ბურები, რომლებმაც ქართულ სოფელში სამშობლო იპოვეს

„არ გვინდა უკან დაბრუნება,“ დარწმუნებით გვეუბნება შუა ხნის ქერა ქალი, როგორც კი მსუბუქ მანქანას ვაპარკინგებთ და გზას ორხიდიანში გადასხდომის შემდეგ ვაგრძელებთ. ატალახებულ გზას ფერმისკენ მივყავართ, თბილისიდან 64 და გარდაბნიდან 14 კმ-ის დაშორებით. სამხრეთ აფრიკელმა ადრი დუ პრიზმა, მისმა მეუღლემ და თინეიჯერმა ქალ-ვაჟმა აქ მყუდრო კერა, მეგობრული ხალხი და   „აგრარული ექსპერიმენტების“ განსახორციელებლად ნაყოფიერი მიწა იპოვა.

„ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ჩვენი საქართველოში ჩამოსვლა გაქცევაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმ პროგრესის გამო მივიღეთ, რომელიც აქ დავინახეთ,“ გვეუბნება 41 წლის ადრი. „ხალხი ხელგაშლილი შეგვხვდა, რაც სამხრეთ აფრიკაში უკვე აღარ ხდება.“

 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 1990-იანი წლების დასაწყისში აპარტეიდის დასრულებას მზარდი რასობრივი დაპირისპირება, ძალადობა და დანაშაულის მატება მოჰყვა. დუ პრიზების ოჯახი ერთ-ერთია ბურების (სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი ფერმერები იგივე აფრიკანერები) მრავალ ოჯახს შორის, რომელთაც სასტიკი თავდასხმების ასარიდებლად სახლის დატოვება მოუხდა.

დუ პრიზების შორეული წინაპრები ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, შოტლანდიიდან და გერმანიიდან იყვნენ. თუმცა, ახლა ევროპაში ნათესავები არ ჰყავთ.

ქალაქ გარდაბანს გავცდით. გზა ნანგრევებადქცეულ დასახლებას მიუყვება. საბჭოთა დროს აქ კოხტა და მკაცრი სამხედრო ქალაქი იყო, სადაც უნებართვოდ ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. დუ პრიზების ოჯახი ამ გზაზე რეგულარულად მოძრაობს, როცა საყიდლებზე გარდაბანში, თბილისში ან სადმე სხვაგან მიდის.

სწორ, მწვანედ გადაჭიმულ ნაკვეთებს მივუყვებით. ადრის მანქანა ობლად მდგარ ეზოში ჩერდება. ირგვლივ არც ხეა, არც – ჩრდილი. სახელდახელოდ აგებული სახლი ორი კონტეინერისა და მათ შორის შეყუჟული ერთსართულიანი შენობისგან შედგება. შორს ჰორიზონტზე რომელიღაც ქარხნის მილების კონტურები მოსჩანს.

„ეს უბრალო კაბინაა იმისთვის, რომ სადმე ვიცხოვროთ,“ გვეუბნება ადრის მეუღლე 46 წლის ჯერი იგნატიუს პრიზი.

სამხრეთ აფრიკელმა ახალმოსახლეებმა ამ ეზოში 40 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს და მომავალში დიდი სახლის აშენებას გეგმავენ.

 

ახალი ცხოვრება გარდაბანში

 

სოფელი ლემშვენიერა, სადაც დუ პრიზები პირველად სტუმრად ჩამოვიდნენ და ახლა უკვე მათი მშობლიური სოფელია, ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და დაახლოებით 1 600 მკვიდრი ჰყავს. მათგან 44 % ეთნიკური აზერბაიჯანელია. თავად გარდაბნის მუნიციპალიტეტიც სამხრეთით აზერბაიჯანს ესაზღვრება. მოსახლეობა ძირითადად მებოსტნეობას, მეცხოველეობას და მეფუტკრეობას მიჰყვება.

ამ მხარეში ცხელი და გრძელი ზაფხული და ცივი ზამთარი იცის. აქ დუ პრიზებმა 9 ჰექტარი მიწა იყიდეს და დამატებით, მეზობლის კუთვნილ 12 ჰექტრამდე ნაკვეთსაც ამუშავებენ, ვიდრე მის შესაძენად საკმარის თანხას შეაგროვებენ.

ჩვენი მასპინძლების თქმით, საქართველოში სულ ბურების 9 ოჯახი ცხოვრობს. მათგან სამი ლემშვენიერის მკვიდრია.

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლემშვენიერაში ბურები დაახლოებით 1 000 ჰექტარ მიწას ფლობენ, დაახლოებით 10 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და მოსავალს ბათუმსა და თურქეთში ყიდიან. ძირითადად სიმინდი, ხორბალი და ქერი მოჰყავთ.

ბურებმა შორეული საქართველო ახალ სამშობლოდ საქართველოს მთავრობის ინიციატივის პასუხად აირჩიეს, რომელიც იმაზე აკეთებდა გათვლას, რომ გამრჯე, სოფლის მეურნეობაში გამოცდილი ბურები ჩამორჩენილ აგრარულ სექტორს ააღორძინებდნენ.

მართალია საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ამ სექტორზე უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი წილი მოდის და ის მშპ-ის მხოლოდ 9%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს.

მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით, ერთი ფერმერი საქართველოში 3,345 დოლარის ღირებულების პროდუქციას აწარმოებს, მაშინ როცა სამხრეთ აფრიკელი – სამჯერ მეტს.

ენმ-ის ლიდერობით, საქართველოს მთავრობამ სამხრეთ აფრიკის ტრანსვაალის აგრარულ კავშირთან 2010 წელს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ამას მოჰყვა ბურების დელეგაციების ჩამოსვლა. მათი მასპინძლობისას ხელისუფლება ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსა და კრიმინალის დაბალ დონეს უწევდა რეკლამას.

„ჩვენმა ზოგიერთმა სამხრეთ აფრიკელმა მეზობელმა ტრანსვაალის აგრარული კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურებში მიიღო მონაწილეობა,“ იხსენებს ადრი. „მათგან გავიგეთ საქართველოს შესახებ და მერე ჯერიმ ინფორმაცია მოიძია. ერთი ჩვენი მეზობელი თავისი ოჯახით გადმოვიდა [ლემშვენიერაში] და მე და ჯერი მათ 2013 წლის ოქტომბერში ორი კვირით ვესტუმრეთ.“

სამხრეთ აფრიკაში დუ პრიზები დიდ ძველ სახლს ქირაობდნენ, თავისი ორჰექტრიანი ნაკვეთით, რომელიც ბეთალში, სამხრეთ აფრიკის მპუმალანგას პროვინციაში მდებარეობს და სვაზილანდსა და მოზამბიკს ესაზღვრება. იქაურ ფერმერებს ძირითადად მზესუმზირა, ჭვავი და სორგო მოჰყავთ. ბეთალის 61,000-იანი მოსახლეობის მხოლოდ 13% არის თეთრკანიანი.

 

 

„პირადად ჩვენ არ გვქონია თავდასხმის შემთხვევა, მაგრამ ჩვენს გარშემო იყო ასეთი პრობლემები,“ გვიამბობს ადრი.

აფრიკანერების უფლებების დამცველი ორგანიზაცია აფრიფორუმის 2017 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ფერმებზე თავდასხმებსა და მკვლელობებს მიმოიხილავს, 2010 წლიდან 2016 წლამდე თავდასხმების წლიური რაოდენობა 179-დან 398-მდე გაიზარდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყოველ წელს 60 თავდასხმაზე მეტი მკვლელობით დასრულდა.

„ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი თავდამსხმელებმა მოკლეს, როცა ჩვენ ეკლესიაში ვიყავით კვირა დილით,“ იხსენებს ადრი. ზოგიერთი მათი ნაცნობიც გახდა ფიზიკური ძალადობის და მუქარის მსხვერპლი.

ადრი და ჯერი ე.წ. საზოგადოებრივი პოლიციის სისტემაში იყვნენ ჩართულნი, რაც თავდამსხმელების შესაკავებლად ფერმერების და პოლიციის შეთანხმებულ მუშაობას გულისხმობს. თუ რომელიმე ფერმერს განცდა ჰქონდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, ის უახლოეს მეზობელს ამცნობდა ამას და მის დასახმარებლად მეზობელი ფერმერები მოდიოდნენ. ზამთარში მოძალადეების მიერ ხანძრების წაკიდების საშიშროება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.

დუ პრიზებისა და მათი თანამემემამულე აფრიკანერების მშობლიური ენა აფრიკაანსი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 11 სახელმწიფო ენათაგან ერთ-ერთია. ის ინდოევროპულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და მე-17 საუკუნის ჰოლანდიური ენიდან განვითარდა. დღეს ამ ენაზე სამხრეთ აფრიკის 54-მილიონიანი მოსახლეობის 13.5% საუბრობს.

ბურების ოჯახი ინგლისურსაც მშობლიურივით ფლობს. ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად კარგი ინგლისურენოვანი წიგნები აკლიათ. როცა სამხრეთ აფრიკა დატოვეს და დოჰას გამოვლით 24-საათიანი მგზავრობის მერე ქართულ მიწაზე დადგეს ფეხი, თან შვიდი ჩემოდანი მოჰქონდათ – თითქმის წიგნებით სავსე.

ნაკლებად დაძაბული, ნაკლები კრიმინალი, მეტი თავისუფლება და ძალიან დიდი მხარდაჭერა ხალხისგან – ასეთია საქართველოში ცხოვრება ჯერისთვის. მისთვის და ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის ახალ ყოფაში ყველაზე რთული ქართული ენის სწავლა აღმოჩნდა. უკვე ესმით, მაგრამ საუბარი ჯერ კიდევ უჭირთ.

სოფლურ ცხოვრებაზე შეყვარებული ჯერი ამბობს, რომ კომფორტულად თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა ფეხშიშველი სიარული შეუძლია. „ყოველ საღამოს გარეთ გავდივარ და მზის ჩასვლას ვუყურებ… თბილისში ამას ვერ ვიზამთ, ვერც – იოჰანესბურგში. არა ვართ ჩვენ ქალაქელები.“

კონტეინერში მოწყობილ სამზარეულოში არხის წყალია შემოყვანილი. ავზში ფილტრის საშუალებით იწმინდება და სამზარეულოსა და აბაზანას ცივი და ცხელი წყლით ამარაგებს.

აბაზანაში მერცხლების ოჯახი ცხოვრობს. ღია კარიდან ამ „დაუპატიჟებელი, მაგრამ სასურველი“ სტუმრების ჭიკჭკის და ფრთხიალის ხმა ისმის და ვენტილატორით გაგრილებულ მისაღებ ოთახს მეტ სიმყუდროვეს სძენს.

არომატული ბიზნესი

ადრე გაზაფხული ლავანდის მოსავლის აღების დროა – დუ პრიზების მთავარი ბიზნესის. ახლად აყვავებული მელნისფერი ბუჩქები გარშემო კოხტად არიან ჩამწკრივებული.

ლავანდის არაერთ სასარგებლო თვისებას საქართველოში არც თუ ისე კარგად იცნობენ. არადა, ბევრ ქვეყანაში ლავანდის პლანტაციებია გაშენებული და მისგან ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი თვისებებით განთქმულ ეთერზეთებს ამზადებენ. ლავანდის ზეთი კულინარიაშიც პოპულარულია: კერძებს ოდნავ მოტკბო არომატს აძლევს.

„ჯანმრთელია, ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის და უფროსებისთვისაც, ვისაც სუნთქვის და ძილის პრობლემები აწუხებთ,“ გვიხსნის ადრი. ლავანდისგან ამზადებენ კრემებს, სუპს, ჩაის, შაქარსაც კი. მოთხოვნაა ყვავილებზეც, რომლებიც დეკორაციებისთვის გამოიყენება.

დუ პრიზების ნაკვეთში ახლა 500 ძირი ლავანდის ბუჩქი ყვავის. გეგმავენ, რომ მომავალში თითო ჰექტარზე 10,000-მდე მოიყვანონ. „ასე ხუთ წელში ლავანდის პლანტაცია ალბათ 5-6 ჰექტარზე გვექნება გაშენებული. ეს საკმაოდ კარგი ბიზნესია,“ ამბობს ჯერი.

ერთი მილილიტრი ლავანდის ეთერზეთი საერთაშორისო ბაზარზე შეიძლება 300 დოლარიც კი ღირდეს, თუ უმაღლესი ხარისხის იქნება. საშუალოდ, თითოეული ბუჩქი 10-20მლ ეთერზეთს იძლევა.

გასულ წელს დუ პრიზებმა დაახლოებით 400მლ ზეთი გამოხადეს და ათი ათმილილიტრიანი ბოთლი 25 ლარად გაყიდეს. დანარჩენი საჩუქრებად დაარიგეს, რათა მისი სასარგებლო თვისებების გაცნობის შესაძლებლობა სხვებისთვისაც მიეცათ.

მიწაში ჩარჭობილი თერმომეტრი ნიადაგის ტეპერატურას აკონტროლებს და ჯერის კარნახობს, როცა ლავანდის ბუჩქებს მორწყვა სჭირდება.

ჯერის აზრით, სამხრეთ აფრიკასთან შედარებით, საქართველოში ხალხი მიწას მოძველებული მეთოდებით ამუშავებს. „[იქ] მიჩვეული ვიყავით, რომ მთლიანად მექანიზებული იყო ყველაფერი.“

 

სამუშაო ხელსაწყოებით დატვირთულმა კონტეინერმა სამხრეთ აფრიკიდან გარდაბნამდე შორი გზა გამოიარა და ახლა ჯერის სახელოსნო და საწყობია. „ამათგან ბევრი იარაღი ძალიან სპეციფიკურია და საქართველოში არ იშოვება. ზოგიერთი აქ რომ მეყიდა, უსაშველოდ ძვირი დამიჯდებოდა.“ ქართული მიწის შეფასებისას ჯერი ამბობს, რომ ის საუკეთესოა. „პრინციპში, ყველაფერი, რასაც კი მიწაში ჩარგავ, ხარობს.“

მარნიკი 15 წლისაა, იგნისი 13-ის. როცა საქართველოში გადმოსვლის გეგმის შესახებ გაიგეს პირველად, ახალი თავგადასავლის დასაწყისივით აღიქვეს.

ბეთალში მათ ფერმას ბევრი ქვეწარმავალი და მორიელი სტუმრობდა, რაც იგნისს ძალიან აღიზიანებდა, ამიტომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს. დინოზავრებითა და მთის ქანებით გატაცებულს პალეონტოლოგობა სურს და მსოფლიოს დალაშქვრას გეგმავს.

მათი მშობლებისთვის საქართველოში გადმოსახლების მთავარი მიზანი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა იყო. ჯერი ბედნიერია იმით, რომ მის ქალ-ვაჟს განსხვავებული კულტურების და ბექგრაუნდების გაცნობის შესაძლებლობა აქვს. ამ ეტაპზე დუ პრიზებს საქართველოში ცხოვრებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვთ, მაგრამ იმედოვნებენ, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვასაც მიიღებენ და საბოლოოდ – მოქალაქეობასაც. „თავი სამშობლოში გგონიათ?“ – ბოლო შეკითხვას ვუსვამ. „ო, დიახ. ბევრად უფრო მეტად, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში,“ ადრი პაუზის გარეშე ამბობს. მეუღლე ეთანხმება: ქართველები „ძალიან შეკრულები არიან. ხალხი ერთმანეთს ძალიან ეხმარება.“

Powered by  Jumpstart Georgia