დაუჯერებელი ამბები ბავშვთა საავამდყოფოებიდან

4 წლის წინ, დღემდე დაუდგენელი ვირუსით და მაღალი სიცხით, მე და ჩემი შვილი ციციშვილის სახელობის “ბავშვთა ახალი კლინიკის” გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მივადექით. დღემდე თითქმის ყველა დეტალი მახსოვს, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით შემორჩა ჩემს მეხსიერებას: სიმსივნით დაავადებული ერთი წლის  ბავშვის მშობელს მედპერსონალი რეანიმაციის განყოფილებაში არ უშვებდა, რადგან  ნახვის საათები ჯერ არ იყო; პატარა ბიჭი ცერებრალური დამბლით, რომელსაც საფენის იშვითად გამოცვლის გამო კანი ჰქონდა დაზიანებული. კიდევ მახსოვს ექთანი, რომელიც მორიგეობის დროს იძინებდა და ჩემს შვილს წამლებს არ ასმევდა; ასევე მახსოვს ღამე, როცა ჩემს შვილს სიცხემ აუწია, ჯერ კიდევ სტუდენტი ექიმი და ექთნები კი ერთმანეთს დაბნეული ეკითხებოდნენ, რომელი ანტიბიოტიკი დაენიშნათ.

ყველაზე რთული მაინც იმის მოსმენა იყო, რომ არსებობდა წამალი, რომელიც ბავშვს უშველიდა, მაგრამ საავადმყოფო, სიძვირის გამო, არ ყიდულობდა. მე მაშინ გამიმართლა, - კლინიკის მმართველ გუნდში ნაცნობი აღმოვაჩინე და წამალი იყიდეს.

ორი კვირის შემდეგ მე და ჩემმა შვილმა საავადმყოფო დავტოვეთ.  

დღემდე ვფიქრობ, რა მოხდებოდა, რეანიამაციაში დარჩენა კატეგორიულად რომ არ მომეთხოვა (ქართულ კლინიკებში მშობელს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეანიმაციაში მყოფი ბავშვის ნახვა მხოლოდ ცოტა ხნით შეუძლია), რა იქნებოდა იქ რომ არ ვყოფილიყავი და წამლები არ მიმეცა ბავშვისთვის, რა იქნებოდა მე რომ არ მეკონტროლებინა ტემპერატურა, ჭამის განრიგი, რომ არ დამეძალებინა ბუნებრივი კვება, რომელსაც პირველ კვირაში ბავშვს უკრძალავდნენ, რა იქნებოდა რომ არ გამეყო უდედოდ დატოვებული ბავშვისთვის საჭმელი და რა იქნებოდა ნაცნობი რომ არ მეპოვნა - რა იქნებოდა იმ წამლის გარეშე?

მაშინ საავადმყოფოში ჩემ გარდა კიდევ სხვა მშობლებიც იყვნენ, რომლებიც კითხვებზე პასუხებს ვერ იღებდნენ, ბრაზობდნენ ექიმებზე და ვერ იგებდნენ, როგორ დახმარებოდნენ შვილებს.

ეს სტატია სწორედ ასეთი მშობლების ხმებს აერთიანებს, მშობლების, რომლებიც ბავშთა კლინიკებში შვილების ავადმყოფობასთან ერთად ებრძოდნენ ექიმების დაუდევარ მოპყრობას, ანტისანიტარიას, დაუდგენელ დიაგნოზს და შიშს, რომ შეიძლება მათი შვილები სტატისტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ, სტატისტიკის, რომელსაც “ბავშვთა სიკვდილიანობა” ჰქვია.

Powered by  Jumpstart Georgia