არეშფერანში მცხოვრები ეკომიგრანტები ბინების დაკანონებას ითხოვენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში ჩასახლებული 70 ეკომიგრანტი ოჯახი ბინების დაკანონებას ითხოვს. არეშფერანელების თქმით, 10 წლის წინ ხელისუფლებამ მათ დროებით მფლობელობაში საცხოვრებელი სახლები და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადასცათ, თუმცა მისი დაკანონება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

აჭარიდან არეშფერანში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ჩამოსახლებული ეკომიგრანტი მზისადარ გოგიტიძე ამბობს, რომ 7 წელია ბინის დაკანონებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, დახმარების თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, თუმცა საკითხით არავინ დაინტერესებულა.

 

 

გარდა ბინის დაკანონებისა, სოფელში მცხოვრები ეკომიგრანტები დღეისთვის შექმნილ სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, სოფელს ამბულატორია და მდინარეზე გადასასვლელი სამანქანო ხიდი არ აქვს, რაც გადაადგილებაში უშლით ხელს.

 

სოფელ არეშფერანში მდებარე მდინარე, რომელიც სოფლის შუაში ჩამოედინება

ეკომიგრანტები გარდა სხვა პრობლემებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ ეკომიგრანტობა მხოლოდ სტატუსია და ხელისუფლება მათ სათანადოდ არ ეხმარებათ, თავს მცირე მეურნეობებით, მეხილეობით, მეცხოველეობით და მევენახეობით ირჩენენ, მიღებული პროდუქციის რეალიზება კი სწორედ აღნიშნული ტრანსპორტის არარსებობის გამო უჭირთ.

 

ეკომიგრანტები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ბინების დაკანონების პროცესი დააჩქაროს, იმისთვის რომ თავი მშვიდად იგრძნონ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 102 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გასულ წელს 16 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი სახლები. მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, ივნისის ბოლომდე კიდევ 34 ოჯახისთვის იგეგმება ბინების დაკანონება. დარჩენილია 52 ოჯახი, რომლებსაც ეტაპობრივად, ერთი წლის განმავლობაში დაუკანონდებათ საცხოვრებელი სახლები.

კახა ჯამბურია
არეშფერანში მცხოვრები ეკომიგრანტი მზია სურმანიძე საცხოვრებელ სახლს იმის გამო ვერ არემონტებს, რომ საკუთრებაში არ აქვს გადაცემული.

2004-2011 წლებში სახელმწიფომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკომიგრანტთა 1,064 ოჯახი განასახლა. 2010-2014 წლებში ეკომიგრანტების განსახლებისათვის 1,6 მილიონ ლარზე მეტი თანხა მობილიზდა 86 საცხოვრისიშესაძენად.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად 2015 წელს უწყებამ დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები ეკომიგრანტების სახლების აზომვითი–საკადასტრო ნახაზების მომზადდა და ახლა საჯარო რეესტრში აღნიშნული ბინების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს.

ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, დავით კაიკაციშვილის თქმით, წლის ბოლომდე ყველა ეკომიგრანტს გადაუფორმდება ის ბინები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ.

 

ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი დავით კაიკაციშვილი

ექსპერტების თქმით, ეკომიგრანტები ვერ ხედავენ, რეალურად რა ფუნქცია აქვს მათ სტატუსს, რადგან მათი პირობები არაფრით განსხვავდება ადგილობრივი მოსახლეობის პირობებისგან. პრობლემები, რომლებიც ეკომიგრანტებისთვის შეძენილი სახლების საკუთრების საკითხს უკავშირდება, კერძოდ კი ის, რომ წლებია ისინი ცხოვრობენ სახლში, რომელიც მათი საკუთრება არაა,  ხელს უშლის ეკომიგრანტებს თავი საკუთარ სახლში იგძნონ. ასევე, ხელს უშლის ეკომიგრანტების ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან საშუალებას არ აძლევს მათ, შედარებით დაბალპროცენტიანი კრედიტებით ისარგებლონ.

ეკომიგრანტების და ექსპერტების თქმით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ბინების დროულად დაკანონებაა.

 

Powered by  Jumpstart Georgia