არდადეგები სოფელში
არდადეგები სოფელში

გიორგი ფოლადაშვილი 12 წლისაა. ის ერთადერთი მოზარდია, რომელიც სოფელ პანტიანს წელიწადის ოთხივე დროს არ შორდება.

გიორგის თანატოლი კახა ქერდიყოშვილი, ამჟამად, რუსთავში ცხოვრობს. მშობლიურ სოფელში, მხოლოდ, დასვენეების დღეებსა და არდადეგების დროს ჩადის.

კახა ქერდიყოშვილი და გიორგი ფოლადაშვილი
ქოხი

მეგობრებმა სოფლის განაპირას ქოხის აგება გადაწყვიტეს. მწყემსებს და გამვლელებს თავშესაფარი ექნებათო.

 

,,ზაფხულში სიცხეს შეეფარებიან, უამინდობისას კიდევ წვიმას" - გვითხრეს მათ.

სოფელ პანტიანში ამჟამად 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. 

კომუნისტების პერიოდში კომლთა რაოდენობა აქ 80-ს აღწევდა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების პირველივე წლებიდან რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა.

70 წლის სოფრომ ჩარაშვილი იხსენებს, რომ მისი ოჯახი პანტიანის დასახლებაში, სხვებთან ერთად, კომუნისტების პერიოდში დაასახლეს და კოლმეურნეობაში ჩართეს. 

,,პანტიანიც მას შემდეგ დაარქვეს. მე ბავშვი ვიყავი, როცა აქ დავსახლდით. ქვემო ჭალის მეურნეობასთან გაგვაერთიანეს და დიდი კოლმეურნეობა გაკეთდა." - იხსენებს სოფრომ ჩარაშვილი.

მისი თქმით, მამა-პაპა სხვილოს ციხის ჩრდილოეთით მდებარე მთიან სოფელ ორხევში ცხოვრობდა. ეს სოფელი ახლაც არსებობს.

პანტიანის ჩრდილოეთით მდებარეობს სოფელი მონასტერი, სადაც პანტიანელ ანო ბიგანიშვილს ახლონათესავები ჰყავს. სოფელ მონასტერთანაც, ამჟამად, მავთულხლართებია გამბული.

,,მიმოსვლა ომამდე გვქონდა. ტრანსპორტიც დადიოდა. თუ რამე გვჭირდებოდა, იქ მივდიოდით. ისინიც ჩამოდიოდნენ. მე მაგალითად გოჭები იქიდან მომყავდა ხოლმე" - ამბობს ანო ბიგანიშვილი. 

ადგილობრივებს მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ახლობლებთან ურთიერთობა, მხოლოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით აქვთ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი მათ ჩრდილოეთ ოსეთში ნახვას აგრძელებენ.

 

მოხუცები, რომლებსაც შვილიშვილები ენატრებათ
მოხუცები, რომლებსაც შვილიშვილები ენატრებათ

პანტიანში მცხოვრები ნელი ხუბაშვილი და ზადო ბიგანაშვილი 1957 წლიდან ერთად ცხოვრობენ.

სამი შვილიდან ერთი ვაჟი ჰყავთ, რომელმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში სოფელი დატოვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში წავიდა.

უცხო მხარეში, თავდაპირველად, ცხოვრება გაუჭირდა, სამუშაოს შოვნა ძნელი იყო.

,,მე ახლა უკვე დიდი შვილიშვილები უნდა მყავდეს. მართალია, ჩემი ვაჟი ახლა კარგად ცხოვრობს, მაგრამ გვიან დაოჯახდა. უკვე ორი შვილი ჰყავს,  სამი წლის და მეორე 6 წლის. " - ამბობს ნელი ხუბაშვილი.

ვლადიკავკაზიდან ვაჟი და რძალი  სოფელში გასული წლის ზაფხულში იყვნენ. 

,,ჩვენ არც შეგვიძლია სადმე წასვლა. გოგოები კი, თბილისში დაოჯახდნენ, მაგრამ იქაც წასვლა გვიჭირს. სოფელში რომ გაიაროთ, სულ ჩემნაირი ჯოხიანი მოხუცები შეგხვდებათ. სადმე წასვლა თუ გინდა, ტაქსი უნდა დაიქირავო, ჩვენ კიდევ პენსიით ვცხოვრობთ. შვილები გვეხმარებიან, მაგრამ არ გვინდა მათი შეწუხება" - გვეუბნება ზარდო ბიგანაშვილი.

ნელი ხუბაშვილმა და ზარდო ბიგანაშვილმა ერთმანეთი ქვემო ჭალის სკოლაში გაიცნეს. ნელი ხუბაშვილი პანტიანის მეზობელ სოფელ ვაკეში ცხოვრობდა. მათ შეუღლებაში დიდი წვლილი გოგოს მამას მიუძღოდა.

,,ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ მე არ ვიცნობდი, თვითონ მიცნობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მე სამუშაოდ თბილისში წავედი, თვითონ კი, ჯერ რუსეთში წავიდა, შემდეგ კოლმეურნეობაში დაიწყო მუშაობა. გარიგებით მოხდა ჩვენი შეუღლება"- იხსენებს ნელი ხუბაშვილი.

,,მამამისმა უფრო იაქტიურა. სულ მეუბნებოდა, რას იზამ, ჩემ გოგოს როდის წაიყვან ცოლადო. კარგი გოგო იყო, უარი რატომ უნდა მეთქვა" - წლების წინანდელ სიყვარულის ამბავს ზარდო ბიგანაშვილი დღესაც მხიარულად იხსენებს.

 

Powered by  Jumpstart Georgia