ასპინძის უექიმო და უამბულატორიო სოფლები

 

სოფლები ექიმის გარეშე

56 წლის ჯამბულ ქამაშიძე ასპინძაში, სოფელ მირაშხანში ცხოვრობს. ამბობს, რომ დაახლოებით 20 წელია, სოფელში არც სამედიცინო პუნქტი აქვთ და არც ექიმი და ექთანი ჰყავთ.

ჯამბულის ოჯახს ხშირად არა, მაგრამ, მის თანასოფლელ, ასევე, ქამაშიძეების ოჯახს, სადაც 12 წევრია, ექიმის დახმარება ხშირად სჭირდება.

ამ ოჯახში ორი მცირეწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და მათ ეზოში, კვირაში ორჯერ მაინც, სასწრაფო დახმარების მანქანა დგას.


ლელა გორგაძეც სოფელ მირაშხანში ცხოვრობს. ლელას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პატარები ავად ხშირად ხდებიან. შვილებისთვის წამალი რომ იყიდოს, ლელას უბნის ექიმის რეცეპტი სჭირდება, ამისათვის კი მეზობელ სოფელს, ნაქალაქევს უნდა ესტუმროს, ნაქალაქევის ამბულატორიაშიც ექიმი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს მიდის. 


მირაშხანი ასპინძის რაიონული ცენტრიდან ყველაზე მოშორებული სოფელია. აქ 70 ოჯახი ცხოვრობს.

მირაშხანი ნაქალაქევის თემში შედის, სადაც ოთხი სოფელი: მირაშხანი, თმოგვი, ნაქალაქევი და ფია ერთიანდება. ამ სოფლებს ერთი ექიმი მაია ლეკიშვილი და ორი ექთანი მზია ანთაძე და ია ბერიძე ემსახურებიან. ამ თემის ერთი ამბულატორია სოფელ ნაქალაქევშია, მეორე კი თმოგვში.  

მირაშხნელებს ექიმი ნაქალაქევში ჰყავთ, ექთანი კი თმოგვში. 

სოფელში ამბობენ, რომ ექიმი თვეში ერთხელ მიდის,  რაც შეეხება ექთანს, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უფრო მალე მიდის დაბა ასპინძიდან, ვიდრე უბნის ექთანი თმოგვიდან.

 


ექთანს, ია ბერიძეს, მირაშხნელების უკმაყოფილება უკვირს და ამბობს, რომ მირაშხანში ხშირად დადის. 

ექთანი სხვა პრობლემაზე, ამბულატორიის მოუწესრიგებულობაზე საუბრობს.  თმოგვის ამბულატორიაში, წვიმიან ამინდში, შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ.

უბნის ექთანი ამბობს, რომ აქ პციენტების მიღება რთულია, ამიტომ პირველადი დახმარების ნივთებსა და წამლებს სახლში ინახავს, პაციენტებს კი ბინაზე ემსახურება. 

 ამბულატორიები

მირაშხანი გამონაკლისი არ არის. ასპინძის მუნიციპალიტეტის 23 სოფლიდან ექიმი მხოლოდ 6 სოფელს ჰყავს, ექთანი კი 17–ს.

უკეთესი მდგომარეობა არც ამბულატორიების კუთხითაა. მუნიციპალიტეტის 23 სოფლიდან ამბულატორია მხოლოდ შვიდ სოფელშია და ამათგან, გარემონტებული და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მხოლოდ ერთია – სოფელ ხიზაბავრის ამბულატორია.

დანარჩენი ექვსი – ტოლოშის, ზველის, დამალის, ოშორის, თმოგვისა და ნაქალაქევის ამბულატორიები ავარიულია, უმეტესობას არ აქვს წყალი, ელექტროენერგია და საჭირო ინვენტარი.

ამბულატორიების უმეტესობაში, პირობების არარსებობის გამო, მხოლოდ პაციენტების ისტორიასა და აღრიცხვის ჟურნალებს ინახავენ.

ოშორის ამბულატორია
ოშორის ამბულატორია
ოშორის ამბულატორია
იდუმალის ამბულატორია
იდუმალის ამბულატორია, სადაც ოჯახი ცხოვრობს
რუსთავის ამბულატორია
რუსთავის ამბულატორია
რუსთავის ამბულატორია
რუსთავის ამბულატორია
თმოგვის ამბულატორია
თმოგვის ამბულატორია
თმოგვის ამბულატორია

 

მაგალითად, სოფელ ოშორაში ამბულატორია ისეთ მიუვალ ადგილზე დგას, რომ იქამდე მისასვლელად ან მდინარე ოშორულაში უნდა გაცურო, ან საცალფეხო ხიდით ისარგებლო. ამბულატორიამდე სამანქანო გზა არ მიდის.

სოფელ ოშორაში, 60 წლის წინ აშენებულ ამბულატორიაში წლების განმავლობაში დევნილები ცხოვრობდნენ. აქ არც წყალია და არც ელექტროენერგია. შენობის მხოლოდ ორი ოთახია გარემონტებული. მაშინ როდესაც აცრები ტარდება, უბნის ექთანს, რუსუდან შაინიძეს ელექტროენერგია და წყალი მეზობელი ოჯახიდან გამოჰყავს.

ჯანდაცვის სამინისტრო 

სოფლებში პირველადი ჯანდაცვა რომ სერიოზული პრობლემაა, არამხოლოდ უექიმო და უამბულატორიო დასახლებების მაგალითიდან ჩანს. უკეთესი მდგომარეობა არც უბნის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების კუთხითაა.

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ქეთევან გოგინაშვილის განმარტებით, 2008 წლიდან სოფლის ექიმები ფიზიკურ პირებად ჩამოყალიბდნენ. 2014 წლიდან მათი ხელფასები 20%–ით გაიზარდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ისინი ვალდებული არიან იმ თანხით, რაც პირად ანგარიშზე ერიცხებათ, პირველადი დახმარების მედიკამენტები შეიძინონ და კომუნალური ხარჯები გადაიხადონ.

„რეცეპტის ფორმებს, ჟურნალებს და აღრიცხვის ფორმებს მათ უფასოდ სამინისტრო აძლევს. ერთჯერადად შევუძინეთ ჩანთები, რომელშიც პირველადი დახმარების მედიკამენტები ინახება, შემდგომში მათი შევსება მათ ევალებათ“, – აცხადებს ქეთევან გოგინაშვილი.

უბნის ექიმების ხელფასი დარიცხვით 650 ლარია, ხოლო ექთნების 455 ლარი. მაგალითად, ექთანი ნანა ბერიძე ხელზე 364 ლარს იღებს. დაახლოებით 50 ლარი წამლების შესაძენად აქვს განსაზღვრული, 10 ლარს კი სამედიცინო ნარჩენის გატანისთვის იხდის. დარჩენილი თანხიდან მანვე უნდა გადაიხადოს ელექტრო ენერგიის გადასახადიც.

უბნის ექიმისა და ექთნის ხელფასი

eqimis da eqtnis xelfasebi
Infogram

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში არსებული ამბულატორიები დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სოფლის ექიმის თხოვნით, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადავდა, რაც გამგეობას უფლებას აძლევს შენობის შეკეთებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფული გამოყოს.

ასე, ასპინძაში, მხოლოდ ერთ, სოფელ ხიზაბავრის ამბულატორიას გაუმართლა, იმ ერთ ამბულატორიას შვიდს შორის, რომელიც გარემონტებულია. ხიზაბავრის ამბულატორიის გასარეონტებლად გამგეობამ 10 000 ლარი დახარჯა.

ვინაიდან ამბულატორიები მათ ბალანსზე არ არის, შესაბამისად, გამგეობას მათთვის ფულის გამოყოფა არც ევალება.

ასპინძის ბიუჯეტში, რომლის ოდენობა, 8 931 000 ლარია, ჯანდაცვას 266 000 ლარი ხმარდება და ეს თანხა სხა ტიპის მომსახურებებზე იხარჯება.

ასპინძის ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწერილი თანხები


ასპინძის ბიუჯეტში ჯანდაცვის კუთხით გაწერილი თანხები
Infogram

  
ასპინძის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბულატორიების პრობლემის შესახებ იციან. გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველბამ 2014 წლის არჩევნების შემდეგ პრიორიტეტად გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა დაისახა, მომავალ ოთხ წელს კი ასპინძის სოფლებში ე.წ „სოფლის სახლების“ რეაბილიტაციას დაიწყებენ, სადაც ერთი ოთახი ამბულატორიასაც დაეთმობა.

გამგებლის მოადგილის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი, 2021 წელს უკავშირდება, თუმცა, ეს პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს, რადგან, გამგეობას მხოლოდ ოთახის მოწყობა შეუძლია, ექიმის დანიშვნა, მისი ხელფასი და მედიკამენტები მის კომპეტენციას სცდება.

და, თუ ამ ოთხ წელიწადში, სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის მოწესრიგების სხვა მოდელი არ ამუშავდა, მაშინ ქამაშიძეების ოჯახი, და არამხოლოდ ქამაშიძეების, ისევ სასწრაფო დახმარების იმედზე დარჩება – რომელიც ასპინძის სოფლებში, გამოძახების შემთხვევაში, დაბა ასპინძიდან მიდის.

Powered by  Jumpstart Georgia