი გამოჩნდა. 

დუხობორები ანუ სულისთვის მებრძოლნი - ასე უწოდებენ ისინი საკუთარ თავს.  

რუსეთ-თურქეთის ომის მერე ჯავახეთი ფაქტიურად დაუსახლებელი ტერიტორია იყო. დუხობორები კი, როგორც ურჩი (პროტესტანტი მართლმადიდებლები ეკლესიას არ ცნობდნენ და ჯარში სამსახურზე უარს ამბობდნენ) და "მოსაშორებელი" ხალხი, რუსეთის იმპერატორმა გადასახლებაში - ჯავახეთში გამოაგზავნა. 

იდეალური გადაწყვეტილება იყო თუ რატომ, ამას კოლია სუხორუკოვი მოგიყვებათ - ერთ-ერთი უხუცესი დუხობორი მათ შორის, ვინც დღეს ჯავახეთს შემორჩა: 

 

 

ნიკოლაის ნაამბობი: "ზოგი ჩვენთაგანი ბოშებიდანაა, ზოგი გერმანელი, ზოგი პოლონელი, მორდოველი, თათარი, კაზაკი, უკრაინელი, ფინელი. რა სისხლი აღარ გვირევია. ეროვნება არაა მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ ღვთის ვაჟები და ქალიშვილები.

აი, მაგალითად, თქვენ თუ მოგწყურდათ და ვინმემ წყალი მოგაწოდათ, რას გააკეთებთ, იკითხავთ რა ეროვნებისაა ეს წყალი? საღი ადამიანი მადლობას მოიხდის და დალევს.

როდესაც ცოლი მოვიყვანე,  მივედით მშობლებთან და ვუთხარით,: „ორივე მხრიდან სიყვარულია, ჩვენი სიტყვა - კანონია“.როცა სიყვარულია, მხოლოდ მაშინ არის ოჯახი მტკიცე. ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ცოლი სხვა ეროვნებისაა.

ჩვენი ბაბუები ელეპერაკებოდნენ უშუალოდ ღმერთს, რომელიც ცხოვრობს ადამიანის სულსა და გულში. ჩვენს და ღმერთს შორის შუამავლებს არა ვცნობდით. რაღაც ხნის განმავლობაში ქრისტიანობა და ჩვენი მსოფლმხედველობა თანაარსებობდა, მაგრამ მერე დევნები და გადასახლებები დაიწო. ეკლესიაში რატომ არ დადიხართო".

 

 

ნელ-ნელა შრომისმოყვარე, გამრჯე და ბეჯითმა დუხობორებმა ფეხი მოიკიდეს ჯავახეთში. ჯავახეთი მათი სახლი გახდა - გორელოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა და სხვა სოფლები სლავურ  დასახლებებად გადაიქცა - კოხტა პატარა სახლებით, სუფთა ქუჩებითა და ტრადიციულ, ნაქარგ სამოსში გამოწყობილი ადამიანებით. ჯავახეთი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2002 წელთან შედარებით, სამცხე–ჯავახეთში 47 ათას 94 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს. თითქმის დაცარიელდა გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცკა, ტამბოვკა, რადიონოვკა - 7 სოფელი, სადაც დუხობორები ცხოვრობდნენ. 

ნიკოლაი სუხორუკოვი, რომელიც გორელოვკაში დაიბადა და გაიზარდა, ამბობს, რომ მისი თანამემულეები უკეთესი ცხოვრების საძიებლად გაემგზავრნენ.

დუხობორები ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ. ალპურ ზონაში განსაკუთრებული საძოვრებია და ყველიც საუკეთესო გამოდიოდა. დღეს ჯავახეთში ხშირად გეტყვიან, რომ დუხობორების ყველი მოენატრათ. 

 

ეკომიგრანტები

 

დუხობორების  ნასახლარებზე ახლა სხვები ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობენ, ბედმა და ბუნებამ გადმოაგდო აქ. ეკომიგრანტები - აჭარიდან და სამხრეთ საქართველოს სხვა ადგილებიდან, ვისაც მეწყერმა და წყალდიდობამ სახლ-კარი დაუნგრია. 

ჯავახეთის მკაცრ ბუნებას ისინი შეეჩვივნენ. მათ სხვა პრობლემები აქვთ - საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში არ აქვთ გაფორმებული და არ აქვთ საკმარისი სათიბი, რომ საქონელი გამოკვებონ.

თითო ოჯახს მხოლოდ 2 ჰექტარი მიწა ერგო,სათიბი კი ორ სულ ძროხასაც ვერ ინახავს, ზამთარი ხომ აქ 7 თვეს გრძელდება. ეკომიგრანტების ნაწილი ადგილობრივ ფერმებში მუშაობს და ცოტა ხელფასს იღებს.  

„სახლები გაგვიფორმონ და სათიბები მოგვცენ. ჩვენი ჭერი ჩვენ გვქონდეს. რამე რომ მოხდეს, სად წავიდეთ მერე? სულ ლტოლვილებად ხომ არ ვიცხოვრებთ. მიწა არ გვაქვს, საქონელი როგორ შევინახოთ?“ - გვეუბნება ომარ შავაძე, ეკომიგრანტი, რომელიც სოფელ გორელოვკაში ადიგენიდან ჩამოვიდა

 

ომარის ნაამბობი: "ადიგენიდან ვარ, 2011 წელს სახლი დამინგრია მეწყერმა და აქ ჩამოვსახლდით. მთავრობა დამეხმარა, ეს სახლი მომცეს. ხუთი სული ვიყავით, გოგო გათხოვდა. ასე შემოვრჩით. ძროხას ვწველით, რძეს ვაბარებთ - ესაა ჩვენი შემოსავალი.

დიდხანს აქ არავინ ჩერდება.  ადრეც იყვნენ ჩამოსული ქართველები - 80-90-იანებში, მაგრამ ბევრი წავიდა. ზამთარში ისე ცივა, ბევრი ვერ უძლებს.  ჩვენ ჯავახეთში გავიზარდეთ, მიჩვეულები ვართ. უმიწოდ არ შეიძლება აქ ცხოვრება..

ათიოდე ბიზნესმენია, რომელიც მიწას აქირავებს. ჩვენიაო მიწა, იძახიან, ჩვენ ვერ ვეკარებით. რაიონშიც  ვიყავით (ნინოწმინდა), გუბერნიაშიც (თბილისი), მაგრამ არაფერი - იყიდე მიწაო, გვეუბნებიან. როგორ ვიყიდო, ფული რომ არ მაქვს? არადა, კარგი ადგილებია, შეიძლება ცხოვრება. ვისაც საქონელი უყვარს - იცხოვრება".

გორელოვლაში დღეს ქართველები 90-მდე ოჯახია. ძირითადად, სტიქიისგან დაზარალებულები - ადიგენიდან და ხულოდან.

გორელოვკაში ჩამოსახლებულ ქართველ მუსლიმებს  სახელდახელო მეჩეთიც აქვთ გაკეთებული - სახლი იყიდეს, გაარემონტეს,  მოლა მოიყვანეს. 

“აქ გვინდა ყოფნა, მაგრამ მიწა თუ არ იქნა, აქ კაცი ვერ გაჩერდება. უკვე აღარ ვვარგივარ იმისთვის, რომ თურქეთში მაინც წავიდე სამუშაოდ. ერთი დრო კარგი იყო, აქ რკინიგზა რომ გაჰყავდათ - მშენებლობაზე კი არ გვამუშავეს, მაგრამ ყარაულებად დაგვიქირავეს”

 

 

სეზონური მიგრანტები

თითქმის ყოველი სომხური ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის წასული სეზონური ან მუდმივი სამუშოაოს საძიებლად რუსეთში. ძირითადად, მამაკაცები მიდიან, ზაფხულობით. მუშაობენ მშენებლობებზე, აგებენ გზებს და შემდეგ იმ ფულით მთელი ზამთარი ცხოვრობენ.

ბედს არ ვუჩივი - მშენებლობაზე ვმუშაობ. ათი სული საქონელი მყავს, რძეს ვაბარებ. ცოლი და  ორი ქალიშვილი მყავს. ერთი რამაა ცუდი - ვაჟკაცი არ მეყოლა ჯერ, არადა საჭიროა.

უკვე 10 წელია არსად გავსულვარ, ადრე სულ რუსეთში დავდიოდი სამუშაოდ, კრასნოდარის ოლქში. ვმუშაობდი მშენებლობაზე, ნახევარ-ნახევარი წელიწადი. იქ ბევრი ახლობელი მყავს, სადღაც ხუთი წელიწადი მანდ გავატარე.

იქ სამუშაო კი არის, მაგრამ ძნელია მაინც, ოჯახში არ ცხოვრობ, ცხელ სადილს არ ჭამ, წვალობ.

ჩვენი სოფლიდან ახლა ერთი 20 კაცი  სამუშაოდ რუსეთშია წასული. ადრე ნახევარი სოფელი გადიოდა. ფული გაუფასურდა და აზრი არა აქვს - რომ დაახურდავებ, ბევრი აღარ გრჩება. ადრე ნახევარი წლის ნამუშევარით აქ მთელ ზამთარს გასტანდი.

მე აქ დავიბადე, მამა კოლმეურნობის მძღოლი იყო. მაშინ კარგი იყო - სავსე ოჯახი გვქონდა.

ჩემი გოგოები სკოლაში დადიან. გათხოვებას არ აპირებენ, სწავლა უნდა გააგრძელონ.  ქართული კარგად იციან. ერთმა მეორე ადგილი დაიკავა მათემატიკის ოლიმპიადაში. ასე რომ აწი დამეხმარებიან, ჩემნაირები კი არ იქნებიან, ნასწავლები გამოვლენ.  სკოლის მერე კიდევ ქართულს მეცადინებენ, რომ მერე სამსახურის შოვნა არ გაუჭირდეთ.

უფროსს უნდა სასწავლებლად და სამუშაოდ წასვლა თბილისში. ბინას ვიქირავებთ და წავა თბილისში. ჩვენც რომ რუსეთში ვმუშაობდით, ბინას ვქირაობდით, ყველანი ერთად. ხშირად ეს ბინაც არ იყო, არაფერი არ გვქონსდა, ფიცრებზე გვეძინა 6-7 კაცს ერთად. არა, ოჯახში ჯობია. ჩემი გოგოები ასე არ იცხოვრებენ.

 

ფრინველები

ჯავახეთში, პლატოზე  ფრინველების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანისი სამიგრაციო დერეფანი გადის. გაზაფხულზე ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო შემოდგომაზე - სამხრეთით, პლატოს ასიათასობით ფრინველი კვეთს.  წყალმარჩხი და საკვები პლანკტონითა და თევზით უხვი ტბები წყალმცურავი ფრინველებისთვის მშვენიერ კურორტია - დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

გადაფრენა ხომ ხანგრძლივი და შრომატევადი მოგზაურობაა, ენერგიის დიდ მარაგს მოითხოვს. ამიტომაც ზაფხულის განმავლობაში ფრინველები ემზადებიან, სუქდებიან და შემოდგომისთვის მზად არიან გაზას გაუდგნენ. ზოგი დღისით მიფრინავს (ყარყატები, მტაცებლები), ზოგიც - ღამე (იხვები და ზოგი ბეღურასნაირი).  

ზამთარში აქ ფრინველი არ რჩება. ზამთარი სუსხიანი იცის. ტბები გაყინულია, საკვები კი - მიუწვდომელი.

 

თუმცა, ზაფხულში ყველა ფრინველი როდი ტოვებს აქაურობას. ბევრი აქ ამთავრებს მიგრაციას, ბუდეს იკეთებს და მართვეებს ზრდის. ყარყატები, ვარხვები, იხვები, წეროებიც კი (წელს ჯავახეთში სავარაუდოდ სამმა წყვილმა დაიბუდა) თავშესაფარს და საკვებს ჯავახეთის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიებზე პოულობენ . მადატაფას ტბაზე სომხური თოლიების  (Larus armenicus) უდიდესი კოლონიაა. ნახევარკუნძულზე, რომელსაც გაზაფხულზე ადიდებული ტბა კუნძულად აქცევს, ათი ათასზე მეტი ფრინველი ბინადრობს.

 

Powered by  Jumpstart Georgia