ახალციხის დაბერებული სოფლები

საბა ბურდული და ანანო ბერიძე, სოფელ ანდის სკოლის მოსწავლეები არიან. საბა მეორე, ანანო კი მესამე კლასშია. მათ გარდა, ამ სკოლაში კიდევ ორი მოსწავლეა.

ანდაში ამბობენ, რომ სოფელი იცლება და მოსწავლეების რაოდენობა კლასებში წლიდან წლამდე მცირდება. 

ნინო ივანიძე, ანდის სკოლის მასწავლებელი


ანდაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ ს
ოფლის დაცლა  გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან დაიწყო. წასვლის მიზეზად ადგილობრივები სოფელში, არასახარბიელო საცხოვრებელ პირობებს ასახელებენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდები ვერსად დასაქმდნენ და იძულებული გახდნენ, უკეთესი პირობების ძებნაში სოფელი მიეტოვებინათ. 

 

ასე იქცა სოფელი ანდა დაცლილ სოფლად. ახლა აქ ყოველ მეორე სახლს ბოქლომი ადევს. 30 ოჯახიდან ანდაში მხოლოდ 17 შემორჩა.
ნაირა ინასარიძე, ანდის მკვიდრი
ვარდენ ინსარიძე, ანდის მკვიდრი
'მაღალმთიან რეგიონებში სამუშაო ადგილების შემქმნელი საქმიანობების სიმცირე ახალგაზრდების მიგრაციის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია', – ვკითხულობთ საქართველოს სოფლის განვითარების 2017–2020 წლების სტრატეგიაში.

 

სოფელი ანდა ისტორიულ წყაროებში XVI საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება. სოფელში ამბობენ, რომ ადრე აქ მუსლიმი მესხები ცხოვრობდნენ. 1944 წელს, მათი გადასახლების შემდეგ, სოფელში მოსახლეობა ანდრიაწმინდიდან გადმოუსახლებიათ. 

სოფელში დღემდე ტალახით ნაშენი სახლებია. ადგილობრივები უყურადღებობაზე ჩივიან, ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 1460 მეტრზე მდებარეობს, ცუდი გზაა, ზამთარში კი ხშირად ეს გზაც იკეტება. 

ესეც ერთ–ერთი ფაქტორია, სოფლის დაცლის. 

 

 

ანდაში ამბობენ, რომ სოფელს ახალგაზრდობა რომ დაუბრუნდეს და სოფელი არ დაიცალოს, პირობები უნდა ჰქონდეთ. პირველ რიგში – გზა, რომლითაც გადაადგილება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი და ზაფხულშიც.
აშენდეს საბავშვო ბაღი, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი და მაღაზია, რომელშიც პროდუქტების შეძენას შეძლებდნენ
„მე რომ ხელისუფლებაში ვიყო ხალხს დავასაქმებდი, სამუშაო ადგილებს შევქმნიდი. უსაქმურად რომელი ახალგაზრდა გაჩერდება სოფელში. სოფლის მეურნეობით და საქონლის შენახვით ძლივს ვარჩენთ ოჯახებს“, – ამბობს სოფლის უხუცესი, 76 წლის ვარდენ ინასარიძე.


ანდა გამონაკლისი არ არის. მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა სამცხე–ჯავახეთის არაერთ მაღალმთიან სოფელში. 

მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის  საყოველთაო აღწერის მიხედვით, რეგიონში ბოლო 12 წელიწადში, მოსახლეობის რაოდენობა 47 094–თაა შემცირებული. 

 
სუბსიდიები
Create bar charts

 


ადგილობრივების ჩივილს უყურადღებობაზე, უსაფუძვლოს უწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. ახალციხის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ბოლო წლებია სოფელს იმაზე მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. არგუმენტად, გასულ წელს განხორციელებული და წელს დაგეგმილი პროექტები მოჰყავთ. 

გამგეობის ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რაც ივნისის მდგომარეობით 11 685 700 ლარია, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 4 495 700 ლარია განსაზღვრული. ამ თანხით, დაგეგმილია დაახლოებით 35 ინფრასტრუქტურული პროექტის უზრუნველყოფა. 

ამის გარდა, სხვადასხვა ფონდებიდან სოფლის ინფრასტრუქუტრის მოსაწესრიგებლად გამოყოფილია 2 510 200 ლარი.

 

ნოდარ ბალახაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი

ერთია გამგეობის ოპტიმისტური პროგნოზი და მეორე რეალობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ახალციხის 46 დასახლებიდან (ქალაქი ახალციხე, ქალაქი ვალე და 44 სოფელი), მოსახლეობა 15%–ით არის შემცირებული. ჯამში სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის კლება 2002–დან 2014 წლამდე 22.6 %–ია. 

უმუშევრობის და არასახარბიელო პირობების გამო დაცლილ სოფელს ახალგაზრდები მხოლოდ ზაფხულობით და ისიც რამდენიმე კვირით უბრუნდებიან.
სექტემბრიდან კი ანდის დაცლილ და მიტოვებულ ქუჩებში მხოლოდ მოხუცები დარჩებიან. ანდის სკოლასაც ისევ მხოლოდ ოთხი მოსწავლე მიაკითხავს. 2017 წელს სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება.
Powered by  Jumpstart Georgia