31 446 "გამქრალი" გოგონა

31 446…. 31 446…. 31 446…. 31 446… 31 446…. 31 446… 31 446… 31 446… 31 446… 31 446… 31 446…

უარყოფილი, არმონდომებული, სიცოცხლეჩამორთმეული, უფლებაჩამორთმეული, გადარჩეული, შერჩეული და არარჩეული 31 446 გოგო. გამართლებაა, როცა დაიბადები აქ, ამ ქვეყანაში და თან იქნები გოგო, რომელიც უნდოდათ და რომელსაც ელოდნენ.მაგრამ არიან ისინი, ვინც „იღბლიანი“ არ აღმოჩნდა.

“დაბადებამდე სქესის განსაზღვრა და სქესის მიხედვით ოჯახის დაგეგმვა კულტურული ფენომენია და მიანიშნებს, რომ ქვეყანაში გენდერული დისბალანსია. ეს ტენდენცია ზიანის მომტანია, როგორც პოპულაციის და სოციალური უწესრიგობის საფრთხის, ასევე კრიმინალის გაზრდისა და ადამინთა უფლებების დარღვევის კუთხით. ადამიანები დადგებიან ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლოატაციის და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე. “

ეს ამონარიდი შვეიცარიის სოციალისტთა ჯგუფის წარმომადგენლის დორის სტაპის ანგარიშიდანაა, რომლის გამოც ევროსაბჭოს ასამბლეამ საქართველოსა და ასამბლეაში შემავალ სხვა ქვეყნებს– ალბანეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს– სქესის შერჩევის საფუძველზე ლეგალური აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდა.

„არასასურველი სქესის" მოშორების გამო, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა შემცირდა. ექიმები ხშირად ამბობენ, რომ პაციენტები სქესის გაგების შემდეგ, ბავშვის გაჩენაზე ყოყმანობენ, მათ კი პაციენტის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2014 წლის ოქტომბერში აბორტის მიმართ რეგულაციები გამკაცრდა. 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურების ან სამედიცინო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„გენდერული ნიშნით სქესთა შერჩევა საქართველოში" - ამ სახელწოდების გამოკვლევა საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით აწარმოეს. მათი ინფორმაციით საქართველოში  სელექციური აბორტის შედეგად 1990-2010 წლების პერიოდში დაახლოებით 25,000 გოგონა „გაქრა.“ მათივე ინფორმაციით, თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდება, რიცხვი 2020 წლისთვის 40,000-მდე ხოლო 2050 წლისთვის  – 80,000-მდე გაიზრდება.

რა არის ზოგადად აბორტი?

აბორტი ანუ მუცლის მოშლა, ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტას ნიშნავს, რაც შეიძლება მოხდეს თავისთავად (ქალის ორგანიზმში მიმდინარე არასასურველი ცვლილებების ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად) ან ხელოვნური ჩარევის გზით.

აბორტს მრავალი მიზეზი გააჩნია, დღესდღეობით სამედიცინო კუთხით აბორტების მხოლოდ 10% კეთდება, დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული, რომელთა შორის არის ფსიქოლოგიური ზეგავლენა სოციუმის მხრიდან, როდესაც ქალბატონი არ არის გათხოვილი და წინა პლანზე იჭრება კითხვები : „რას იტყვის საზოგადოება“ ან „რას იტყვის ხალხი?“

აბორტის შემთხვევაში დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი ბავშვის მამას, რომელიც ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს ქალბატონზე და ოჯახზე. ასევე მძიმე ფინანსური მდგომარეობა, სამსახურის დაკარგვის საშიშროება და მრავალი სხვა შეიძლება იყოს მიზეზი ხელოვნური აბორტის გაკეთებისა.

საქართველო ისეთი ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა საზოგადოებაც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა გენდერული უთანასწორობის იდეოლოგიიდან, და რომლის მოსახლეობაც ქალსა და კაცს შორის „უკეთესსა და უარესს“ არჩევს.

ტერმინი „გენდერული სელექცია“, ან „სელექციური აბორტი“ არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა და გულისხმობს ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტას და ნაყოფის მოცილებას. იგი ძირითადად აზიურ ქვეყნებშია გავრცელებული და დამკვიდრებული, იქ, სადაც გენდერული უთანასწორობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მამაკაცს დომინანტის პოზიცია უჭირავს. ასეთი მიდგომის კომბინირებამ თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის შესაძლებლობებთან გენდერული სელექციის წარმოშობა განაპირობა.

ბიჭების მიმართ უპირატესობის ტენდენცია შეინიშნება ორი ტიპის ქვეყნებში.  პირველი, სადაც კულტურა ტრადიციული ხასიათისაა, რომელ კატეგორიასაც ჩვენი ქვეყანა განეკუთვნება და ქვეყნები, სადაც სპეციალური დემოგრაფიული პოლიტიკა არსებობს, მაგალითად, ჩინეთი.

სელექციური აბორტი საკმაოდ მძიმე საკითხია, რომელიც დღესდღეობით დგას საქართველოში. სელექციური ანუ შერჩევითი აბორტის ფესვები არ არის მე-20 ან 21-ე საუკუნის სენი, მისი ფესვები საკმაოდ შორიდან მოდის, იმ დროიდან, როდესაც ქალბატონი ანუ გოგონა გათხოვების შემდეგ მეუღლის ოჯახში გადადიოდა. ოჯახს კი ჰქონდა სურვილი და ე.წ „მოთხოვნა“, რომ ოჯახში უნდა ყოფილიყო გვარის გამგრძელებელი მამაკაცი, ამით ის არა მხოლოდ გვარს გააგრძელდებდა, არამედ ფაქტიურად ოჯახს სამომავლოდ პატრონი ეყოლებოდა. აქედან გამომდინარე შეგვიძია დავასკვნათ, რომ სელექციური აბორტების მიზეზები ქართულ კულტურაში უნდა ვეძებოთ. ქართული კულტურა პატრიარქალური კულტურაა, რომლის მიხედვითაც, ოჯახის გვარის გამგრძელებელი აუცილებლად ბიჭია.

ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მათვის მნიშვნელოვანია საკუთარი გვარის გაგრძელება. პატარა ოჯახების შემთხვევაში, ურჩევნიათ ჰყავდეთ ბიჭი და არა– გოგო, რათა გვარი არ დაიკარგოს. სელექციის ერთ-ერთი მიზეზიც ესაა.

2015 წლის 16 აპრილს IDFI-იმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2013-2014 წლებში საქართველოში ჩატარებული აბორტების რაოდენობის შესახებ. 2004-2012 წლებში ყოველწიურად შეინიშნებოდა როგორც ხელოვნური ასევე თვითნებური (თავისთავადი) აბორტების შემთხვევების ზრდა. აბორტების ყველაზე დიდი წილი 44% (სულ 13 961, მათ შორის ხელოვნური – 12 779) მოდის 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე. 2015 წელს საქართველოში 33,4 ათასი აბორტი დარეგისტრირდა, აქედან 15 წლამდე ასაკის გოგონებში - 9 ათასი. ყველაზე მეტი, 32 ათასამდე აბორტი 2014 წელს 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალბატონებმა გაიკეთეს.

2012 წლამდე აბორტების სტატისტიკა მზარდი იყო, შემდგომ, 2015 წლის ჩათვლით კი მცირდებოდა. 2017 წლის იანვარში გამოქვეყნდა სტატისტიკა სადაც ჩანს რომ წლის დასაწყისში აბორტი გაიკეთა 4312 ადამიანმა რაც შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ  წლის ბოლომდე აბორტების რაოდენობამ  სახიფათო ნიშნულს მიაღწიოს.

სელექციური აბორტის განხილვა დღეს უკვე სოციალური კუთხითაც შეგვიძლია, რადგან ძალიან ხშირია მამაკაცების მიმართ, რომლებსაც გოგონები უჩნდებათ, დამამცირებელი ფრაზები. არის შემტხვევები როდესაც მამაკაცი მალავს, რომ მას გოგო გაუჩნდა, აცმევს მას ცისფერ ტანსაცმელს, ცდილობს გაზარდოს ისე, როგორც გაზრდიდა ბიჭს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მჟღავნდება.

სექსის მიხედვით გადარჩევა აშკარად გამოხატული დისკრიმინაციაა სქესის საფუძველზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციის 14-ე მუხლი აწესებს ადამიანთა თანასწორობის პრინციპს, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე ძირითადი პრინციპია სამართლებრივ სისტემაში.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ოფისის თანამშრომლობით 2017 წლის ნოემბერში კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები გენდერულ ჭრილში განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკა.
1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 - გოგონა, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი - 59 249-ს.

ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში დედობის ასაკი გაიზარდა. 2016 წელს 25 წლიდან 29 წლამდე ასაკში უფრო მეტმა ქალმა გააჩინა შვილი, ვიდრე 20-24 წლამდე ასაკში. იზრდება ასევე 30-34 წლების ასაკში გაჩენილი ბავშვების რაოდენობა.

ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა სამხრეთ კავკასიის მთავრობებს მრავალჯერ მოუწოდეს ფენომენის შეფასებაზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ ზრუნვაზე. "პრენატალური სქესის შერჩევის ფენომენი უნდა დაიგმოს, რომელიც სათავეს იღებს გენდერული უთანასწორობის კულტურიდან და აძლიერებს ქალთა მიმართ ძალადობის ტენდენციას. მას აქვს მავნე შედეგები, როგორიცაა: მოსახლეობის დისბალანსი, დამნაშავეობისა და სოციალური არეულობის ზრდა, ადამიანთა უფლებების დარღვევის მაღალი რისკი, როგორიცაა ტრეფიკინგი ქორწინების ან სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით", - აცხადებს ევროსაბჭო. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით კი, თუ ასე გაგრძელდა, სელექციური აბორტები შობადობის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს, რაც ისედაც პრობლემაა საქართველოში. 2050 წლისათვის ჩვენს ქვეყანაში გამქრალი ქალების რაოდენობა მდედრობითი სქესის მოსახლეობის 4% იქნება.

Powered by  Jumpstart Georgia