90 ათასი ახალგაზრდა სამუშაოს ძიებაში

ნანა ინჯგია 24 წლისაა, ბოლო 5 წელია, ჟურნალისტად მუშაობს, თუმცა, მხოლოდ 1 წელია, რაც ანაზღაურებადი სამსახური აქვს. 3 წელი ახალგაზრდულ ტელევიზიაში მუშაობდა, სადაც ჰონორარის სახით, ჯამში, მხოლოდ 300 ლარი აიღო. ნანა იმ ასაკობრივ ჯგუფში შედის, რომელსაც სამუშაოს პოვნა ყველა მეტად უჭირს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით,  20-24 წლის ასაკის მოქალაქეებში უმუშევრობის მაჩვენებელი 3-ჯერ მაღალია, ვიდრე მთლიანად მოსახლეობაში.

 

 

 

ბოლო 10 წელია, უმუშევრობა,  სიღარიბესთან და ინფლაცასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება. NDI-ის მიერ 2019 წლის ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 18-34 წლის მოსახლეობის 55% თავს უმუშევრად მიიჩნევს. უმუშევრობის მიზეზად ისინი სხვა მოვალეობებს, პირადი კავშირების არ ქონასა და შესაბამისი უნარების/განათლების ნაკლებობას ასახელებენ.

სწავლის პარალელურად  მუშაობა ახალგაზრდებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. ანა ზაქაშვილი პირველი კურსიდან სწავლის პარალელურად მუშაობს. არჩევანს მხოლოდ ისეთ ვაკანსიებზე აკეთებდა, რომლებიც სწავლაში ხელს არ შეუშლიდა, თუმცა მსგავს პოზიციებზე ანაზღაურება დაბალი იყო, პირობები კი - მძიმე. ანას თქმით, გამოცდილების გარეშე სამსახურის დაწყება ძალიან რთულია, სტუდენტისთვის კი გამოცდილების მიღების ერთადერთ შესაძლებლობად მომსახურების სფერო რჩება.

 

.

CRRC-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, შრომისმოყვარეობასთან ერთად, სამუშაო გამოცდილება, გამართლება და ნაცნობაა. გამოკითხვის შედეგებს იზიარებს სოფო წულაია, რომელიც პროფესიით იურისტია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯად მუშაობს. იურისტად დასაქმება ბევრჯერ სცადა, თითქმის ყველა ღია კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რაც გამოცხადდა, თუმცა დღემდე პასუხის მოლოდინშია. სოფოს აზრით, კარგ განათლებასთან და შესაბამის უნარებთან ერთად, რეკომენდატორის დახმარება აუცილებელია.

 

.

ეკონომისტების შეფასებით, უმუშევრობის მყისიერად შემცირება შეუძლებელია, რადგან მთავარი მიზეზი მცირე ეკონომიკაა. გამოსავალს ისინი ეკონომიკის ზრდაში ხედავენ, თუმცა, თუ არსებული ტემპი შენარჩუნდება, პრობლემა ვერ მოგვარდება. მათი შეფასებით, ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, აღნიშნულ პრობლემასთან ერთად, რამდენიმე დამატებითი მიზეზითაა განპირობებული. ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, ახალგაზრდები მეტად ფიქსირდებიან სამუშაოს მაძიებლად. უფროსი თაობისგან განსხვავებით, მათში ნიჰილისტური დამოკიდებულება ნაკლებია და, შესაბამისად, მათი წილი დასაქმების მსურველ მოქალაქეებში მაღალია. მეორე მიზეზი, რაზეც ეკონომისტი საუბრობს, საქსტატის მეთოდოლოგიაა, რომლითაც უმუშევრების რაოდენობას ითვლიან. საქსტატის მიხდევით, საქართველოში 688 ათასი 15-დან 29-წლამდე  ახალგაზრდა ცხოვრობს, მათგან ეკონომიკურად აქტიური ნახევარზე მეტია, დანარჩენები კი სამსახურს არ ეძებენ, ან არ არიან მზად, დაიწყონ მუშაობა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

 

საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში 1 საათით მაინც ეხმარებოდით ოჯახის წევრს სოფლის მეურნეობაში, უმუშევრად არ ითვლებით. ეკონომისტებისთვის მსგავსი მეთოდოლოგია დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან არ აჩვენებს რეალურ სურათს, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, თუმცა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია და გარკვეული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია. 

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ახალგაზრდებში უმუშევრობას იწვევს, არასწორად არჩეული პროფესიაა. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები შრომით ბაზარზე არსებული ვაკანსიების შესაბამისი არ არის. ამას 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შდეგებიც მოწმობს. 623 პროგრამიდან ყველაზე მაღალი კონკურსი ფილოსოფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, საინჟინრო უსაფრთხოებისა და მედიცინის ფაკულტეტებზე დაფიქსირდა. აღნიშნული პროფესიებიდან საჯარო სამსახურებში მაღალი მოთხოვნა კი მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებზე იყო. Hr.gov.ge-ის მონაცემებით, 2018-2019 წელს ყველაზე მეტი ვაკანსია ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტებისთვის, იურისტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის გამოქვეყნდა. 2018 წლიდან დღემდე ვებ-გვერდზე 14 000-მდე ვაკანსია გამოქვეყნდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებების ათეული კი ასეთია: 

 

 

.

დასაქმება გაცილებით მარტივია იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით სპეციალიზდებიან, მაგალითად, პროგრამისტებისთვის,  დიზაინერებისა და კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის. მსგავსი პროფესიის ადამიანებს საერთაშორისო კომპანიებისთვის დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ. დათო ბუმბეიშვილი პროგრამისტია და, ძირითადად, მონაცემების მიმართულებით მუშაობს. ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკში მუშაობდა, თუმცა პარალელურად დისტანციურად თანამშრომლობდა უცხოელ დამკვეთებთან. ერთი წლის წინ ბანკში მაღალანაზღაურებადი სამსახური დატოვა და დღეს მხოლოდ შეკვეთებზე მუშაობს. მისი თქმით, ეს მეტ თავისუფლებასა და შემოსავალს აძლევს, თუმცა დამწყებ სპეციალისტებს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებს ურჩევს.

 

.

ეკონომისტები უმუშევრობის აღმოფხვრის მოკლევადიან პერსპექტივას ვერ ხედავენ. სანამ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ზრდას დაიწყებს და მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება, ახალგაზრდებს ურჩევენ, გონივრულად მიუდგნენ პროფესიის არჩევას და გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველი სფერო მოიკვლიონ.

 

 

Powered by  Jumpstart Georgia