ბავშვები
შავშვებიდან
ბავშვები შავშვებიდან

ქეთი და მარი სოფელ შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. მათი ოჯახი აქ ლიახვის ხეობიდან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გადმოვიდა. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი 5-დღიანი ომის შედეგად, მათი სოფლის მსგავსად, ცხინვალის რეგიონში არსებული ათეულობით ქართული სოფელი მთლიანად განადგურდა.

 

26 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა და დევნილად იქცა.
დიდი და პატარა ლიახვის ხეობების 15 სოფლიდან იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებამ სოფელ შავშვებში ჩაასახლა.
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შავშვებში 177 სახლი აშენდა.
დღეს ამ დასახლებაში 608 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 48 სკოლამდელი ასაკის ბავშვია.
ბავშვების უმრავლესობა საბავშვო ბაღში არ დადის, რადგან უახლოესი ბაღი დასახლებიდან 4 კილომეტრშია. ამ მანძილის გავლა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ძნელია, განსაკუთრებით - ზამთარში.
მშობლების ნაწილი ბავშვების ბაღში წასაყვანად მიკროავტობუსს ქირაობს, რისი ღირებულებაც თვეში 7 ლარია. თუმცა 48 ოჯახიდან ამ თანხის გადახდას მხოლოდ 16 ახერხებს.
დანარჩენი ბავშვები სახლში რჩებიან და გარეთ, მტვრიან ქუჩებში თამაშობენ. მათ სათანადო სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.
ქეთის და მარის ოჯახს არ აქვს საშუალება, ორივე ბავშვის ბაღში წასაყვანად საჭირო 14 ლარი გადაიხადოს.
ადრეული ბავშვობა თითოეული ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. გონებრივი შესაძლებლობები სწორედ ამ დროს ვითარდება ყველაზე სწრაფად.
დაბადებიდან 6 წლის ასაკამდე ბავშვები ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებენ და ითვისებენ, ამიტომაც ამ წლების განმავლობაში მათი განვითარებისა და შემდგომი წარმატებისთვის ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება და სწავლება სჭირდებათ.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? 

იმის გამო, რომ ოჯახებს ბავშვების ბაღში მიკროავტობუსით სატარებლად ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, შავშვებში ჩასახლებულმა დევნილებმა გადაწყვიტეს, დასახლებაში არსებული უფუნქციო აბანოს შენობა გამოიყენონ, რეკონსტრუქცია გაუკეთონ და იქ ადგილობრივი ბავშვებისთვის ბაღი გახსნან.

 

უფუნქციო აბანო

შავშვების დევნილთა დასახლებაში აბანოს 2 შენობა 2009 წელს აშენდა, USAID-ის დაფინანსებითა და მაშველთა კომიტეტის ორგანიზებით. თუმცა წყლის უკმარისობის გამო, აბანო არასოდეს გახსნილა და 5 წელია, უფუნქციოა. დასახლებაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათთვის უფრო მოსახერხებელი ინდივიდუალური აბანოები იქნება და არა - საერთო, რომელიც მაინც არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, უფუნქციოდ დარჩენილი შენობების მდგომარეობა წლების განმავლობაში გაუარესდა: ჩაიმსხვრა მინები, შეილახა გარეფასადი და ადგილობრივები შენობას დროდადრო მხოლოდ საწყობად იყენებენ. 

 

 

 

აბანოს ნაგებობები დასახლებაში 5 წლის წინ აშენდა.
შენობები დღემდე უფუნქციოა.
ნაგებობში არის სველი წერტილებიც.
უფუნქციო შენობების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ადგილობრივ მოსახლეობას შენობების სასარგებლოდ გამოყენება სურს.

საჭირო ფინანსები

აბანოს შენობის საბავშვო ბაღად გადაკეთების ინიციატივას შავშვების დევნილთა დასახლების ამხანაგობის თავმჯდომარე, გალინა ქელეხსაევა ხელმძღვანელობს. მისი თქმით, შენობის გადაკეთებას და მისი საჭირო ნივთებით, წიგნებითა და სათამაშოებით აღჭურვას დაახლოებით 10 000 ლარი დასჭირდება. 

 

ადგილობრივები მზად არიან, საჭირო სამუშაოები თვითონ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეასრულონ და სამშენებლო თუ სხვა მასალებისთვის საჭირო ხარჯებისთვის 1 000 ლარიც გაიღონ. თუმცა საბოლოო მიზნის მისაღწევად შავშვების დევნილთა დასახლებას დამატებით 9 000 ლარი სჭირდება. 

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” შავშვების დევნილთა დასახმარებლად და საბავშვო ბაღის გახსნისათვის საჭირო თანხის მოსაძიებლად კამპანიას იწყებს. აბანოს შენობის რეკონსტრუქციისა და იქ საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ, ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ბაღის ფუნქციონირების ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს, როგორც ეს ახალსოფლის, თელიანისა და დევნილთა სხვა დასახლებებში მოხდა. 

 

მოსახლეობის თქმით, ბაღი მომავალ წლებში კიდევ უფრო საჭირო იქნება, რადგან დასახლებაში არის 30-მდე ჩვილი, რომლებიც მალე სკოლამდელი განათლების ასაკს მიაღწევენ და ბაღში სიარული დასჭირდებათ.

თუ გსურს, შეცვალოთ რამე და გაწუხებს სოციალურად დაუცველი ბავშვების მომავალი, ჩაერთე კამპანიაში!