21-ე საუკუნის ,,სოფლის ამბულატორიები”

გურჯაანის სოფლებში მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება ამორტიზირებულ შენობებსა და  დარღვეული სანიტარული და ჰიგიენური ნორმების პირობებში უწევს.  რიგ სამედიცინო გამოკვლევებს , მაგალითად პაპ ტესტს, სისხლის საერთო ანალიზს,  პაციენტები ხშირად იმის გამო ვერ იტარებენ, რომ ამბულატორიებში სველი წერტილები და კანალიზაცია არ არის. მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა  ახაშნისა და ვეჯინის ამბულატორიებშია.

 

ვეჯინის ამბულატორია
ახაშნის ამბულატორია

                           ვ ე ჯ ი ნ ი ს               ა მ ბ უ ლ ა ტ ო რ ი ა 

 

ელმირა ბეციაშვილი სოფელ ვეჯინის  ოჯახის ექიმია. მას უკვე წლებია პაციენტების მიღება მოძველებულ შენობაში და როგორც თავად ამბობს გაუსაძლის პირობებში უწევს.

 

ელმირა ბეციაშვილი- სოფ.ვეჯინის ოჯახის ექიმი

ვეჯინის ამბულატორიაში შენობის სახურავი, იატაკი, კედლები მთლიანად ავარიულია. სველი წეტილები არ აქვთ, რის გამოც  სანიტარული ნორმების დაცვა უჭირთ. წვიმის დროს კი პაციენტები  მოსაცდელში  ექიმს  ქოლგით ელოდებიან. ამბულატორია მეორე სართულზეა განთავსებული, შენობას პანდუსიც არ აქვს და ამიტომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ოჯახის ექიმის მომსახურებას პრაქტიკულად ვერ იღებენ.  ელმირა ბეციაშვილი  ამბულატორიაში შექმნილ მდგომარეობაზე მესამე წელია საჯაროდ საუბრობს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან.  მისი თქმით,  გურჯაანის გამგეობა დაპირდა რომ ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ამბულატორიის შენობას  აუშენებს.

 ვეჯინის ამბულატორია წლების მანძილზე  ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო,  ბოლო ორი წელია  რაც  გურჯაანის გამგეობის დაქვემდებარების ქვეშ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ გამგეობას მხოლოდ შენობის მოვლა-პატრონობა ევალება და არა თანამშრომლების ფინანსური უზრუნველყოფა.  ამჟამად ამბულატორიაში  3 ოჯახის ექიმი  და სამი  მედდა მუშაობს. სანიტარი არ ჰყავთ.  მათი საშუალო ხელფასი 400 ლარია. აქ პირველადი  სამედიცინო მომსახურება პაციენტებისთვის უფასოა.  

 

 

ელმირა ბეციაშვილი- ოჯახის ექიმი
გულნარა სიბაშვილი- სოფ.ვეჯინის მკვიდრი

                  ა ხ ა შ ნ ი ს         ა მ ბ უ ლ ა ტ ო რ ი ა 

 

ნათელა ნიკოლაშვილი- სოფელ ახაშნის ამბულატორიის ექთანი

ამორტიზებული შენობა, სველი წერტილების, კომუნიკაციების არარსებობა და დარღვეული სანიტარული ნორმები -  ამ პირობებში უწევთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიღება სოფელ ახაშნის მოსახლეობას. ოჯახის ექიმი, თამარ ელიზაბარაშვილი ამბობს,  რომ  უკვე ეშინია შენობაში შესვლის, რადგან ოთახებს, სადაც პაციენტებს იღებენ და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ, ახალი ბზარები ყოველდღე უჩნდება. პრობლემის მოსაგვარებლად  კოლექტივმა  არაერთხელ მიმართა გურჯაანის გამგებელს, თუმცა უშედეგოდ.

 

თამარ ელიზბარაშვილი- სოფელ ახაშნის ოჯახის ექიმი

გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ  ორივე სოფლის ამბულატორიის პრობლემის შესახებ იციან და საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგეს.  პრესსამსახურის  ინფორმაციით, ვეჯინში ახალი,  თანამედროვე სტანდარტების  ამბულატორიის შენობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან კეთდება.  სამუშაოები დაწყებულია და სავარაუდოდ სამ თვეში დასრულდება. გამგეობას,  ვეჯინის ამბულატორიის მშენებლობა 57 158 ლარი დაუჯდება.  რაც შეეხება სოფელ ახაშნის ამბულატორიას, პრობლემის მოგვარება სამომავლოდ გადადეს.

 

სოფ.ვეჯინში ახალი ამბულატორიის მშენებლობა
სოფ ვეჯინში ახალი ამბულატორიის მშენებლობა

ზვიად ბიაშვილი- გურჯაანის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი

 

ზვიად ბიაშვილი- გურჯაანის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი

სოფელ ახაშნის და ვეჯინის გარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლის ამბულატორიები შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. თუმცა პაციენტებს ყველანაირი სამედიცინო მომსახურების მიღება  ადგილზე არ შეუძლიათ, როგორიცაა , მაგალითად სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობა, , პაპ ტესტის აღება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, იმუნიზაციის ოთახის გამოყენება,  რის გამოც რაიონში უწევთ წასვლა, რაც მათ დამატებით ხარჯებსა და პრობლემებს უქმნის. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს,  ყოველდღე,  დაახლოებით 15 კილომეტრის გავლა უწევს რათა ჩაიტარონ  ესა თუ ის სამედიცინო პროცედურა.  ამბულატორიის ექიმებიც  გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რადგან თვლიან, რომ ისინი რაიონის საავადმყოფოებში და კერძო კლინიკებში მომუშავე კოლეგებისგან განსხვავებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.  მათ ხელფასიც დაბალი აქვთ და სამუშაო გარემოც  არა რელევანტური.

 

Powered by  Jumpstart Georgia